გურიის მოამბე

„საბოლოოდ გავსწორდით წელში“ – ბიძინა ივანიშვილ

დღეს, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ, ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე „ქართული ოცნების“ ლიდერმა და ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ 80% დაუწერა.

ბიძინა ივანიშვილმა მხარდამჭერებს „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმართა. პარალელურად რუსთაველზე გრძელდება პროევროპული საპროტესტო აქცია.

„აკეთებენ იმას, რომ როგორმე გაგვასულელონ, როგორმე გაგვაგიჟონ, როგორმე გამოვიდეთ ისეთი მასა, რომ ხელისუფლება ვეღარ შევინარჩუნოთ…

როგორ შეიძლება, 80 პროცენტი პარტიას მხარს უჭერდეს და 10 ათასმა კაცმა გადატრიალება მოახდინოს? წარმოუდგენელია,“ – აღნიშნა „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 4 ოქტომბერს.

პროევროპული, მასშტაბური საპროტესტო აქციის პარალელურად, ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა აგენტურასა და „სუვერენიტეტის გაძლიერებაზე“, თუმცა ისევ არ უხსენებია რუსეთი და ვერც ის თქვა, სად, რა ნაწილში გაძლიერდა საქართველოს სუვერენიტეტი, როცა „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციურმა მთავრობამ პირდაპირ ჩაუკეტა გზა ქვეყანას ევროპისკენ და ევროპელი პარტნიორების გარეშე დატოვა.

„საბოლოოდ გავსწორდით წელში, აი, ეს არის რეალური შედეგი. ეს არის ის, რასაც იმსახურებს საქართველო, რასაც იმსახურებს ჩვენი ისტორია, რასაც იმსახურებს ჩვენი გენეტიკა…

თანამედროვე დაპყრობის მეთოდი გახლავთ აგენტურა. აგენტურის საშუალებით ჩვენზე დიდმა გაცილებით განვითარებულმა ქვეყნებმა დაკარგა სუვერენიტეტი. ვინც ერკვევით პოლიტიკაში, მე არ ჩამოვთვლი, არ არის საჭირო სცენიდან ამაზე საუბარი, მაგრამ ალბათ გეცოდინებათ, რომელი ქვეყნები იგულისხმება ამაში. ძალიან ბევრ ქვეყანას მიაქანებენ კატასტროფაში.

ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, რომელმაც მოახერხა და აგენტურა გაისტუმრა,“ – განაცხადა ივანიშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ჩატარდა „ოცნების“ მასშტაბური რეპრესიების ფონზე – ამ დროისთვის ქვეყანას ჰყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, მათ შორის არიან საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები, რომელთა მიმართაც არ არსებობს დანაშაულის ობიექტური მტკიცებულებები, აქტივისტები და პოლიტიკოსები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights