ქართული კინოს ეპოქალური ვარსკვლავი 2018 წლის 8 აპრილს, 88 წლოს ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, აქტიურად განახლდა საუბარი იმაზე, თუ რატომ აღარ იღებდნენ ლეგენდარულ მსახიობს კინოში და რატომ აღარ ჩანდა, ის აქტიურად, ბოლო წლების განმავლობაში,
მისი რთული ცხოვრება კი, ღრმა ბავშვობიდან იწყება, როდესაც მამამისი, იმ დროს მაღალი თანამდებობის პირი მიხეილ აბაშიძე დაიჭირეს და ციმბირში გადაასახლეს. დედამ გადაწყვიტა, ქმარს, ციმბირში გაყოლოდა და ლეილაც თან წაიყვანა, სწორედ იქ იზრდებოდა ლეილა აბაშიძე.
მამის დახვრეტის შემდეგ კი, ისინი საქართველოში ბრუნდებიან. 1941 წელს ითამაშა პატარა კატოს როლი ფილმში „ქაჯანა”, სადაც პარტნიორობა, ეკრანის უდიდეს ვარსკვლავ ნატო ვაჩნაძეს გაუწია – კადრი ფილმიდან „ქაჯანა” (ნატო ვაჩნაძე და ლეილა აბაშიძე):
მაშინ, როცა ლეილა აბაშიძე ათეული წლების განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მსახიობი იყო და ის საბჭოთა კავშირის მასშტაბით, იმ მსახიობთა ხუთეულში შედიოდა, რომელთა ფილმებსაც, 20 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა. მისი განსაკუთრებულობა, მდგომარეობდა, საოცარ გარდასახვის უნარში, რომელიც მსახიობს ახასიათებდა.
მას შეეძლო ეკრანზე შეექმნა, ეპოქის გმირებისა და ქარაფშუტა გოგონების ერთმანეთისგან, სრულიად განსხვავებული სახეები:
ლეილა აბაშიძემ კარიერის მანძილზე, 22 ფილმში მიიღო მონაწილეობა და 14 მთავარი როლი შეასრულა. 50-60-იანი წლების მეგავარსკვლავი, თაყვანისმცემლებს, აძლევს ავტოგრაფებს მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
მის მიერ ნათამაშები მარინე ფერაძე, საბჭოთა კავშირის მასშტაბებსაც გასცდა. აშშ-ში „ჭრიჭინას” ჩვენების შემდეგ, ის ეკრანის უდიდეს ვარსკვლავს მერი პიკფორდს შეადარეს. „დეილი იორკერი”, იმ პერიოდში წერდა – „საბჭოელებს, თავისი ეკრანის ვარსკვლავი – მერი პიკფორდი ჰყავთ..”
თუმცა, ბრწყინვალე კარიერის მიუხედავად, ლეილა აბაშიძის კარიერა ყველასთვის მოულოდნელად დასრულდა.
თავად მსახიობი ამბობდა, რომ ყველა მისი როლი, ერთნაირად ძვირფასი იყო და ერთის გამორჩევა არ შეეძლო, მაგრამ განსაკუთრებით ამაყობდა იმ ფაქტით, რომ ფილმში „შეხვედრა წარსულთან”, გასახიერებული ტრაგიკული ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის (დრამატიზმისთვის და ტრაგიზმისთვის), საკავშირო კინოფესტივალზე პრიზით დაჯილდოვდა.
კადრი ფილმიდან „შეხვედრა წარსულთან“ (ლეილა აბაშიძე და იოსებ (სოსო) გოგიჩაიშვილი):
წორედ, ამ როლის შემდეგ, ის წარდგენილი იყო საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის ტიტულზე, თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა, ეს როლი იყო, ლეილა აბაშიძისთვის მწვერვალიც და ამ როლით დაიწყო დაღმასვლაც, რადგან ამ ფილმის შემდეგ, მის ცხოვრებაში, დიდხნიანი პაუზა დადგა.
