ხერსონში რუსი ოკუპანტების ქვეითი ჯარი შევიდა. ისინი ქალაქის გასასვლელებთან საგუშაგოებს აწყობენ.
ხერსონის მერმა, იგორ კოლიხაევმა მოსახლეობას მოუწოდა, იყვნენ მშვიდად და კომენდანტის საათის დროს გარეთ არ გავიდნენ.
“ახლა ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება სიტუაცია, ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ქალაქის შიგნიდან ნგრევის დაწყება.”.- თქვა მან.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