გახარია ივანიშვილზე იმიტომ განაწყენდა, რომ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მან აიღო სადავეები – მელია

ყველაზე საგანგაშო ჩემთვის რაც შეიძლება ყოფილიყო, პროცესი თავიდან ბოლომდე იყო უკანონო,  ასე აფასებს წულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარიას მისვლას, კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა მელია.

მისი თქმით, “გახარია ივანიშვილზე იმიტომ კი არ განაწყენდა, რომ მან უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, არამედ იმაზე, რომ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მან აიღო სადავეები.“

“ჩემი მიზანი არაა, თავს დავესხა გახარიას, რადგან მიზანი გაცილებით დიდია“, – ამბობს მელია.

”ყველაზე საგანგაშო ჩემთვის რაც შეიძლება ყოფილიყო, პროცესი თავიდან ბოლომდე იყო უკანონო. გუშინდელი დღის დაიჯესტი თუ შეიძლება გაკეთდეს, ბატონი გახარია, ივანიშვილზე იმიტომ კი არ განაწყენდა, რომ მან უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, არამედ იმაზე, რომ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მან აიღო სადავეები. ვერასოდეს გავიგებ, რატომ უნდა დავეკავებინე ვასილ მაღლაფერიძეს და რატომ უნდა შეეთანხმებინა პრემიერ მინისტრს ვასილ მაღლაფერიძესთან, მაკა ბოჭორიშვილთან, სუბართან და სხვებთან, ეს რა შუაში იყო. 

ის რომ ეს გუნდი ასე იღებდა გადაწყვეტილებებს და პოლიტიკური პატიმრები 2019-20 წლებში არსებობდნენ და დღესაც ხომ არსებობს და არსებობს, ბევრმა ვიცოდით და ბევრმა არა. ჩემი მიზანი არაა, თავს დავესხა გახარიას, რადგან მიზანი გაცილებით დიდია. არც ის იქნება ჩემი ამოცანა, რომ მომავალში თავს დავესხა ქალბატონ ზურაბიშვილს ან ნებისმიერ წინა ხელისუფლების მეხოტბეს და დასაყრდენ ბურჯებს. ის რომ მე სამსაჯური სახელმწიფოს ვესროლე არის სიყალბე და ტყუილი, რაზედაც თანხმდებოდა გუშინდელი “ოცნების“ ორივე მხარე. მე ის სამაჯური ვესროლე ბიძინა ივანიშვილს და ოლიგარქიას. გამოწვევა სახელმწიფოს კი არა ოლიგარქიას გავუკეთე, რომელსაც ახლა თავად გახარია სამართლიანად აკრიტიკებს,-ამბობს მელია.

ნიკა მელია ამბობს, რომ გიორგი გახარიას წულუკიანის კომისიაზე მისვლას ვერ გააპროტესტებს, რადგან მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება დასაფასებელია და მას ამის უფლება ჰქონდა.

“მან ეს ნაბიჯი გადადგა, არავის მორიდებია, წავიდა და 6 საათი ადვილიც არ არის, დადგე და იმ ადამიანებს ელაპარაკო, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ იერიში მოიტანეს შენზე“, – განაცხადა მელიამ გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას.

”მესმის გახარიასი, სპეციფიურ გარემოში იყო, სიტყვა არაერთხელ გაექცა, მაგრამ ის, რომ ამით ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია მოხდა ან მოხდებოდა, ეს ასე არ არის, რა თქმა უნდა, ვერ მოხდებოდა. დასაფასებელია მისი გადაწყვეტილება, მან ეს ნაბიჯი გადადგა, არავის მორიდებია, წავიდა და 6 საათი ადვილიც არ არის, დადგე და იმ ადამიანებს ელაპარაკო, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ იერიში მოიტანეს შენზე. მას ამის უფლება ჰქონდა, ეს გააკეთა, მთავარია, იყოს გულწრფელი“, – განაცხადა მელიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share