ფოტო
ადამიანის სიკვდილის ამბავს შეცხადებით გავიგებდით. საღამოს ან ღამით გარდაცვლილს ადრე დილამდე არ შეიცხადებდნენ, აცდიდენ სოფელს გაღვიძებას. ვინც არ იცის, შეცხადება უთავბოლოდ კივილი ჰგონია, არადა სხვანაირადაა საქმე, ოჯახის მგლოვიარედ გამოცხადების ამბავია. რომც იცოდე გარდაცვალების შესახებ ვერ მიხვალ ნუგეშის საცემად “შუუცხადიებელთან”, არაა წესი.. ძალიან იშვიათად, ოჯახისთვის შეურაცყოფის მიმყენებელ, უკადრებელის მკადრებელსაც შეიცხადებდენ ცოცხლად და ოჯახი მგლოვიარედ გამოაცხადებდა თავს..
სამძიმარზე ჯგუფ ჯგუფად, ერთად დავდიოდით მეზობლები, ელოდებოდნენ, უცდიდენ ერთმანეთს, წინ ქალები, ცოტა უკან კაცები. ბაბუა სულ მასხრობდა თალიკო მამიდაზე “მაგას რუმ დუუძახებ არიქა წევედით ხაზირი ვარო, ეეე მაშინ ჩახტება ტაშტში..”
ტირილის დღესაც მალე დათქვამდენ და გამგესაც დანიშნავდენ საქმეების გასაძღოლად. გაშლიდენ ოდაში საშალს…
ტირილამდე ყოველ დღე, რიგ რიგობით გადაგვქონდა მეზობლებს მგლოვიარე ოჯახში სამარხვო სადილი, ტილოებ გადაფარებული ლანგრებით, ოჯახის წევრებისთვის და სხვა სოფლებიდან მოსული ნათესავების გასამასპინძლებლად. ტირილამდე ორი დღით ადრე კაცები ჩახნებს, სამფეხებს, ემალის დიდ გობებს მოაგროვებდენ, შეშას მოამარაგებდენ და დაასაყადელებდენ, ქალები ბრინჯის რჩევას და თხილის დატეხვას იწყებდენ, ოჯახის წევრებს არაფერი არ ევალებოდათ გლოვის გარდა, ყველაფერს მეზობლები აწესრიგებდენ და აგვარებდენ. ქალს ქალის საქმე და საკეთებელი ჰქონდა, კაცს კაცის და ბავშვს ბავშვის.
ოზურგეთელ ჩაჩნებთან ნაყიდი შავი საღებავით შეღებავდენ ტანისამოსს შავად, რომელიც არასდროს არ გამოდიოდა შავი და სულ წყევლიდენ ჩაჩნებს გურულები : “მესპო თქვენი აქანე ჩამომთესლებელი და არ დაგელიონ სანგლოვი, რაფერ თქვენ აფერში კაცს არ წაადგებით ააააა” არინა მკერავიც აუცილებლად გაჭრიდა შავ სატინას გარდაცვლილის სახელზე. შავ ტილოს გააკრავდენ კაცები დუშაღზე.
ტირილის დღეს ოჯახი მზად იყო სამძიმრის მისაღებად, ახლობლების, თანასოფლელების ნათესავების სამასპინძლოდ. შესაწევარის აღება თუ მთლად წყალწაღებული არ იყო ოჯახი სირცხვილად ითვლებოდა და თუ მაინცდამაინც იყო ამის აუცილებლობა ლუკა ბიძიას მორიდებით დასვამდენ პარმაღიან უკანა ოთახში, პატარა ჩემოდნით და რვეულით.
ოჯახის ნათესავებს თან მოყვებოდა მათი მეზობლები და ახლობლები გეივსებოდა ეზო. ბავშვებს ჭიშკართან დაგვაყენებდა გამდე, ოზურგეთში ანგელინა თოიძის საყვავილეში შეკვეთილ გვირგვინს ჩამოვართმევდით სამძიმარძე მოსულებს და კიბის მოაჯირზე სინით მივაკონავდით, გაიჭანტრებოდა კიბე თავიდან ბოლომდე. ოდის კიბესთან მაგიდას დადგამდენ და გადააფარებდენ, ქუდების დასადებად. მაგიდაზე აუცილებლად იდგა შუშის მწვანე, ყურძნის მტევნებიანი გრაფინი ცივი წყლით და ჭიქებით. ბავშვების მოვალეობა იყო, გრაფინი შეგვევსო ჭიდან ამოღებული წყლით.
საფლავს ჭანდრისძირში ნათესავი ბიჭები გაჭრიდენ, მათთან სადილის, კალათით ატანაც ჩვენ გვევალებოდა. გამოსვენებამდე გამგე შეგვკრეფდა, ჯერ გადიდებულ სურათს გამოგვატანდენ და მერე ყვავილებს და გვირგვინებს დაგვიწყობდენ მკლავზე. დაგვარიგებდენ, უნდა გავძღოლოდით წინ და თითქმის მთელ ყვავილს გავფენდით გზაზე სახლიდან სასაფლაომდე.
გამოსათხოვარ სიტყვას უსათუოთ იტყოდა რეზიკო ან დარეჯან შევარდნაძე რომელიც ყოველთვის ასე იწყებოდა: ” მეგობრებო, მეზობლებო, ნათესავებო, მოყვრებო, …”
სასაფლაოდან შინ დაბრუნებულები ჭიშკართან დავხვდებოდით სტუმრებს, ემალის ჩაიდნებით და გახამებული ჩაის ტილოებით მხარზე, ყველა ეზოში შესული წაიბანდა ხელს წყალღვინოით.. შინ მობრუნებულ ჭირისუფალს, გულსაკლავად აუცილებლად დაახვედრებდენ რომელიმე მსხმოიარე ხეს მოჭრილს და ოდის ფანჯარას ჩატეხილს..”ამაზე გადიარსო” იტყოდენ, წესი იყო ასეთი.
შინაურები, მგლოვიარეები ორომოც დღეს ხორცს კბილს არ დაადგამენ, ჭირის სუფრა მეტისმეტად მოკრძალებული და იოლი ვიცოდით. ოჯახის დაფასებად ითვლებოდა ბოლომდე დარჩენა და გარდაცვლილისთვის პატივის მიგებად.
ბებიას სირცხვილად მიაჩნდა სადმე რომელიმე ტირილს გამოკლებოდა და არც დააკლდებოდა. იტყოდა ” ქოწილში წუუსლელობას აფერი არ უჭირს, უჩემოთაც ჩეიარს, ტირილში წუუსლელობა სირცხვილია და თავის მოჭრა”
ბოლოს ვეღარ დადიოდა, აღარ შეეძლო და ჩვენ გვაიძულებდა სიარულს ყველგან. უკან დაბრუნებულები აუცილებელ შეკითხვებზე პასუხს ვერ ვარიდებდით თავს:
“თუ ტიროდა და ვინ ტიროდა ხმით?
თუ ეხურა ციცას თავზე შავი?
წერა ქონდენ თუ ოჯახმა ითავა?
გამგე ვინიყო და ხარჯი თუ ქნეს შესაფერი”?
და მისთანები..
ახლა, რომ გადმოგახედა და დაგანახა რა დღეში ვართ ჩემო ბებია…
Gardenia shevardnadze