გურიის მოამბე

აფხაზეთიდან დევნილი -ზახაროვას რომ დავინახავ ტელევიზორში, გული მიკანკალებს

მე ვარ ლამარა გაბელაია. მალე 87-ე წელს დავამთავრებ.
ვარ აფხაზეთიდან დევნილი.
ჩემი მეუღლე პროფესორი კაცი იყო, მე მათემატიკის მასწავლებელი ვიყავი სოხუმში. მე-16 საშუალო სკოლაში ვმუშაობდი, ხან პარტორგანიზაციის მდივნად, ხან სასწავლო ნაწილის გამგედ, ხან – დირექტორად. ყველაზე მძიმე მოსაგონარი ჩემთვის ის 30 წელია, როცა პარტიის წევრი ვიყავი. 1989-90 წლებში დავწერე მოხსენებითი ბარათი, დავადე ზედ პარტბილეთი, მე თვითონ წავიღე ქალაქკომში და ქალაქკომის მეორე მდივანს ჩავაბარე. მთელი კვირა მირეკავდნენ, უკან რომ წამეღო, თორემ ორგანიზაცია დაიშლებოდა მე-16 სკოლაში, მაგრამ მე ის უკან აღარ დავიბრუნე და, მართლაც, ჩვენი პარტიული ორგანიზაცია ერთ კვირაში დაიშალა.
რუსების შემოჭრის შემდეგ, აფხაზეთში ცხოვრება ძალიან მძიმე იყო. ჩემს მეუღლეს ერთი დღითაც არ დაუტოვებია სოხუმი. ჩვენი სახლიდან 40 კილომეტრში, წებელდაში აგარაკი გვქონდა და მე და ჩემი შვილები იქ ვიყავით მარტონი, მეზობლების იმედად. ძალიან მძიმე ზამთარი იყო იმ წელს. 1993 წლის 27 სექტემბერს ჩვენ დავტოვეთ წებელდაც და წამოვედით სვანეთის გზით. გავიარეთ მართლა ჯოჯოხეთის გზა. კლინიკური სიკვდილიც მქონდა.
მოვდიოდით ექვსნი: მე, ჩემი მეუღლე, ორი შვილი, ჩემი სტუდენტი მამიდაშვილი და მაზლი – სიცხიანი, პოლკოვნიკი კაცი. გადავრჩით მაინც.
ყველაზე მძიმე ამ გზაზე ის იყო, როცა მიცვალებულებს ვხედავდით, ვუყურებდი, პატრონი როგორ ეფერებოდა, დასტიროდა და ბარიც არ ჰქონდა, რომ მიწისთვის მიებარებინა. ამ მიცვალებულებს ქვებს უწყობდნენ ირგვლივ და ისე ტოვებდნენ. ჭუბერში რომ ჩამოვედით, ბევრი მათგანი მერე იქ ჩამოასვენეს. კიდევ ერთი მომენტი მახსენდება, როდესაც პატარა შვილის დედამ მეუღლე და დედამთილი დაკარგა, რძე არ ჰქონდა, ამ ბავშვისთვის რომ ეწოვებინა და ბავშვი ჩხაოდა. ჩემ წინ მიმავალ სამ კაცს სთხოვა ამ ქალმა, ერთი წუთით დამიკავეთო შვილი. დაუკავეს და თვითონ მაშინვე ხრამში გადავარდა.
წიგნში – ,,სოხუმში დაბრუნება” – ეს აღწერილი აქვს ოდიშარიას. ეს წიგნი აქ ვიყიდე და ძალიან ვუვლი, ვუფრთხილდები. საერთოდ, წიგნები ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკას ვასწვლიდი სკოლაში, ბავშვობიდან ვკითხულობდი მხატვრულ ლიტერატურას. იმდენი რამე მაქვს წაკითხული ამ ომის შესახებ, აფხაზეთში რუსების შემოჭრის შემდეგ საქართველოს ისტორიაზე, როგორ შემიძლია სახლში დავჯდე?! არ შემიძლია.