ქალაქელი, ლამაზმანი გლეხის გოგონად რომ გარდასახულიყო, ჩითის კაბა ჩაიცვა და ფეხშიშველმა, ყანის გათოხნა გადაწყვიტა. საღამოს შრომით დაღლილი შარაგზაზე ჩამომჯდარა და შავ პურს შეექცეოდა დაღლილი, როდესაც ექსკურსანტებს შეუმჩნევიათ, შეცოდებიათ და საჭმელი შეუთავაზებიათ.
„ვერ მიცნეს ვინ ვიყავი. – ვიღაც უქნარა არის, თორემ ვის უჭირს ასე ჩვენს დროშიო? ეს ჩემთვის უდიდესი კომპლიმენტი იყო. იმ დღიდან ძალიან გამიადვილდა ამ როლზე მუშაობა”, – იხსენებდა ლეილა აბაშიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
ამ ფილმის შემდეგ, დიდი ხანს აღარ იღებდნენ ფილმებში, არ აძლევდნენ მთავარ როლებს…
„ლეილა იყო, ქართული კინოს ერთადერთი ნამდვილი ვარსკვლავი. მამამ მოიყვანა ის კინოში „ჭრიჭინას” როლით და დიდი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, მამამ დააბრუნა ბრწყინვალე დრამატული როლით ფილმში „შეხვედრა წარსულთან”. (კადრი ფილმიდან – „ჭრიჭინა“):
ლეილას გარდაცვალებით, ჩემი ბავშვობის ძალიან დიდი ფურცელი დაიხურა. დედა ადრე გარდამეცვალა, როდესაც „ჭრიჭინას” გადაღება დაიწყო მამაჩემმა, ლეილას ძალიან ვეცოდებოდი, სულ გვერდით ვყავდი და მეც არ ვცილდებოდი. ახალი თაობა თითქმის არ იცნობს ძველი ქართული კინოს ვარსკვლავებს, ეს ჩვენი დღევანდელობის ტრაგედიაა”, – აცხადებს ქეთი დოლიძე.
ლეილა აბაშიძის ფილმოგრაფიაში ჩამოწოლილი პაუზა, 80-იან წლებში დაირღვა, როცა რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ თავის ფილმში „ორომტრიალი”, მთავარი როლის შესასრულებლად მიიწვია.
ფილმი წარმატებული აღმოჩნდა – ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზი მიიღო რეჟისურაში, ლეილა აბაშიძით კი მსოფლიოს კინოს ლეგენდა, გრეგორი პეკი მოიხიბლა.
გრეგორი პეკისა და ლეილა აბაშიძის შეხვედრა, სწორედ, ტოკიოს მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, მაშინ გრეგორი პეკი ფესტივალის ჟიურის თავჯდომარე იყო და აშშ-დან ის სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა ტოკიოში, ლეილა აბაშიძე კი მთავარ როლს ასრულებდა ლანა ღოღობერიძის „ორომტრიალში”.
საქართველოდან კინოფესტივალს რეჟისორი ლანა ღოღობერიძე და ლეილა აბაშიძე ესწრებოდნენ. ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე, როდესაც პრიზების გამოცხადება ხდება, ქართულმა ფილმმა ჯილდო მიიღო საუკეთესო რეჟისურისთვის, რომელიც ლანა ღოღობერიძეს გადაეცა.
თუმცა, დაჯილდოების დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, 4000-იან საკურის ტოტებით საზეიმოდ მორთულ დარბაზში, კიდევ ერთხელ გაისმა ქართული გვარი. გრეგორი პეკმა მის ფილნალურ სიტყვაში მოულოდნელად ასეთი რამ თქვა:
„ბედნიერი ვარ, რომ ამ ფესტივალის ფარგლებში, ვნახე, ორი სრულიად გამაოგნებელი მსახიობის ლია ელიავასა და ლეილა აბაშიძის არაჩვეულებრივი შესრულება და სინანული მიმყვება ამერიკაში, იმის გამო, რომ რადგან ფილმმა რეჟისურისთვის მიიღო პრიზი, ეს ქალბატონები, ჯილდოს გარეშე დარჩნენ“.
