ფილოლოგი, პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში აქვეყნებს შეგონებებს “პატარა და დიდი ბიჭებისთვის” იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა ეკამათონ საყვარელ ქალს.
გთავაზობთ პოსტს:
“რატომ არ უნდა შეეკამათო საყვარელ ქალს?
(ათი მცირე შეგონება პატარა და დიდი ბიჭებისთვის)
- შეიძლება არ მოეწონოს – ეს ყველაზე დიდი და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ამ სოფელში არც მთავრდება;
- რომც მოუგო, იმ დღეს თუ არა, სხვა დროს მაინც წააგებ – და არა ერთხელ;
- კამათში დამარცხებისას მისი მშვენიერება იმალება, რაც შენს გამარჯვებას აუტანელს ხდის;
- მისი დამარცხება იმდენად იშვიათია, რომ სახსენებლად და შეჩვევად არც ღირს – უფრო მეტი ყალბი განცდა ილუზიების მაღაზიაშიც დეფიციტია;
- ეს იმიტომ ხდება, რომ სათანადო არგუმენტები და დეტალები მას გაცილებით უკეთ და სრულად ახსოვს – ამ ტიპის მახსოვრობის ან მიხვედრილობის შედარებისას შენი შანსები ნულია;
- კრიტიკულ ვითარებაში ერთს გაიღიმებს და წინარე მიღწევები განზე დაგრჩება – ეს აბსოლუტური იარაღია;
- მის მხარეს იქნება ყველა ქალის ადრინდელ გამარჯვებათა ძალა, მაშინ როდესაც შენ მხოლოდ ინდივიდუალურად გაირჯები – ქალთა სოლიდარობის ძალა დედამიწის სხვა მოსახლეებისას ხარისხობრივად აღემატება;
- ათასში ერთხელ წაგებულ კამათს ის არ დაივიწყებს და ვაგლახად გაგახსენებს ნებისმიერ საჭირო შემთხვევაში – მაგალითად, უფსკრულის პირას სეირნობისას;
- მისი მარცხის საფასურს ნებისმიერ შემთხვევაში შენ გადაიხდი – ეს გარდაუვალი კომპენსაციაა;
- თუ გაიმარჯვე, ისე შემოგხედავს, რომ სამყაროს არსებობის პირველი წამისა და საკუთარი დაბადების შეგრცხვება;
- პირველი ცხრა ამბავი ვერ გაიგე ან არაფრად ჩააგდე? – სჯობს ახლავე მიხვიდე და წინასწარ ბოდიში უთხრა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენს სახლზე დაუყოვნებლივ გაჩნდება წარწერა: “აქ ცხოვრობს სულელი”. ჯერ კიდევ ძველები ამბობდნენ: “არსებობს ქალის მართვის ორი გზა. პირველი – დაემორჩილო, მეორე კი არავინ იცის” – წერს მურღულია.