14 მაისიდან 12 ივნისამდე 101 ათასი დოლარი, ანუ თითქმის 300 ათასი ლარი “ქართულმა ოცნებამ” და მასთან დაკავშირებულმა გვერდებმა მხოლოდ სოციალურ ქსელში რეკლამებში დახარჯეს. პოლიტიკური რეკლამების 76% “ქართულ ოცნებასა” და მასთან დაკავშირებულ მედიაზე მოდის. ტოპ ათეულში “ქართული ოცნების” შვიდი გვერდია. ლიდერი პრემიერის გვერდია.
“ქართული ოცნება” საინფორმაციო დღის წესრიგის შექმნას სოციალურ ქსელებში დიდი ფულის ხარჯვით ცდილობს. ირაკლი კობახიძის და “ქართული ოცნების” გვერდებს პარტია ასპონსორებს, მთავრობის ოფიციალური გვერდის ხარჯები კი – ბოლო თვეში 10 ათას დოლარზე მეტი, სავარაუდოდ, ბიუჯეტის ფულია. რეკლამების აბსოლუტური უმრავლესობის მიზანი იმის დამტკიცებაა, რომ “ქართული ოცნება” იზოლაციაში არ არის და ლეგიტიმურია. მკვლევარების დაკვირვებით, პარტიასთან დაკაშირებული ანონიმური გვერდები ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევიან.
ვიზიტების შესახებ ინფორმაცია, ლიდერების კომენტარები, მილოცვები, ეკონომიკური მაჩვენებლები – ყველაფერი დასპონსორებულია. “ქართული ოცნების” გვერდების სამიზნე მილიონი ადამიანია, თუმცა, ძირითადად, დარეკლამებული პოსტებიც არ ამართლებს.
მკვლევარები ყვებიან, რომ პოლიტიკურ რეკლამებში დახარჯული თანხები ერთი საქმეა, მაგრამ მეორეა ე.წ ტროლ-ბოტების აქტიურობა, რომელიც პროპაგანდაში ივანიშვილის გუნდისთვის დიდ როლს თამაშობს.
ტვ პირველი