“ე.წ. საგამოძიებო კომისია თაღლითური კომისიაა. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება, რომ ჯაფარიძის, ოქრუაშვილის ან სხვათა ქმედებები დანაშაულს წარმოადგენდა, აბსოლუტურად უსამართლოა” – ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი შეფასებით, ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისია ანტიკონსტიტუციურია, რადგან ლომჯარიას განმარტებით, რეალურად, კომისია არა მხოლოდ “ქართული ოცნების” წევრებისგან, არამედ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგანაც უნდა იყოს დაკომპლექტებული.
საგამოძიებო კომისიის არანაკლებ ნახევარი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია, თავად ეს კომისია არ წარმოადგენს საგამოძიებო კომისიას, რადგან ანტიკონსტიტუციურია. არცერთი ოპოზიციონერი არ არის წარმოდგენილი იქ. ეს არის თაღლითური კომისია. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება, რომ ჯაფარიძის, ოქრუაშვილის ან სხვათა ქმედებები დანაშაულს წარმოადგენდა, აბსოლუტურად უსამართლოა. ისინი არ გამოცხადდნენ კომისიაზე, რომელიც არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით საგამოძიებო კომისიას. შესაბამისად, მათი არ გამოცხადება არ წარმოადგენს დანაშაულს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და კონსტიტუციითაც კი”. – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, ზურა ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში გუშინ, 22 მაისს დააკავეს. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. საქმე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის არგადახდას ეხება.
- თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრსაც, ირაკლი ოქრუაშვილსაც პატიმრობა შეეფარდა.
- ცნობისთვის, “ოცნების “საგამოძიებო კომისიაზე” არ მისვლის გამო, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს. 50 000-ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000-ლარიანი ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000-ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.