„ეს ისეთი მოულოდნელი და ამაღელვებელი იყო, ლეილა მაშინ იქ იყო ჩემთან ერთად, ლეოპარდის ტყავის კაბით, რაც ფილმში აცვია და ულამაზესი შლაპით. ამის გაგონებაზე, ის წამოხტა სავარძლიდან, საჰაერო კოცნა გაუგზავნა გრეგორი პეკის, იმან იქედან ხელი დაუქნია – მართლაც, მშვენიერი წუთები იყო..” – იხსნებეს ლანა ღოღობერიძე.
მაგრამ ამ წარმატების შემდეგაც, ლეილა აბაშიძეს კვლავ არ აძლევდნენ მთავარ როლებს. მსახიობი, ბოლო წლებში იხსენებდა, რომ როცა ახალგაზრდა იყო, ვერ ხვდებოდა, რომ მისი შურდათ. ეგონა, რომ ის მიღწევები, რაც მას ჰქონდა, ყველას უხაროდა გარშემო, თუმცა, ასე არ აღმოჩნდა:
„ჩამოვიდოდი უცხოეთიდან, ჩემი წარმატებების შესახებ, ყველას ვუყვებოდი. მეგონა მათაც უხაროდათ, თქვენც არ მომიკვდეთ, თურმე მტრებს ვიძენ, თურმე ჩუმად უნდა იყო, არ ვიცოდი.” – ამბობდა ლეილა აბაშიძე.
მრავალწლიანი პაუზის შესავსებად, ლეილა აბაშიძემ 1980 წელს კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, მან თავად დაწერა სცენარი და გადაიღო მხატვრული ფილმი „თბილისი, პარიზი, თბილისი”, სადაც ქართული კინოს ვარსკვლავებთან ერთად, მთავარი როლი თავადაც შეასრულა, თუმცა, ფილმი წარმატებული არ აღმოჩნდა. ლეილა აბაშიზე ფილმიდან „თბილისი, პარიზი, თბილისი“ 1980 წელი:
ქართველი კინომსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ლეილა აბაშიძე წერდა – „ჩვენი სიცოცხლე ხანმოკლე გასეირნებაა მარადიული ძილის წინ, მე არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც არ აფასებენ სიცოცხლის ყოველ წუთს.. მე საკმაოდ მძიმე ცხოვრება გამოვიარე და მუდამ დაუოკებელი სურვილი მქონდა, ბედნიერი ვყოფილიყავი. ეს წყურვილი დღესაც მკლავს.”
„ლეილა აბაშიძის წასვლით წავიდა ეროვნული ლეგენდა.. ეროვნული იმიტომ, რომ აი, მისი მაია წყნეთელი საბჭოთა კავშირში გადაღებულ ფილმებში უცებ იქცა ეროვნული თავისუფლების სიმბოლოდ.
და ეს უცებ მოვარდნილი სიყვარული, ყველაფერ ამას განასახიერებდა, ბევრისთვის, ლეილა გახდა თავისუფლების იდეის მატარებელი..” – განაცხადა კინორეჟისორმა ნანა ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული მსახიობი დაიბადა 1929 წლის 1 აგვისტოს ქ. თბილისში და გარდაიცვალა 2018 წლის 8 აპრილს. 1968 წელს, დაჯილდოვდა ლენინგრადის III საკავშირო კინოფესტივალის პირვალი პრიზით ფილმში –„შეხვედრა წარსულთან”, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.
1997 წელს კი, ტოკიოს II მსოფლიო კინოფესტივალის I პრიზით. 2009 წელს კინოთეატრ რუსთაველის წინ, ლეილა აბაშიძის სახელობის საპატიო ვარსკვლავი გაიხსნა.
ლეილა აბაშიძე საკუთარი ანდერძის თანახმად დედის გვერდით, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.