გურიის მოამბე

„როგორ აღვზარდოთ ფსიქიკურად ჯანმრთელი ბავშვები“

გამოწვევები, სირთულეები და რეგრესული პერიოდი ყველას ცხოვრებაში გარდაუვალია. მასთან გამკლავება თითოეულ ინდივიდს მოუწევს, თუმცა, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვებს, რომ შედარებით უმტკივნეულოდ, უშფოთველად დაძლიონ სირთულეები და კრიტიკულ ვითარებაშიც კი შეინარჩუნონ სიმშვიდე.

ყოველდღიურ საზრუნავზე, შვილის საშინაო დავალებებზე და სკოლაში მიღებულ ქულებზე ფიქრის გამო მშობლებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ბავშვები შესაძლოა ვერ ავითარებდნენ სათანადო ფსიქიკურ უნარებს, რომლებიც მათ პასუხისმგებლიან, გაწონასწორებულ და ბედნიერს მოზარდებად ქცევაში შეუწყობს ხელს. აღნიშნული უნარების გამომუშავებას კი, ერთი მხრივ, ბავშვის ხასიათის სიმტკიცის, ხოლო მეორე მხრივ, მათი მაქსიმალური პოტენციალის გამოვლენის უზრუნველყოფა შეუძლია. იმისათვის, რომ ჩვენ გარშემო ფსიქიკურად ჯანმრთელი ბავშვები აღიზარდნონ, ფსიქოლოგები რამდენიმე რჩევას გვთავაზობენ:

მიაჩვიეთ ბავშვები, შეხედონ მოვლენებს რეალისტურად

ბავშვის მიერ მოვლენების აღქმისა და განსჯის უნარი მის ქცევასთან პირდაპირ კავშირშია. ამიტომ, ნეგატიურ ფიქრებთან გამკლავება თანამედროვე სამყაროში პატარების ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. ბავშვები ყოველდღიურად და, თანაც, გაცილებით მტკივნეულად ებრძვიან იმავე ტიპის ფიქრებს, რასაც –  ზრდასრულები: ეჭვი, კრიტიკის შიში, ე.წ. „კატასტროფული აზროვნება“, კომპლექსები გარდამტეხ გავლენას ახდენს მათი გონების კოგნიტურ პროცესებზე. მშობლები კი, უმეტესწილად, „ბავშვური“ პრობლემებისადმი გულგრილად და მსუბუქად არიან განწყობილნი, სათანადოდ ვერ აღიქვამენ ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობის სირთულეებს და ცდილობენ ისეთი ფრაზებით დაამშვიდონ, როგორებიცაა: „არაფერია სანერვიულო“, „ნუ მიაქცევ ყურადღებას“, „ყველაფერი მოგვარდება“ და სხვა. სინამდვილეში კი ბავშვები, რომლებიც ფიქრობენ, რომ „ყველაფერი თავისით გვარდება“, არასდროს იქნებიან მზად იმ გამოწვევებისთვის, რაც მათ ზრდასრულობის ასაკში ელით.

 

მდგომარეობიდან გამოსავლის სახით ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ პატარები საკუთარ თავთან საუბარს მივაჩვიოთ. მაგალითად, ბავშვი შეიძლება ფიქრობდეს: „მათემატიკა ჩემი ძლიერი მხარე არ არის, გამოცდას დამოუკიდებლად ვერასდროს ჩავაბარებ“. ამ დროს მშობელი უნდა ცდილობდეს, რომ მის შვილს ნეგატიური ფიქრების პოზიტიურით ჩანაცვლებაში დაეხმაროს. მან ბავშვთან ერთად პრობლემის გადაჭრის კონკრეტული ნაბიჯები უნდა დასახოს, რომ ბავშვი მიხვდეს: „ჩემი მათემატიკური უნარების გაუმჯობესება შესაძლებელია, თუ ვისწავლი კარგად, მასწავლებელს ვთხოვ დახმარებას და საშინაო დავალებას პირნათლად შევასრულებ“. დროთა განმავლობაში ბავშვი მსგავსი კონკრეტული გეგმის დამოუკიდებლად დასახვას შეეჩვევა და საკუთარი უნარების რეალისტურად აღქმას ისწავლის. დაეხმარეთ თქვენს შვილებს, იქცნენ „დეტექტივებად“, რომლებიც აფასებენ მტკიცებულებებს და აყალიბებენ მყარ არგუმენტებს. როცა ნეგატიური ფიქრებით არიან შეპყრობილები, ჰკითხეთ: რამ გაფიქრებინა, რომ მდგომარეობა ამდენად მძიმეა? რა მტკიცებულებით გაქვს ამის დასასაბუთებლად? დაეხმარეთ მათ, შევიდნენ დიალოგში საკუთარ თავთან და თავადვე უარყონ ან განამტკიცონ ის აზრები, რომლების სინამდვილეშიც, ერთი შეხედვით, ეჭვი არ ეპარებათ.

