გურიის მოამბე

როგორ ქალებს ებრძვის „ოცნება“ რუსთაველზე – მათი ღირებულებები გენიტალიების ჩვენება და შუა თითია

„ქალი არ არის არცერთი, რაღაც სხვა ჯიშია“, „სად ხედავთ აქ ქალებს?“, „30 აკაცუკი მოვიდა საარჩევნო შტაბთან“ – ამ სიტყვებით მოიხსენია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ქართველი ქალები, რომლებიც მის საარჩევნო შტაბთან, „ოცნების“ პოლიტიკის გასაპროტესტებლად მივიდნენ.

შტაბიდან გამოვარდნილმა „ოცნების“ მხარდამჭერმა კაცებმა, ჯერ შუა თითი აჩვენეს პროტესტში მყოფ ქალებს, შემდეგ გენიტალიებზე მოიკიდეს ხელები, ბოლოს კი ქალებს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

კალაძის მხარდამჭერებმა იმ საღამოს სცემეს რუსიკო კობახიძეც, 9 შვილის დედა, მკვლევარი და მასწავლებელი.

როგორ ქალებს ებრძვის რეალურად „ოცნება“ საქართველოში და რა იწვევს რეჟიმის ბრაზს? – ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ რუსიკო კობახიძეს, რომელიც ამბობს, რომ ის კობახიძისგან ნამდვილად განსხვავებული „ჯიშია“, რადგან რუსთაველზე იცავს ღირებულებებს და ამ ქვეყნის თავისუფლებას.

  • ქალბატონო რუსიკო, იმ დღეს, როცა კალაძის მცველმა კაცებმა ქალებს სცემეს, თქვენც იქ იყავით. როგორი ქალები იცავენ დღეს საქართველოს თავისუფლებას, რა „ჯიშის“ ქალები დგახართ რუსთაველზე და რატომ ხართ მიუღებელი კალაძისთვის, კობახიძისთვის და, ზოგადად, „ოცნებისთვის“?

მე, პირადად, სულ არ მწყენია, რომ კალაძისთვის იმ ჯიშის ქალი არ ვარ, რომელიც მას მოსწონს.

მას ალბათ მოსწონს რიმა ბერაძე, ლალი მოროშკინა, ხატია სიჭინავა და მათი მსგავსი ქალები. მაგრამ, ზოგადად, რაზეც აკეთებს კალაძე აქცენტს, ეს არის ის, რომ მათ არ მოსწონთ მებრძოლი ქალები, რომლებიც სახლში არ სხედან, ან მთელ დროს არ ატარებენ „შოპინგებში“, თავის მოვლაში და ქუჩაში დგანან იდეისთვის.

რუსიკო კობახიძე

აკაცუკებს გვეძახის და მისი აზრით, ამით ჩვენს დემონიზაციას ეწევა, რომ ეს არ არის ქართველი ქალის სახე და ასე შემდეგ. მე მაქვს კითხვა, საიდან მოიტანეს, რომ ქართველი ქალი არის კდემამოსილი, სახლში ქმრის მორჩილი თუ რაღაც ასეთი და არააქტიური? მე მგონი, საქართველოს ისტორიაში და ქართულ მწერლობაში ჩვენ სულ სხვა ტიპის ქალები გვყავს.

„შუშანიკიდან“ დავიწყოთ თუნდაც, რომელიც წმინდანია, საკმაოდ უკმეხი და მებრძოლი ქალია არა? აგრესიულ ქმედებებიც ახასიათებს, სიტყვა-პასუხიც ასეთი აქვს და ვხედავთ როგორი მებრძოლი ქალია, როგორც აუჯანყდა თავის ქმარს.

ან „ვეფხისტყაოსნის“ ქალებზე არაფერი სმენიათ, ამ მაია წყნეთელზე ან ჩვენი თანამედროვე ქალები არ უნახავთ?

  • „ქართლის დედაც“ ხომ ხმლით არის წარმოდგენილი,თბილისის თავზე დგას და წესით ბევრჯერ უნდა ენახა კალაძეს.

დიახ. „ქართლის დედის“ დგომა, მისი შემართებაც ხომ ამას აჩვენებს. ან თუნდაც „კიდევაც დაიზრდებიან“, რომელსაც ასევე ხმალი უჭირავს ხელში და დგას ბავშვებთან ერთად, ეს ქალიც ხომ წელგამართული დგას. ეს არის ქართველი ქალის სახე და არა ის ქალები, რაც უნდათ, რომ შემოგვასაღონ.

