სააკაშვილს ხვალ სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი გამოკითხავს – ხერხეულიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ ხვალ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი შევა.

როგორც ხერხეულიძემ აღნიშნა, სააკაშვილს იმედი აქვს, რომ ასევე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიაც შეიქმნება, სადაც ის ჩვენების მიცემას შეძლებს.

“მიხეილ სააკაშვილი ხვალ სახელმწიფო ინსპექტორს წარმომადგენელს გორის სამხედრო ჰოსპიტალში წამების ფაქტთან დაკავშირებით ელოდება და გამოკითხავენ. დიდი იმედი აქვს, რომ საპარლამენტო კომისიაც იქნება და მას ჩვენებას მისცემს. მიაჩნია, რომ ეს კომისია აუცილებლად უნდა შეიქმნას და იმუშავოს”, – განაცხადა ხერხეულიძემ.

ამასთან, ხერხეულიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი მიუხედავად მისი დასუსტებული მდგომარეობისა, კარგ პოლიტიკურ ფორმაშია და ის ციხეში ეკონომიკურ პროგრამაზეც მუშაობს.

“როდესაც ვსაუბრობთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ეს არის წამებით გამოწვეული ტრავმა, რომელიც მის ჯანმრთელობას აზარალებს, თუმცა პოლიტიკურად ის არის ძალიან კარგ ფორმაში. ამ ეტაპზე ის მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელიც სიდუხჭირის და გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართული. მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევარი. ხვალ ელოდება რომან გოცირიძეს, რომლისგანაც ელოდება ოფიციალურ მონაცემებს ამ სფეროში”, – აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.

გუშინ სააკაშვილს მისი ადვოკატები ხვდებოდნენ. ადვოკატმა, შოთა თუთბერიზემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ორი მთავარი მოთხოვნა აქვს – კომუნიკაციიის აღდგენის შესაძლებლობა და მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფის შესვლა, თუ ეს მოთხოვნები 6 იანვრამდე დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სააკაშვილი აპირებს მიმართოს პროტესტის უკიდურეს ფორმას. კიდევ ერთი ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სურვილია, პარლამენტში ციხეში მის მიმართ მოპრყობასთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 ციხეში 29 დეკემბერს გადაიყვანეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share