ირაკლი კობახიძე დაკავებების ახალ სერიას აანონსებს – “ქართული ოცნების” პრემიერი ამბობს, რომ დღეს ათონელის სასახლესთან მომხდარი დაპირისპირების ყველა ფიგურანტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნება მიცემული.
“დაელოდეთ, მკაცრი ზომები იქნება მიღებული მომდევნო დღეების განმავლობაში” – ამბობს კობახიძე.
მისი თქმით, 4 ოქტომბრამდე ვარაუდობდა, რომ 30-ზე მეტი “პირის დაჭერა მოუწევდათ”.
როგორც ჩანს მათ ჰქონდათ იმედი, რომ რეალურად იმაზე მეტი ადამიანი მივიდოდა დღეს ქალაქის ცენტრში, ვიდრე რეალურად მივიდა. როდესაც დაინახეს, რომ უკვე 20:00 საათი ხდებოდა და თავისუფლების მოედანი სანახევროდაც არ იყო შევსებული, მათ გადაწყვიტეს ეჩქარათ და იმთავითვე გადავიდნენ ძალადობრივ ქმედებებზე. მათ ჰქონდათ დაანონსებული კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა და იმისათვის კონკრეტული ზომებიც მიიღეს. ჩვენ გავაფრთხილეთ ეს ადამიანები, რომ მივიღებდით უმკაცრეს ზომებს, ეს მკაცრი ზომები იქნება მიღებული ქუჩაში დღეს, რა თქმა უნდა, აღიკვეთება ძალადობის ნებისმიერი მცდელობა, მკაცრი ზომები იქნება მიღებული მომდევნო დღეების განმავლობაშიც. რაც ჩვენ ვიხილეთ ათონელის ქუჩაზე, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და თითოეული ადამიანი, ვინ იყო ამ ძალადობაში ჩართული, მიეცემა პასუხისგებაში. ყველა მიმართულებით გვაქვს მკაცრი გაფრთხილება. მე ვივარაუდე, რომ 30-ზე მეტი უსინდისო მოძალადის დაჭერა მოგვიწევდა ამ ძალადობის ფონზე და ხედავთ, რომ რეალურად აქეთკენ წაიყვანეს პროცესები. დანარჩენი დაელოდოთ პასუხს, პასუხი იქნება მკაცრი ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.








