“უკეთესი მომავლის იმედი საქართველოში, მილევის ზღვარზეა”

ევროპული ბლიც-მოლაპარაკება შენდობის დღეს ქრისტიანის, უფრო ზუსტად ქრისტიან დანიელსონის ხელმძღვანელობით…სიმბოლურია, რომ მაშინ, როდესაც მართლმადიდებელი სამყარო შენდობის დღეს აღნიშნავს, რაც შეცდომების გააზრებითა და სხვებისთვის პატიების თხოვნით გვირგვინდება, ქართველი პოლიტიკოსები, ევროკავშირის შუამავლობით ინტენსიური მოლაპარაკების დასკვნით ფაზაში არიან. არც ევროპელები და არც ქართული საზოგადოება მათგან წარსულის დავიწყებას და მით უმეტეს ერთმანეთისთვის შენდობის საჯაროდ თხოვნას არ ელის, მოლოდინი ქვეყნის საერთო მომავალზე შეთანხმებას უკავშირდება.

დღეს შანსი გვაქვს, მიზეზები კი არ დავივიწყოთ, რაც ამ რთული ისტორიის ქვეყნის პოლიტიკოსებს ერთმანეთისთვის წამოსაძახებლად მრავლად დაუგროვდათ, არამედ კომპრომისი ვიპოვოთ, რადგან უკეთესი მომავლის იმედი საქართველოში მილევის ზღვარზეა. საერთო მომავალზე შეთანხმება კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის 6-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში თანხმობის მიღწევას ნიშნავს. ანუ შარლ მიშელის ჩარჩო-ხელშეკრულებით, პირდაპირი გაგებით, ახალ ფურცელს გადავშლით ქვეყნის წინსვლისა და ევროპული მომავლის წიგნში. ხოლო თუ ვერ შევთანხმდებით, ეს წიგნი მყარად დაიხურება და მოგვიწევს ისტორიის მიერ სანაგვეზე გადასაგდებად გამზადებული, მტვრითა და სისხლით დაფარული საბჭოური საქაღალდის თაროდან ხელახლა ჩამოღება და რუსეთის წინამძღოლობით ბნელ წარსულში დაბრუნება. მოლაპარაკების მაგიდაზე, სადაც საქართველოს ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან ერთად არც მეტი არც ნაკლები ევროკავშირი ზის, ის 6-პუნქტიანი გეგმაა წარმოდგენილი, რომელზე შეთანხმებისა და რაც მთავარია აღსრულების შემთხვევაში თითქმის ყველა იმ მთავარ პრობლემას ეშველება, რომელიც ქვეყანას გასული 30 წლის განმავლობაში ტანჯავს და ჩვენს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას აფერხებს. საქართველოში სამუდამოდ დასრულდება ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრაცია; მივიღებთ კოალიციურ, ანუ დაბალანსებულ მთავრობას; აღარასდროს ვიდავებთ გაყალბდა თუ არა არჩევნები; სასამართლო და პროკურატურა კი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი იქნება. რაც ამ ქვეყანას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების რეალურ პერსპექტივას გაუხსნის, ინვესტორებისთვის პოზიტიური სიგნალს გააგზავნის, ბიძგს მისცემს არნახულ ეკონომიკურ ბუმს და ჩვენს მოსახლეობას ლუკმაპურის საძიებლად ქვეყნიდან გაქცევას გადააფიქრებინებს.

როგორც გადამწყვეტ მომენტში, სწორი სვლა თითქოს წაგებულ საჭადრაკო პარტიას იგებს; ბოლო წუთს გატანილ გოლს გაჰყავხარ საფეხბურთო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე, ან კიდევ, ბოლო წამს ჩაგდებული სამქულიანით ატრიალებ უიმედო საკალათბურთო მატჩს, ასეთ უნიკალურ შესაძლებლობად და ბოლო წამს მოპოვებულ გამარჯვებად შეიძლება იქცეს დღეს არსებული უმძიმესი კრიზისი საქართველოსთვის. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველო “ორივე ხელით” იბრძოლებს. თუ მოლაპარაკების მაგიდასთან მსხდომები, პირველ რიგში ხელისუფლება, თუმცა ასევე ოპოზიცია დაინახავენ ამ შესაძლებლობას, სწორ ნაბიჯებს გადადგამენ, რის შედეგადაც საქართველო კვლავ გახდება დასავლეთის ყველაზე წარმატებული პროექტი მთელს რეგიონში. ივანიშვილს ნამდვილად ჰქონდა შანსი ისტორიაში შესულიყო, როგორც დიდი სახელმწიფო მოღვაწე. ამისთვის მხოლოდ ის პირობა უნდა შეესრულებინა, რომლითაც პოლიტიკაში მოვიდა: სახელმწიფო და პოლიტიკური სისტემა გაეკეთილშობილებინა, რაც პირველ რიგში ძალოვანი უწყებების და სახელმწიფო ბიუროკრატიის დეპოლიტიზებას, პროფესიონალიზმსა და კონსტიტუციისადმი ლოიალობაზე დაფუძნებას ნიშნავს; სასამართლო და მედია სახელისუფლებო მარწუხებისგან გაეთავისუფლებინა; ძალაუფლებას თავად კი არ დაპატრონებოდა, არამედ სამართლიანად გადაენაწილებინა და რაც მთავარია გაღატაკებული ქვეყანა ფეხზე დაეყენებინა. ყველასთვის სამწუხაროდ ივანიშვილმა პირიქით იმოქმედა და ეს უნიკალური შესაძლებლობა სრულად გაფლანგა. მაგრამ დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო საქართველოს გამადიდებელი შუშით აკვირდება, ბრიუსელი და ვაშინგტონი კი ისეა ჩართული საქართველოს საკითხებში და დაინტერესებული კრიზისის მოგვარებით, როგორც არასდროს, ივანიშვილს კიდევ ერთხელ უჩნდება ისტორიული შანსი გადადგას სწორი ნაბიჯი, რითაც შეძლებს გამოასწოროს ყველა დაშვებული შეცდომა, დაიბრუნოს ყველა გაფლანგული შესაძლებლობა, ქვეყანაში მოახდინოს უდიდესი გარღვევა, გავიდეს პოლიტიკიდან გამარჯვებული და ისტორიაში მართლაც დარჩეს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ შემოქმედად. რაც ერთის მხრივ იქნება კიდეც მისი უსაფრთხოების და აქტივების დაცულობის გარანტი, მეორეს მხრივ კი მოუტანს სახელს, რომელსაც მილიარდებით ვერ იყიდი.

გიორგი თარგამაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share