აქ რომ ჩამოვედით, ჩემმა მამიდაშვილმა ექვსი თვე თბილად გაგვატარებინა ზამთარი. ექვსი თვის შემდეგ, მე შევძელი, რომ ვაშლიჯვარში, საერთო საცხოვრებელში როგორღაც ბინა მიმეღო, მაგრამ ერთი პირობით – ეს ბინა ეკუთვნის სვანს, დაკეტილია, გატეხე და შედი, იცხოვრეო. მე მათ ვუთხარი, დავრჩები ქუჩაში და მე არ გავტეხავ სხვის ბინას-მეთქი. მერე თვითონ გამიღეს და ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით 4 ადამიანი. ასე ვიყავით.
1995 წლის 20 აგვისტოს თბილისში გავხსენით აფხაზეთის დევნილ მოსწავლეთა საშუალო სკოლა და ამ სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ დავიწყე მუშაობა. მეორე წელს დირექტორად დამნიშნეს. 65 წლის რომ გავხდი, განათლების სამინისტროდან შემომითვალეს, უკვე წლოვანი ხარ, ამიტომ დირექტორობა უნდა დათმოო. კი ბატონო-მეთქი, ვუთხარი, თუმცა სკოლიდან არ წავსულვარ. დირექტორად დანიშნეს ქალი, რომელიც ჩვენს სკოლაში მუშაობდა და მერე მას ვედექი გვერდში, ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ სკოლას კარგი სახელი ჰქონოდა. იქ ძალიან ჭირდა მოსწავლეთა დასწრება გაკვეთილებზე, მაგრამ მაინც ვახერხებდით ამას ყოველთვის.
ყველაზე დიდ საფრთხედ მიმაჩნია დღევანდელი მთავრობა, რომელიც რუსეთისკენ მიგვათრევს. არის ასეთი ორტომეული – ,,ქართლის ცხოვრების ქრონიკები.” ვერ წარმომიდგენია ქართველი, რომელსაც თუნდაც ეს აქვს წაკითხული, სხვა რომ არაფერი წაეკითხა, და ის ცდილობდეს ქართველი ხალხის რუსეთის ქვეშევრდომობაში მოქცევას.
ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილებს, ასე მგონია, არასდროს გვექნება სურვილი, რუსეთის მონები ვიყოთ. მაგრამ აი, აქ, აქციაზე რომ ვდგავარ, ძალიან მწყდება გული იმაზედ, რომ ყველა დევნილი აქ არ გამოდის. სულ ვსვამ კითხვას – სად არის აფზახეთის მთავრობა? ჩვენი, აქ რომ არის განთავსებული, ის მთავრობა. მაგ მთავრობის საწინააღმდეგო რომ დაიწყონ რამე, პირველი მე მოვაწერ ხელს. ყოველდღე ველოდები, რას იტყვიან…
ზახაროვას რომ დავინახავ ტელევიზორში, გული მიკანკალებს. ის რომ ამბობს, ჩვენ მზად ვართ, საქართველოს მისაღებადო. თუ უკითხავთ – ქართველი ხალხი არის მზად, რუსეთის მონა რომ გახდეს?
მე აქ ვარ ყოველდღე. 28 ნოემბრიდან მოყოლებული, 5 დღე მაქვს გაცდენილი – ძალიან მძიმედ ვიყავი და როგორც კი უკეთესობა დამეტყო, იმ დღიდან დავიწყე ისევ სიარული შვილთან ერთად. თემქაზე ვცხოვრობ და ეს 87 წლის ქალი მარტო ვერ ვივლი. უმცროსი შვილი თავისი ქმარ-შვილით ამერიკაშია, სილიკონის ველზე, კალიფორნიის შტატში. მას ორი შვილი ჰყავს, უფროსი მეოთხე კურსის სტუდენტია კალიფორნიაში, უმცროსი მე-11 კლასის მოსწავლეა. ძალიან ჭკვიანი ბავშვები არიან. ჩემი შვილი ყოველთვის აქ იყო, მაგრამ წელს ვერ ჩამოვიდა ზაფხულში. ოქტომბერში აქ იყო და ისე ცუდად ექცეოდნენ, ემუქრებოდნენ ძალიან. მას არ შეუძლია, ჩუმად იყოს, იმდენი აქვს ნანახი და წაკითხული ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესახებ, ვერ მოითმენს, რომ არ თქვას.
