”კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, წულუკიანის კომისიაზე მეორედ დაიბარეს, ამჯერად “2012-2025 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებების” შესახებ.
“ივანიშვილის რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა დღეს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების მოთხოვნით მეორედ მიმართა პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიას.
ჩვენი პოზიცია უცვლელია – არცერთ ეტაპზე არ ვაპირებთ მივიღოთ რეჟიმის თამაშის წესები, მივანიჭოთ მცირედი ლეგიტიმაცია მაინც და ვითანამშრომლოთ ე.წ. კომისიასთან, რომელიც რეალურად ეროვნული ინტერესების ღალატსა და ისტორიის გადაწერას ემსახურება.
თანმიმდევრულობა, პრინციპულობა, შეურიგებლობა და ართანამშრომლობა, მათ შორის, არმონაწოლეობა არჩევნებად წოდებულ ფარსში, არის გზა გამარჯვებისკენ”. – წერს პარტია ახალი.
ცნობისთვის, ნიკა გვარამია კომისიაზე პირველად 8 აპრილს, “2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარებისა და, მომდევნო წლებში, შიდა და საგარეო პოლიტიკური პროცესების შესახებ” ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს. გვარამია სხდომაზე არ მივიდა.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო 17 აპრილს შეეფარდა. მას გირაოს გადახდისთვის 50-დღიანი ვადა მისცეს, რომელიც 7 ივნისს ამოიწურა. გვარამიამ გირაო არ გადაიხადა.
ამის შემდეგ, გვარამიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ შეუცვალა. ის 13 ივნისს დააკავეს.
გვარამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც 1 წლამდე ვადით პატიმრობას, ჯარიმას ან 3 წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას გულისხმობს.