თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო. პარლამენტის წინ შეკრებილი ლიდერები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
მათი ნაწილი შედეგებს არ აღიარებს და ამბობს, რომ სიაში გასული დეპუტატები პარლამენტში არ შევლენ. ნაწილი კი ამ საკითხზე ჯერ კიდევ შიდა კონსულტაციებს მართავს.
ამ დროისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უბნების 96.85% აქვს დათვლილი. ცესკოს მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ ხმების 48,06% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ – 27,07%, ხოლო ევროპულმა საქართველომ – 3,79%.
ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს და დღეს, 1-ელ ნოემბერს, 16:00 საათიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციებს აანონსებს. ერთ-ერთი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იქნება.
გარდა ამისა, ოპოზიციის ლიდერები შემდეგ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გადიან.