იცით, რა? მაინც მგონია, რომ ტყუილებზე აგებული მთავრობა დიდხანს ვერ იარსებებს; და თქვენ თუ ყურადღებას აქცევთ, ალბათ დაინახავდით, რომ ეს მთავრობა ძალიან ბევრ ტყუილს გვეუბნება.
ეს მთავრობა არჩევნების გზით უნდა გავუშვათ. არა ძალისმიერი გზით, არამედ არჩევნებით, მაგრამ არჩევნები უნდა ჩაატაროს არა დღევანდელმა საარჩევნო კომისიამ, არამედ კომისიამ, რომელშიც იქნებიან მოუსყიდველი ადამიანები, ერთგული ადამიანები, ქვეყნის მოყვარულები, საზოგადოების პატივისმცემელნი. ასეთი ბევრი გვყავს ქართველებს.
საათს ვუყურებ, როგორც კი შვიდი საათი გახდება – შვიდი საათია? ესე იგი, უნდა მოვემზადო. დღეს საშინელი ტკივილები მქონდა თავის, მაგრამ არა, უნდა წამოვსულიყავი. მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, თუკი ბევრნი გამოვალთ. ამაში დარწმუნებული ვარ. აქ ჩემს სოხუმელებთან ერთად ვარ. აქ რომ კაცი იჯდა, ის გულრიფშიდანაა, მეორე კაცი დღეს არ მოსულა, სოხუმიდანაა… აი, დროშას რომ აფრიალებს, ძალიან ლამაზი ქალბატონი, ისიც სოხუმიდანაა.
ჩემი ყოფილი სკოლის, აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლებს მე ძალიან ვსაყვედურობ, აქ რომ არ დგანან ჩემ გვერდით. ვინც ჩემს დროს მუშაობდა, ის მაინც უნდა იდგეს, მაგრამ არ დგანან. იმიტომ არ დგანან, რომ ეშინიათ სამუშაოს დაკარგვის. მე ვთხოვდი ყველას, რომ მოვიდნენ. ჩვენ აქ არ ვქაქანებთ, ვდგავართ პატიოსნად, ზრდილობიანად, არც პოლიციელებს ვერჩით, არც სხვა ვინმეს, ოღონდ გვინდა, რომ ბევრნი ვიყოთ. ბევრია იმ სკოლაში დევნილი მასწავლებელი, თუნდაც კვირაში 2-3-ჯერ რომ მოვიდნენ.
აქ რომ არ არიან, ეს ძალიან მძიმე ასატანი ყოფილა. მე იმ სკოლაში მყავს მეგობარი ქალი, ყოფილი მეგობარი ქალი. ახლა მე მას მეგობარს აღარ ვეძახი. პირველი ტყვია რომ გავარდა სოხუმში, მის ქმარს მოხვდა. ამას ჩვენ ყველანი ძალიან განვიცდიდით. მერე აქ ერთად ვცხოვრობდით ვაშლიჯვრის საერთო საცხოვებელში. ყოველნაირად გვერდში ვედექით ერთმანეთს…
დღემდე მგონია, რომ მე სოხუმში დაბრუნებას მოვესწრები. 1959 წლიდან, იმ დღიდან, რაც პირველი კურსის სტუდენტი გავხდი, 1993 წლის 27 სექტემბრამდე სოხუმს არ მოვშორებივარ.
იქ იყო ჩემი სული და გული.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights