“სრული განუკითხაობაა ოზურგეთი; აქაურობას პატრონი არ ჰყავს” – ამ სიტყვებს ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან მისულები ყოველდღე მოისმენთ.
მოსახლეობა უკონტროლო რიგებს, დარღვეულ რეგულაციებს და აცრის პუნქტების სიმცირეს აპროტესტებს. თუმცა, უშედეგოდ – ოზურგეთში, სადაც ყოველდღიურად მატულობს ინფიცირებულთა რიცხვი, აცრის მხოლოდ ორი პუნქტია – მედალფას საავადმყოფოსა და შეკვეთილში.
როგორც ირკვევა, მედალფაში 7 ჯგუფი, თითქმის 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ანალოგიური მდგომარეობაა შეკვეთილშიც, მაგრამ საკმარისი არაა. აცრის პუნქტების დამატება რომ საჭიროა, ამას მედალფას დირექტორი, დავით მდინარაძეც ადასტურებს. პუნქტების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს დაადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის ხელმძღვანელი არჩილ მჟავიაც, რომლის განმარტებით ეს საკითხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის კომპეტენციაში შედის.
ამ უკანასკნელში კი ამ თემაზე არ საუბრობენ. იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობის კითხვებს პასუხები გასცენ, ცენტრის ხელმძღვანელი, მაია ქუტიძე ჟურნალისტებს კაბინეტში ემალება და კარს მიღმა ამტკიცებს, რომ ეს მისი საქმე არ არის.