რას ფიქრობს ყაველაშვილის მიერ პირველივე დღეს ხელმოწერილ კანონებზე და საიდან გეგმავს ბრძოლის გაგრძელებას – ცოტა ხნის წინ “პირველებმა” საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტთან გასაუბრება მოახერხა.
ზურაბიშვილი საშიშს უწოდებს იმ ნაბიჯებს, რომელიც რეჟიმმა გადადგა და ერთ დღეში 28 ისეთი კანონი აამოქმედა, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს.
პირველივე დღეს რეპრესიული კანონების მიღება არის ძალიან მიუღებელი, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
როგორც ჩანს პრეზიდენტს არც ის გაკვირვებია, რომ “ოცნება” მისთვის დაცვის სამსახურის მოხსნას გეგმავს.
ვიცოდი, რომ მიიღებდნენ იმ კანონს და ყველაფერს ველოდები, – თქვა პრეზიდენტმა.
“პირველები” დაინტერესდა, საიდან გააგრძელებს სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ახალ ოფისში მედიას ახალი წლის შემდეგ მიიწვევს.
გეტყვით, ჯერ უნდა დავალაგოთ იქ რაღაცები, არ მიგიყვანთ არეულობაში. ალბათ ახალი წლის შემდეგ, სანამ ყველაფერს იქ გადავიტანთ და მოვაგვარებთ, – თქვა დღეს ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება გუშინდელ სიტყვით გამოსვლას და მის ოვაციებით გაცილებას, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხალხმა კი არ გააცილა, არამედ “მიიღო”.
მაცილებდნენ კი არა, მიმიღეს, – თქვა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში, ერთპარტიული პარლამენტის მიერ ბოლო დღეებში დაჩქარებულად მიღებულ ადამიანის უფლებების შემზღუდავ სადავო კანონებს ხელი მოაწერა. რეპრესიულ კანონებად შეფასებული დოკუმენტი ძალაში დღეიდან შევიდა.