„მთავარ აქცენტებში“ სადაც ნაცმოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას მამა, ანზორ მელიაა მიწვეული, ამერიკიდან მომღერალი სოფო ნიჟარაძე ჩაერთო. ის ნიკა მელიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
„ნიკა ჩემი მეგობარია, ადამიანურად და მეგობრულად მე მის გვერდით ვარ. თუმცა ეს არ არის მიზეზი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე, ჩემი ქვეყნისავე ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მის მხარეს ვარ, რადგან ის ბრალდება, რასაც ნიკას ედავებიან, არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და რბილად რომ ვთქვა, უსამართლობა.
20 ივნისს უამრავი ხალხი იყო შეკრებილი მოედანზე, მათ შორის მეც და ვაპროტესტებდი აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლის პარლამენტის ტრიბუნასთან ყოფნას, იმ ტრიბუნასთან, საიდანაც ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
მგონია რომ ნიკამ და ყველამ, ვინც მის გვერდითაა, ისტორიის ნათელ მხარესაა. ბევრს არ აქვს ფუფუნება, რომ ისტორიაში შევიდეს როგორც გმირი და პატრიოტი, ვფიქრობ, რომ ნიკა ასეთია და ასე ჩაიწერება ისტორიაში.
მინდა ბატონი ანზორი აქედანაც გავამხნევო, მოვეფერო დიდი სიყვარულით და ვუთხრა, რომ ნიკას მხარეს სიმართლეა და მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან სიმართლე ბოლოს იმარჯვებს“, – თქვა სოფო ნიჟარაძემ.