ეროვნული ბანკის ინფორმაიცით, თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების გამო ადგილობრივ ბაზარზე ბენზინისა და დიზელის გაძვირებამ იმოქმედა, ჯამში 0.3 პროცენტული პუნქტით.
„მზესუმზირის ზეთის, შაქრის და პურის გაძვირების წვლილმა თვის ინფლაციაში სათითაოდ 0.1 პპ შეადგინა. საპირისპიროდ, იმერული ყველის გაიაფებამ თვის ინფლაცია 0.2 პპ-ით შეამცირა. წლიურად სურსათი 6.0 პროცენტით იყო გაძვირებული. იანვრის 3.6 პროცენტიანი ინფლაციიდან სურსათზე 1.7 პპ მოდიოდა, საიდანაც მხოლოდ ზეთზე, შაქარზე, კვერცხზე და პურზე 1.0 პპ. კვლავ მაღალი იყო სიგარეტის წვლილი (0.3პპ). ავტომობილის სათანადარიგო ნაწილებზე, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტებსა და ქორწინების ოქროს ბეჭედზე ფასების ზრდამ ინფლაციის მატებაზე ჯამში 0.6 პპ-ით იმოქმედა. ინფლაციის შემცირებაზე მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირება თებერვალში კვლავ მნიშვნელოვნად, 1.6 პპ-ით, მოქმედებდა, ამის გარდა, წლიური ინფლაციის შემცირებაზე ყველაზე დიდი გავლენა ბენზინის, დიზელის და გაზის საწვავის, (ჯამში 0.2 პპ-ით) და კარტოფილის გაიაფებას (0.2 პპ-ით) ჰქონდა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 6.3 პროცენტამდე გაიზარდა. მთლიან ინფლაციასა და საბაზო ინფლაციას შორის მნიშვნელოვანი სხვაობა მეტწილად ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადასახადის ზემოთხსენებულ სუბსიდირებას უკავშირდება. ასევე სახეზეა წინა პერიოდებში გაცვლითი კურსის გაუფასურების ეფექტი.
2020 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ხანმოკლე და ხანგრძლივი მოხმარების საქონელი შესაბამისად, 1.4 და 2.0 პროცენტით გაძვირდა. მომსახურებაზე ფასებმა 0.8 პროცენტით მოიმატა. საშუალო ხანგრძლივობის მოხმარების საქონელზე ფასები 1.4 პროცენტით შემცირდა.
წლიური მაჩვენებლების მიხედვით, ხანმოკლე, საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების საქონელი შესაბამისად, 3.2, 8.2, 11.8 პროცენტით გაძვირდა. მომსახურებაზე ფასებმა 1.9 პროცენტით მოიმატა”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიმოხილვაში.