ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს კოტე შარაშენიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე და მათი მერობის კანდიდატი ირაკლი ღლონტი ღიად აცხადებდნენ, რომ შარაშენიძეს მხარს არ დაუჭერდნენ და მასთან სალაპარაკო არაფერი ჰქონდათ, შეხვედრა მაინც შედგა. როგორც დავადგინეთ, შარაშენიძე და მჟავანაძე თანაგუნდელებთან ერთად, ერთმანეთს გუშინ, იურისტ კახა ჩავლეიშვილის სახლში შეხვდნენ და მხარდაჭერის სანაცვლოდ მისაღებ ბონუსებზე ისაუბრეს.
როგორც გვითხრეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარაშენიძეს მხარდაჭერის სანაცვლოდ ვიცე მერის, რამდენიმე სამსახურის და რამდენიმე სოფლის რწმუნებულის თანამდებობა მოსთხოვა. თან იმ პირობით, რომ ამის შესახებ შარაშენიძე ღია განცხადება უნდა გააკეთოს.
გვითხრეს ისიც, შარაშენიძე ამას დასთანხმდა, თუმცა, ღია განცხადების გაკეთებაზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ არჩევნების წინ, ასეთ რამეს საჯაროდ ვერ იტყოდა, რადგან ეს, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების ხმებს დააკარგინებდა.
ის, რომ შეხვედრა ნამდვილად შედგა, „გურიის მოამბესთან“ საუბარში დაადასტურა „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერმა დავით მჟავანაძემ:
_ კი, შევხდი და ამაში დასამალი არც არაფერია, თუმცა, დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი და შარაშენიძემ უნდა დაამტკიცოს რომ ის ბიძინა ივანიშვილის მოთამაშე არაა, _ გვითხრა მჟავანაძემ.
_ ბატონო დავით, თქვენ ამბობდით, რომ შარაშენიძეს არცერთ შემთხვევაში მხარს არ დაუჭერდით… რა შეიცვალა, რატომ დაიწყეთ მასთან ვაჭრობა?
_ „ნაციონალურ მოძრაობას“ არავისთან არაფერი აქვს სავაჭრო და შესახვეწნი. მე გარკვევით გითხარით, რომ ჩვენი მიზანი ბიძინა ივანიშვილის მოცილებაა. რაც შეეხება ამ შეხვედრას. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ და პარტია ამ საკითხზე განცხადებას 2 დღეში გააკეთებს.
_ 2 დღეში რა იცვლება, შარაშენიძის პასუხს ელოდებით?
_ დამატებით დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ჩვენ არავის არაფერს ვეხვეწებით, _ გვითხრა მჟავანაძემ.
შეხვედრის დეტალებზე საუბარი არ სურს არც კახა ჩავლეიშვილს, რომელიც მხოლოდ ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ ამ საკითხზე კომენტარები პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთოს.
პოლიტიკოსები კი დუმან _ მათ შორის არის ბესიკ ქათამაძე, რომელიც შეხვედრას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა, ჩვენ დადასტურებულად ვიცით, რომ ისიც იქ იმყოფებოდა.
შეხვედრას არ უარყოფს, თუმცა ყოველგვარ შეთანხმებას გამორიცხავს კოტე შარაშენიძე. ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან შემთხვევით მოხვდა:
_ გავიარე და შევხვდი შემთხვევით. მეტი არაფერი. არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა, _ აღნიშნა შარაშენიძემ და არ დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მოსალაპარაკებლად ის თბილისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისშია დაბარებული.