მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში ქვეყნის მიერ, სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ნიშნავს – ამას ჩვენ არ გავაკეთებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის მიერ ამის ორგანიზება ნიშნავს სამხედრო კონფლიქტში სამხედრო ძალის გაგზავნას.
“რაც შეეხება თვითმფრინავის გაგზავნის საკითხს, მე არ ვიცი ეს დეტალები, ეს არ არის ჩემი პასუხისმგებლობა და პრეროგატივა, ასეთ საკითხებში ჩართულია უშუალოდ მთავრობა. თუ აქ საუბარია იმაზე, რომ მთავრობას უნდა გაეცა ნებართვა ომში ჩასართავი მოხალისეების გაგზავნაზე, ეს ნიშნავს საქართველოს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, აქ მთავრობას, რა თქმა უნდა, უნდა მიეღო პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილება.
რაც შეეხება ქვეყნის ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, არც აშშ, არც ევროკავშირის ქვეყნები ამას არ აკეთებენ, ომში არც ერთია ჩართული, პირდაპირ თქვეს, რომ ამერიკელი და ევროპელი სამხედროები არ იქნებიან ომში. აქ საუბარია სამხედრო ძალის გაგზავნაზე, ეს ყველაფერი ადასტურებს ერთადერთ რამეს, ერთადერთი მიზანი რაც აქვს ანტისახელმწიფოებრივ ძალას, რასაც ჰქვია “ნაციონალური მოძრაობა” თავისი დანამატებით, არის ის, რომ საქართველო როგორმე ჩართონ ომში. საუბარი იყო სამხედრო კონფლიქტში სამხედრო ძალის გაგზავნაზე. მოხალისეები არ არიან სამხედრო ძალა? ზელენსკიმ სთხოვა დასავლეთს, რომ ჩართულიყვნენ სამხედრო კონფლიქტში, გვახსოვს არაერთი საყვედურიც, მაგრამ არ ჩაერთო დასავლეთი,”- განაცხადა კობახიძემ.
დაზუსტებაზე, მაშინ როცა არაერთმა ქვეყანამ განაცხადა, რომ მოხალისეებს შეუძლიათ უკრაინაში წასვლა, საქართველოდან რატომ არ არის შესაძლებელი მოხალისეების უკრაინაში ჩასვლა, კობახიძე აცხადებს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაფრინდეს ევროპაში და ჩავიდეს უკრაინაში. მისივე თქმით, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მიდიან უკრაინაში, ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს სახელმწიფო.
“ეს კეთდება სწორედ ევროპიდან, მაგრამ რაც შეეხება სამხედრო ძალის ორგანიზებულ გაგზავნას, ეს ნიშნავს სამხედრო ძალის ჩართვას კონფლიქტში. ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, საქართველო უნდა გახდეს ცხელი ომის ნაწილი? ასე ფიქრობთ? ადამიანებს, რომლებიც ყოველ დღე აწყობენ საქართველოში პროვოკაციებს, სურთ საქართველო გახდეს ცხელი ომის ნაწილი, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ, ამაზე პასუხისმგებელი ვართ ქვეყნის წინაშე”, – განაცხადა კობახიძემ.