  • თავდახრილი და მორჩილი ქალის სახე?

„ქალი ხარ და შენი ადგილი უნდა იცოდე“, აი, დაახლოებით ასეთი რამ უნდათ. თუმცა ეს არ ვრცელდება მათ ქოც ქალებზე. მაგალითად, წულუკიანი ძალიან ბევრს ლაპარაკობს და საკმაოდ უხეშადაც.

  • 9 შვილი გყავთ, ამის პარალელურად ეწევით საგანმანათლებლო საქმიანობას, იბრძვით იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და არ დაბრუნდეს რუსულ წარსულში, რომლის მძიმე გამოცდილებაც დღემდე გვახსოვს. „ოცნების“ მერი კი გეუბნებათ, რომ „არავის აინტერესებს მაგათი ხავილი და ჩხავილი“. რა შეგიძლიათ თქვათ ამ კაცზე, ვინც ასე ესაუბრება ქალებს ამ ქვეყანაში?

„ოცნება“ რაღაცნაირად იმ ნარატივზე ზის, რომ თურმე „ქალი ქალია, დედაა“ და თურმე რაღაც ოჯახურ ღირებულებებს იცავენ.

ცხრა შვილი 90-იანი წლებიდან 2005 წლამდე გავაჩინე. ეს საქართველოს ისტორიის ძალიან მძიმე პერიოდი იყო და არ იყო ადვილი ბავშვების გაზრდა.

ჩემი შვილებისთვის და სხვისი შვილებისთვისაც ღირსეული ქვეყანა მინდა და არა უსამართლო. მინდა შვილებს განვითარების საშუალება ჰქონდეთ, შეეძლოთ საზღვარგარეთ წასვლა, სწავლა და არა ისეთი ქვეყანა, სადაც არ შეეძლებათ თავიანთი სიმართლის დამტკიცება. ასეთი ქვეყანა ჩემთვის მიუღებელია.

მინდა თავისუფალი, გახსნილი საზოგადოება და ამის საშუალებას არ გვაძლევს რეჟიმი.

ყველა ორგანიზაცია აგენტებად გამოაცხადეს, ვინც ამ ქვეყნის განვითარებისთვის შრომობს – ადამიანებს ართმევენ იმის შესაძლებლობას, რომ დაიცვან თავიანთი უფლებები, ჯანმრთელობა და ასე შემდეგ.

კალაძის მხარდამჭერებმა საარჩევნო შტაბის წინ ქალებს სცემეს

ჩვენ გვეძახიან უზრდელ ქალებს და ამ დროს, მათ შეუძლიათ იარაღი დააძრონ აქციაზე, ქალებს სცემონ, საზიზღარი ჟესტები აკეთონ.

ეს შუა თითის ჩვენება და „გამოექანე მთაწმინდიდან“ კალაძის ლექსიკა არ არის? თავის თავს არაფერს უზღუდავს და თუ ვინმე მსგავსი ლექსიკით დაელაპარაკება, მათზე ამბობს, რომ მოძალადეები არიან. ეს ცნობილი პროპაგანდისტული მეთოდია, რომ არანორმალურებად და საზიზღრებად წარმოაჩინო ისინი, ვისი განადგურებაც გინდა.

მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ 21-ე საუკუნეა და ქალის აღქმაც სხვანაირია თანამედროვე საზოგადოებაში. ინფორმაციულად სივრცე გახსნილია და სხვათა შორის, ამიტომაც ებრძვიან ონლაინმედიებს, ტელემედიას, რომ ეს სივრცე დაახშონ, თუმცა ეს მცდელობა მარცხისთვის არის განწირული.

ამ ქვეყანაში თუ ვინმე რაიმეს აკეთებს, იქნება ეს მკვლევარი, პროფესორი, მხატვარი, მსახიობი, მასწავლებელი თუ მთამსვლელი, ყველას მტრად გამოცხადებას ცდილობენ.

  • „ოცნების“ მაღალჩინოსნების ცოლები არასდროს ყოფილან საზოგადოებრივად აქტიურნი. მათ შორის არც კალაძის ცოლი. ებრძვიან იმ ქალებს, ვინც შვილებსაც ზრდის, პროფესიაც აქვს და მოქალაქეობრივადა აქტიურიცაა. თქვენი აღქმით, რას უპირისპირდებიან ისინი რეალურად?

რეალურად, ეს არის ღირებულებათა ომი, ეს არ არის პარტიული ბრძოლა.

ეს არის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა – ამ რეჟიმს პირდაპირ მივყავართ რუსეთისკენ და იზოლაციაში აქცევს ჩვენს ქვეყანას, რაც წარმოუდგენელი დანაშაულია. ხელის გაწვდენაზეა დღეს ჩვენგან ევროკავშირი, ამხელა მხარდაჭერა აქვს საქართველოს და სწორედ ახლა იწყებენ ქვეყნის შებრუნებას რუსეთისკენ. მეორე, ეს არის ღირებულებათა ომი, რადგან არ შეიძლება შენი ქვეყნის მტერი იყოს შენთვის მისაღები.

  • თუმცა მათი პროპაგანდა ხალხს არწმუნებს, რომ ისინი იცავენ ღირებულებებს.

ჩვენ ვნახეთ რა არის მათი ღირებულებები – შუა თითი და გენიტალიების ჩვენება.

ვხედავთ, მათი მხარდამჭერი კაცები როგორ ექცევიან ცოლებს და შვილებს. სცემენ, უარყოფენ. ზოგი ფულის გათეთრებაზეა დაჭერილი და ზოგიც მილიონების მოპარვაზე. ესენია მათი მოსაწონი ხალხი.

  • კალაძის შემდეგ, კობახიძემაც დაგიწუნათ ქალობა. თქვა, რომ კალაძის ოფისთან თურმე „ნაცი ორკები“ და „მოკაცო ქალები“ იყვნენო. რეალურად, როგორი ქალები დგანან დღეს ქუჩაში თქვენთან ერთად, იქნებ მოვუყვეთ ამაზე საზოგადოებას?

ეს „მოკაცო ქალები“ მათი პირიდან ძალიან სასაცილოა – მათი არც კაცი ჰგავს კაცს და არც ქალი ჰგავს ქალს, ჩემი გადმოსახედიდან.

ჩემ გარშემო წარმატებული და მებრძოლი ქალები დგანან. ენის სპეციალისტები, მთარგმნელები, მსახიობები, მკვლევრები, ენათმეცნიერები, დიასახლისები და ძალიან ბევრი უნარის ადამიანია იქ.

დღეს ყველა ადამიანს უჩნდება განცდა, რომ ის დაუცველია. დაუცველია ძალადობის მიმართ, სასამართლო არ არსებობს, არა? შეიძლება ვიღაც კრიმინალი დაგესხას თავს და პოლიციამ არ დაგიცვას. ასე ინგრევა სახელმწიფო. ვინც ქუჩაში დგას, ყველას აქვს ეს საფრთხე გაცნობიერებული. დღეს პროტესტში უმეტესობა ქალია და აქედანაც ჩანს, როგორი ძლიერები აღმოვჩნდით ქართველი ქალები.

როცა ამ ქალების ბრძოლას ჩხავილს ეძახის პარტიის წარმომადგენელი, სრულიად არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულებაა ეს.

მათი ქალების ჩხავილი დააკლდათ? ყველამ ვნახეთ მათი ამომრჩეველი ქალების სახეები არჩევნების დღეს. არც სიუხეშე აკლიათ და არც ქცევა აქვთ მოსაწონი, მაგრამ ჩვენი სამართლიანი შეძახილი – არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“ ყოფილა ჩხავილი და მიუღებელი.

მათ შეუძლიათ ყველანაირი საზიზღრობა ჩაიდინონ და მაინც კაცი ერქვათ, მაინც ქალი ერქვათ, მაგრამ ჩვენს დემონიზებას ეწევიან.

მათი მოდელი არის ავტორიტარული რუსეთი და რუსული საზოგადოება, თუ მას საზოგადოება შეიძლება ეწოდოს, რადგან ეს არის მუდმივად მონობაში მცხოვრები საზოგადოება, რომელსაც არ იცის თავისუფლება რა არის. ჩვენ საზოგადოებაში კი თავისუფლების ინდექსი 35 წელია, ასე თუ ისე იზრდება.

უკვე ჩამოყალიბდა ისეთი თაობა, რომელსაც ვეღარ უკარნახებ, როგორ იცხოვროს.

ვფიქრობ, ვერ მოერევიან ამ თაობას, ვერ მოერევიან ქართველ ქალებს. ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია.

______________

მთავარი ფოტო: რუსუდან კობახიძე საპროტესტო აქციაზე/ფოტო: ფეისბუქის გვერდიდან

ბათუმელები

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights