მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი-შუხუთელი გლეხი გრიგოლ ორაგველიძე. იგი ცხრა წელი ლანჩხუთის მამასახლისი იყო.
გრიგოლი არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნოდა. ის მებრძოლი გლეხობის წარმომადგენელი იყო. 1905 წელს გურიაში სულთანი კრიმ-გირეი ჩამოვიდა, რომელსაც დავალებული ჰქონდა გაეგო თუ რისთვის იბრძოდა გურიის გლეხობა.
კრიმ-გირეი ლანჩხუთსაც ეწვია. ხალხმა აირჩია დეპუტატები, რომელთაც გრიგოლი მეთაურობდა. შეხვედრის დროს გრიგოლ ორაგველიძემ ასეთი მოთხოვნები გააჟღერა: უსასყიდლოდ მიწების გადაცემა გლეხებისათვის, უფასო საყოველთაო სწავლების შემოღება, ერთიანი გადასახადის დაწესება შემოსავლის კვალობაზე და ხალხის მიერ არჩეული მთავრობა.
კრიმ-გირეი განცვიფრებული შეჰყურებდა მჭერმეტყველებით, გონებამახვილობით და თავდაჭერილობით გამორჩეულ მომხიბვლელ მოხუცს.
დამარცხდა 1905 წლის რევოლუცია. გურიას ესტუმრა დამსჯელი რაზმი გენერალ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით. გრიგოლი არაერთხელ იქნა მიგზავნილი მასთან. ერთხელ მთავარმართებლის წინაშეც წარსდგა. გრიგოლ ორაგველიძის დატუსაღებას ვერავინ ბედავდა. ის მაინც განაგრძობდა თავის საქმეს-ხალხის სამსახურს.
ფოტოზე შუაში- გრიგოლ ორაგველიძე.
წყარო : ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი