სარჯველაძე აშშ-ის საელჩოზე: ხისტ შეფასებას არ ვეთანხმები, არ მგონია არგუმენტირებული იყოს

პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე არ იზიარებს აშშ-ს საელჩოს კრიტიკას ხელისუფლების მიმართ. მიხეილ სარჯველაძეს მიაჩნია, რომ შეფასებები არ იყო სწორი და არგუმენტირებული. საუბარია განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით.

“სამწუხაროა ასეთი შეფასების მოსმენა. პირდაპირ გეტყვით, რომ ასეთ ხისტ შეფასებას არ ვეთანხმები, არ მგონია, რომ ესაა სწორი და არგუმენტირებული. შესაბამისად, მათ აქვთ ასეთი პოზიცია, რომელიც უკავშირდება ამ ორ რეფორმას, რომელიც განხორციელდა საკანონმდებლო ორგანოში გასული წლის მიწურულს. მიუხედავად ამ შეუთანხმებლობისა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავარწმუნოთ საწინააღმდეგოში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ან ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენლები”, – განაცხადა სარჯველაძემ.

3 იანვრის განცხადებით აშშ-ს საელჩო მკაცრად აკრიტიკებს ქართულ ოცნებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელების გამო, რაც განსხვავებული აზრის დასჯად შეაფასა.

საელჩოს განცხადებით, გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით. საელჩოში აღნიშნავენ, რომ ქართულმა ოცნებამ ამასთან ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით და შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით, რაც შერჩევის ხარვეზიანი პროცესით განხორციელდა.

“განზრახ თუ უნებლიედ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით”, – აღნიშნულია განცახდებაში.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აშშ-ს საელჩოს კრიტიკული განცხადება არასამართლიანია და უზუსტობებს შეიცავს.

ბრიფინგზე, სადაც კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არ მიიწვიეს, კობახიძემ თქვა, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები არღვევს საზოგადოების ნდობას დასავლეთის მიმართ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share