თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ მთავრობის პოზიციაც და განმცხადებლების პასუხიც სტრასბურგში უკვე გაგზავნილია.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავს. არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად ონლაინ პრესკონფერენციას გამართავს.
“პირველი დღიდან, ყოველთვის ვიძახდი, რომ ამ ხელისუფლების იმედი მე არ მაქვს. ესენი საქმეს არ გამოიძიებენ. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქმე ჩაიფარცხოს. მაინც ჩვენ ვიბრძვით დღესაც, რომ ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს და ყველა დამნაშავე დაისაჯოს. ხელისუფლებები ყოველთვის იცვლებიან. დღეს არიან ესენი, ხვალ არ იქნებიან”, – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
როგორც EMC-ის ადვოკატი, თამთა მიქელაძე ამბობს, ხელისუფლებას მყარი მტკიცებულებები სტრასბურგის სასამართლოში ამ დრომდე არ წარმოუდგენია და ხელისუფლების წევრები მხოლოდ თემირლან მაჩალიკაშვილის პიროვნების დემორალიზაციას და საქმის ანტიტერორისტულ სპეცოპერაციად გადაღებას ცდილობენ.
“ახალი არგუმენტები და მტკიცებულებები ევროპულ სასამართლოში მთავრობას არ წარმოუდგენია. მათი პასუხის დიდი ნაწილი კვლავ არის აგებული თემირლან მაჩალიკაშვილის დეჰუმანიზების მცდელობაზე და ახმედ ჩატაევთან კავშირის მტკიცების სტრატეგიაზე, თუმცა, ეს მტკიცებები ფრაგმენტული და დაუსაბუთებელია და აშკარა უზუსტობებს აქვს ადგილი. რაც შეეხება, უშუალოდ სიცოცხლის უფლების ნაწილში, მთავრობა ცდილობდა, გამოეყენებინა არგუმენტები, რომ ეს იყო კონტრტერორისტული ოპერაცია და სიცოცხლის უფლების სტანდარტები ზუსტად ვრცელდებოდა ამ შემთხვევაზე”, – ამბობს თამთა მიქელაძე.
ცნობისთვის, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2019 წლის 6 ივნისს შევიდა. მაჩალიკაშვილების ოჯახი მიიჩნევს, რომ 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაირღვა, მათ შორის, სიცოცხლის უფლებაც.