 

ასწავლეთ ბავშვებს საკუთარი ემოციების მართვა

აშშ-ში სტუდენტებთან ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, 60%-ზე მეტი ახალგაზრდა რეალური ცხოვრებისთვის ემოციური მზაობის ნაკლებობას განიცდის. ისინი აღნიშნავენ, რომ საკმარისად არ აქვთ განვითარებული ის ფსიქო-ემოციური უნარები, რომელთა საშუალებითაც ბრაზს, აგრესიას, მარტოსულობას და სევდას გაუმკლავდებიან. მშობლის მხრიდან მდგომარეობის გულგრილად შეფასება ბავშვს უქმნის განცდას, რომ მისი პრობლემები არასერიოზულია და ყურადღების მიქცევას არ საჭიროებს. მსგავსი დამოკიდებულება თაობათა შორის კონფლიქტის მიზეზიც ხშირად გამხდარა.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ შვილების გრძნობების უგულებელყოფა მათთან დიალოგით და ამ გრძნობებზე საუბრით ჩავანაცვლოთ. ავუხსნათ ბავშვს, რა იწვევს ამა თუ იმ გრძნობას და რა შეიძლება იყოს გამოსავალი. როცა ბავშვი ვერ ბედავს, თანატოლებთან ერთად დაკავდეს ექსტრემალური აქტივობით და ამას განიცდის, ავუხსნათ, რომ თავის შეკავება გამოწვეულია შიშით, შიში და შფოთვა მის გონებას აიძულებს, თავი დაიცვას და უარი თქვას მისთვის საშიშ აქტივობაზე, ეს კი სავსებით ბუნებრივი პროცესია. როცა ბავშვი საკუთარი გრძნობების სწორად სახელდებას და ანალიზს ისწავლის, როცა მიხვდება, რითაა გამოწვეული მისი ქმედებები, ის გაცილებით მშვიდად და თავდაჯერებულად იგრძნობს თავს და მეტი ბერკეტი ექნება იმისათვის, რომ დისკომფორტს მარტივად გაუმკლავდეს.

 

ასწავლეთ ბავშვებს პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღება

რეალისტურად აზროვნებასა და ემოციების მართვასთან ერთად, ბავშვმა გადაწყვეტილების მიღებაც უნდა შეძლოს. როგორც წესი, მშობლები ცდილობენ, შვილებს სირთულეები თავიდან აარიდონ, მათ ნაცვლად მიიღონ გადაწყვეტილებები, მათ გარეშე გაწერონ ბავშვის დღის წესრიგი და ა.შ. ასეთი მიდგომით პატარები გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას ვერ ისწავლიან.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ პასუხისმგებლობის აღებას ბავშვები პატარა ასაკიდანვე შევაჩვიოთ.  მათ საშუალება უნდა ჰქოდეთ, იმოქმედონ საკუთარი ღირებულებების შესაბამისად, დაუშვან შეცდომები და იპოვონ გამოსავალი არაკომფორტული მდგომარეობიდან. ასეთი მიდგომით აღზრდილი მოზარდები ცხოვრების ყველა ეტაპზე გაცილებით კონკურენტუნარიანები იქნებიან.

პრობლემის ცნობის, აღიარებისა და გადაჭრის ტექნიკებზე ფიქრი და მუშაობა ბავშვებს თავიანთი შინაგანი ძალის აღქმაში დაეხმარება. პატარებისთვის ისეთი უნარების სწავლება, როგორებიცაა: მცირე, მაგრამ დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა; საკუთარ თავთან საუბარი და მოვლენის არგუმენტირენული შეფასება მათ ფსიქო-ემოციური თვალსაზრისით ჯანსაღ ზრდასრულებად ჩამოაყალიბებს. როცა მშობელი შვილს აგულიანებს, რომ თავად მართოს საკუთარი ცხოვრება და აიღოს პასუხისმგებლობები, ეს დადებითად აისახება როგორც ბავშვის პიროვნულ ზრდაზე, ისე – თაობათა შორის ურთიერთობაზე.

წყარო: shorturl.at/guCNY

სტატია ვებ-გვერდისთვის თარგმნა ანა რურუამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: