მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება.
აღდგომის შემდეგ, იესო ქრისტე ხშირად ეცხადებოდა მოწაფეებს და ღმრთის სასუფევლის შესახებ ესაუბრებოდა. იესო ქრისტე მოწაფეებს უკანასკნელად აღდგომიდან მეორმოცე დღეს გამოეცხადა, აიყვანა ზეთისხილის მთაზე, უთხრა, არსად წასულიყვნენ იერუსალიმიდან, ვიდრე მათზე არ გადავიდოდა სულიწმინდის მადლი, რის შემდეგაც ქრისტიანობის გასავრცელებლად განსაკუთრებულ ძალას მიიღებდნენ. ამ სიტყვების შემდეგ მოწაფეები აკურთხა და მათ თვალწინ ზეცად ამაღლდა.