საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაზარალებულად ცნს.
ამასთან, ბრალი დაუმძიმდა ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
„2020 წლის 27 ნოემბერს, პროკურორის დადგენილების საფუძველზე, გიორგი გაბუნია ცნობილ იქნა დაზარალებულად, ხოლო მ.გ.-ს, სსკ-ის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის წარედგინა ბრალდება, რაც გულისხმობს ადევნებას, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და ყალბი დოკუმენტის გამოყენებას.
პატიმრობის საერთო ვადის გათვალისწინებით, ბრალდებულ მ.გ.-ს მიმართ ცალკე წარმოებად გამოიყოფა საქმე ზემოხსენებული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე და წარიმართება სასამართლოში, ხოლო შესაძლო მკვლელობის მომზადების ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, მათ შორის ინფორმაციისა და სხვადასხვა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით უცხო სახელმწიფოში გაგზავნილია შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ,“- აღნიშნულია განცხადებაში.