რეჟიმის პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის თქმით, ბრალდების მხარე ამაღლობელს სასჯელის შემსუბუქებას ბრალდებების აღიარების სანაცვლოდ სთავაზობს.
“ბრალდების მხარეს ახალი და განსაკუთრებული არაფერი უთქვამს. ეს საპროცესო ზუსტად იმავე ოპერის ნაწილია, რასაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები პირველი დღიდან საჯაროდ სთავაზობდნენ – აღიარე, რომ აქედან ბომბეიმდე გვირაბს თხრიდი. ის ყველაფერი აღიარე, რაც დაგაბრალეს, რომ ვითომ პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდი, ვითომ ვიღაცების დაკავებაში ხელს უშლიდი, შემდეგ, ვიღაცის დავალებით თავი დაიცვი – ეს ყველაფერი აღიარე და სასჯელის შემსუბუქებაზე ვიფიქრებთო. ეს შესთავაზეს, იმიტომ, რომ ბრალდებას სხვა ხომ არაფერი აქვს.
კი მოვუსმინეთ, ბრალდებამ რაზე ისაუბრა და ბოლოს შესთავაზა, ყველაფერი დაიბრალე, რაც ჩვენ ვერ დავადასტურეთ და მერე ვიფიქრებთ სასჯელის შემსუბუქებაზეო […] მას ეუბნებიან, ამას გთხოვთ, ერთადერთი შანსი გაქვს, რომ პატიმრობას თავი დააღწიო – აღიარე, ყველაფერი დაიბრალე და შემდეგ ვისაუბროთ რამდენს და როგორ შეგიმსუბუქებთო […]
მზიას პოზიციაა ისაა, რასაც ამბობდა, რომ არც ის ჩაუდენია, რასაც აბრალებენ, რომ პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდა და მერე წინააღმდეგობას უწევდა – სისხლის სამართლის კოდექსის თვალსაზრისით, არც თავდასხმა ჩაუდენია”. – თქვა მწარიაშვილმა.
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
საქმის პროკურორის, თორნიკე გოგეშვილის თქმით, ბრალდების მხარე მზად არის, აქტიურად განიხილოს საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი.
“ჩვენი მიზანი იყო ქალბატონ მზიასგან მიგვეღო დეტალური ინფორმაცია, რასაც კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. პატიმრობიდან მალევე ქალბატონმა მზიამ შიმშილობა გამოაცხადა, წარმოუდგენელი იყო იმ პერიოდში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება….კონკრეტულად, ჩადენის მოტივი გვაინტერესებდა. სიწითლე არის დაზიანების ობიექტი.
პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს, […] ქალბატონი მზია დაკავებულებებზე განმარტებებს ითხოვს, რაც ვიდეო მასალაში ჩანს, შედის კომუნიკაციაში… ის ესაუბრება პასუხისმგებელ პირს. ცალსახაა, რომ ეს ქმედება – ჩამოქაჩვა და დარტყმა ხორციელდება. ბრალდებულმა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ეს იყო “თავკერძა კომუნიკაციაზე იმპულსური რეაქცია”…
ჩვენ მოვისმინეთ მოწმეთა ჩვენებები. სასამართლო ეყრდნობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ბრალდებული ჩვენებაში აქციაში მისვლის მიზეზს ხსნის, ციალა ქათამაძის და სხვა დაკავებულების სოლიდარობის მიზნით მივიდა.
სახეში დარტყმა არის ძალადობრივი ქმედება.
მოცემულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედება განხორციელდა. ქალბატონ მზიას ადგილზე რომ მამაკაცი ყოფილიყო და გაშლილო ხელი დაერტყა პოლიციელისთვის… მოცემულ შემთხვევაში გამოვლენილია ბრალდების ქმედება. ქმედება უშუალოდ ჯანმრთელობის ხელყოფისკენ იყოს მიმართული, ამას შესაძლოა მნიშვნელობა მიენიჭოს სასჯელის დანიშვნის დროს.
ცალსახად სახეზე არის პოლიციელზე სამსახურეუბრივი საქმიანობისას თავდასხმის ფაქტი. ყველა პოლიციელი სამსახურეობრივ საქმიანობს ასრულებდა აღნიშნულ აქციაზე. მიგვაჩნია, რომ ცალსაცად არის თავდასხმა.
ნამდვილად მნიშვენლოვანია ჟურნალისტიკა და პატივისცემას გამოვხატავ ამ პროფესიის მიმართ.
უტყუარად არის დადასტურებული წარდგენილი ბრალდება, ასევე, ბოლოს მინდა ვთქვა, რომ რაც საქმის განხილვა მიმდინარეობს დაცვის მხარეს არ მოუმართავს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, მიუხედავად ამისა, ჩვენ მზადყოფნას გამოვხატავთ, რომ ეს საკითხი აქტიურად განვიხილოთ”. – თქვა გოგეშვილმა, ინტერპრესნიუსის ცნობით.