ზურაბ გურული – ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი;
“ვინც მოკვდა, თავსა მოუკვდა,
ვინც დარჩა” …
ვინც დარჩა …
რას იზამს? …
იქ სადაც სიკეთე ლაჩარია, უძალოა, იმპოტენტია, ბოროტება ამოუძირკვავია.
აქსიომაა. ურყევი აქსიომა.
იციან თალიბანებმა, რომ ბოღმის, გესლის, სისასტიკის ძალად გარდაქმნა ადვილია; ადვილია იმიტომ, რომ ბოროტება მყარია, ხორცშესხმული; სიკეთე კი უსხეულოა.
სიკეთეს მხოლოდ რწმენა აქცევს ძალად.
თალიბანებს სწამთ თავიანთი რწმენის, ამიტომ უძლეველები არიან. ავღანეთი მათია ამიტომ.
ირანელებს უყვართ თავისუფლება, ცხოვრებისეული სიამოვნებანი, არავისზე ნაკლებად, მაგრამ აიათოლებისაა ირანი. იმიტომ რომ აიათოლებს შეუძლიათ ამწეებზე ჩამოჰკიდონ ყველა, ვინც მათ შეეწინააღმდეგება. კეთილი ირანელები გარბიან ირანიდან, ან დუმილს იცავენ.
“ვინც მოკვდა, თავსა მოუკვდა… “
იციან ქართველებმა.
ის რაც მოხდა, ლოგიკურია. ლოგიკურია, რადგან ადრეც არაერთხელ მოხდა და ვინც მოკვდა, თავსა მოუკვდა. როდესაც თვალდაკარგული თვალბუდეების ავისმომასწავებელ სიცარიელეს თვალი აარიდა საქართველომ და პოლიტიკური პრაგმატიზმის მომიზეზებით არსებობა უდრტვინველად გააგრძელა, სწორედ მაშინ “მოკვდა” შემდეგი მსხვერპლიც.
იქ სადაც პროტესტი ლაჩარია, იმპოტენტია, იქ არაფერი იცვლება; მხოლოდ დაჭაობებული ზედაპირი შეთრთოლდება, ერთს დაიბუყბუყებს და მერე ისევ წაიფარებს ხავსის საბანს. ხავსი ბლომადაა ჭაობში და ეჭიდებიან და ეჭიდებიან თავის გადასარჩენად.
ავღანეთი თალიბანებისაა, ირანი აიათოლების, ვენესუელები მადუროების,
საქართველო ვისია? …
აბა დაფიქრდით და გულწრფელად და უშიშრად თქვით ვისია. და რატომ არის მერე “იმისი” და “იმათი”?
იმიტომ, ჩემო იმანო, რომ მშიშარა ხარ, უპრინციპო, უძალო, უხერხემლო ლაჩარი.
გეტკინა? გეწყინა?
არა უშავს, ბოღმას ვიღაც ისეთზე იყრი, ვინც ხელს ვერ შემოგიბრუნებს და მოგეშვება.
შეგიძლია თვალი გაუსწორო ამოთხრილი თვალბუდეებიდან ცივად მომზირალ სინდისს?
ვერა ხომ? …
გაბედავ?
გაქვს საკმარისი რწმენა იმისათვის, რომ სიკეთეს ხორცი შეასხა და ძალა მისცე?
გინდა მართლა ნამდვილ ქვეყანაში ცხოვრობდე? ქვეყანაში, სადაც ცხოვრება ღირს?
ჰო … მაშინ, ვინც მოკვდა, თავს არ უნდა მოუკვდეს; შენ უნდა მოგიკვდეს და აგადუღოს. აგადუღოს ისე, რომ ტარტაროზს ტარტაროზი უწოდო და ბარბაროსს ბარბაროსი და არ შეგეშინდეს!
იქ, სადაც სიკეთე ლაჩარია … იქ ავღანეთი თალიბანებისაა, ირანი აიათოლების და საქართველო ..