აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის წევრი, „რესპუბლიკელი” ჯიმ რიში ეხმაურება საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმას.
„მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის დახმარებასა და ევროკავშირის მიერ დადგენილ პირობებზე, აჩენს კითხვებს საქართველოს მომავალსა და კანონის უზენაესობაზე, რაც აუცილებელია თითოეული მოქალაქის დასაცავად“ – აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ სენატორი რიში.
სენატორი „ამერიკის ხმასთან“ ასევე ლაპარაკობს 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების დაცვის აუცილებლობაზე.
„ორივე პარტიამ უნდა დაიცვას 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება და იმუშაოს საქართველოში უფრო მშვიდობიანი და თანამშრომლობითი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად, მათ შორის 2 ოქტომბერს, სუფთა და სამათლიანი ადგილორბივი არჩევნების ჩატარებით“, – აცხადებს სენატორი.
ჯიმ რიშის თქმით, დაგვიანებულია შეთანხმებაზე ხელმოწერის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება.
„კარგია, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოოდ დაინახა 19 აპრილის შეთანხმების სარგებელი, მაგრამ ეს ჟესტი ძალიან მცირე და დაგვიანებულია. თვეების განმავლობაში, ხელმოწერაზე უარის თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ შეარყია შეთანხმება, რამაც ხელი შეუწყო მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა შეთანხმება”, – ამბობს რიში.
31 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქვეყანა უარს ამბობს ევროკავშირის მაკროეკონომიკური ფინანსური დახმარების მიღებაზე, რადგან ქვეყანამ საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და ახალი სესხის აღებას აღარ აპირებს.
31 აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას მაკროფინანსური დახმარებაზე უარის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ვეღარ მიიღებს 75 მილიონ ევროს.