მომდევნო 3 წელიწადში მთავრობა და კერძო სექტორი 2 მილიარდ ნახევარს დავხარჯავთ ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით

მომდევნო 3 წელიწადში მთავრობა და კერძო სექტორი ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით 2 მილიარდ ნახევარს დავხარჯავთ, დაფინანსდება 1300-ზე მეტი საწარმო, კარგად გვაქვს გააზრებული რეგიონების მიხედვით და ვიცით, რომელ რეგიონში რა შეიძლება განვითარდეს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლნისში, „ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატის დავით შერაზადიშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ დავამუშავეთ გრძელვადიანი განვითარების გეგმები. ჩვენ გვჭირდება კომპლექსური მიდგომა, აღარ არის საკმარისი ფრაგმენტული რეფორმები და საჩვენებელი პროექტების განხორციელება. ეს არ არის საკმარისი. კარგია ადგილზე ალაგ-ალაგ ფრაგმენტული განვითარება, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კომპლექსური, მასშტაბური პროექტების განხორციელება. მასშტაბური სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომ ყველა, თითო გოჯი მიწა იყოს დამუშავებული, ვიცოდეთ რომელ რეგიონში, რომელ რაიონში რა უნდა განვითარდეს, რომელი კულტურები, რა არის ამისთვის საჭირო. ამის შესაბამისი დეტალური გეგმები 10 წლიანი განვითარების პერსპექტივაში უკვე დამუშავებულია. სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარის ინვესტიციაა დაგეგმილი. მთელ რეგიონებზეა გადანაწილებული, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. მაგალითად, სექტემბერში ვიწყებთ მექანიზაციის პროექტს, სასოფლო სამეურნეო ტექნიკის გრანტის პროგრამა, რომელიც მოსახლეობას, ჩვენს რეგიონებს დაეხმარება, ტექნიკა პრაქტიკულად, ნაჩუქარი გამოდის, ნახევარზე მეტს მთავრობა ჩუქნის და კიდევ მრავალი პროექტი- „დანერგე მომავალი“, „აწარმოე საქართველოს“ პროგრამა, რომელიც ახალისებს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. შეიქმნა 20 000-მდე სამუშაო ადგილი. მომდევნო წლების განმავლობაში, ყოველწლიურად 300 მილიონის დამატებას ვფიქრობთ, მომდევნო სამ წელში მილიარდს ჩავდებთ მთავრობა და კერძო სექტორი დაახლოებით მილიარდ ნახევარს- 2 მილიარდნახევარი დაიხარჯება ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით. 1300-ზე მეტი საწარმო დაფინანსდება, ეს გვაქვს გადანაწილებული, კარგად გააზრებული რეგიონების მიხედვით, ვიცით, რომელ რეგიონში რა შეიძლება განვითარდეს. გურია, აჭარა, სამეგრელო, კახეთი, ქვემო ქართლი თუ სხვა,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share