აკრედიტაცია არ მისცეს საქართველოს უნივერსიტეტის პროგრამას, სადაც ხალხურ სიმღერას გიორგი უშიკიშვილი ასწავლის

სრულიად გაუგონარი, დაუსაბუთებელი და საგანგაშო პრეცენდენტი– ასე აფასებს, საქართველოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, არჩილ ჯანგირაშვილი, აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოს უნივერსიტეტის ქართული ტრადიციული მუსიკის საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია არ მიანიჭა.

ამ კურსს “ქართული ოცნების“ კრიტიკით გამორჩეული გიორგი უშიკიშვილი ხელმძღვანელობს.

”სრულიად გაუგონარი, დაუსაბუთებელი და საგანგაშო პრეცენდენტი! არასოდეს დამიპოსტავს იმ საკითხებზე, რომლებზეც უშუალოდ ვმუშაობ. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი უსიამოვნო და არასამართლიანი გადაწყვეტილების მომსწრე ვყოფილვარ, ყოველთვის თავს ვიკავებდი — იმ ზღვარის გამო, რომლის დარღვევასაც ვერც ძველი საბჭოები ბედავდნენ. მაგრამ ჩემს 14-წლიან პრაქტიკაში მსგავსი გაუგონარი, სამართლებრივი ჩარჩოებისგან სრულიად დაცლილი წარმოება არ მახსოვს. ამ ახალმა საბჭომ პირდაპირ გადაუსვა ხაზი ობიექტურობას და პროფესიონალიზმს.
საკითხი, რომელსაც ვგულისხმობ, უკავშირდება ახლად არჩეულ საბჭოს, რომელმაც აკრედიტაცია არ მიანიჭა ქართული ტრადიციული მუსიკის საბაკალავრო პროგრამას. გესმით, რაზეა საუბარი? როცა ყველა მაღალფარდოვანი გამოსვლა “ტრადიციების დაცვით” იწყება, დღეს უარს ეუბნებიან ქართული ხალხური მუსიკის პროგრამას — სფეროს, რომელიც გადაშენების პირასაა. მაშინ, როცა უნივერსიტეტი დიდ ინვესტიციას აპირებდა ამ ეროვნული საქმის გადასარჩენად, პასუხად მიიღო კატეგორიული უარი”-დაწერა სოციალურ ქსელში არჩილ ჯანგირაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights