“ამ ხელისუფლების ხელში რომ ჩვენ ევროკავშირი და ნატო კი არა, საერთოდ სახელმწიფოებრივი პერსპექტივის გარეშე ვრჩებით და მისი შეცვლა არის არა მარტო ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის და განვითარების, არამედ ელემენტარული ღირსების საკითხი, ეს მე მგონი სადაო არ უნდა იყოს.
ასევე მთლიანად კონტრპროდუქტიული მგონია იმაზე კამათი, თუ ვინ სად და ვის გვერდით იდგა ერთი, ორი, ხუთი, ცხრა, ათი თუ თხუთმეტი წლის წინ. ასეთი გარჩევები საზოგადოებაში გათიშულობის და დაპირისპირების გაღვივების გარდა არაფერს მოიტანს. მნიშვნელოვანია კონსენსუსი იმაზე, რომ ამ ხელისუფლების შეცვლა არის ქვეყნის მეტ-ნაკლებად ნორმალური პერსპექტივისთვის არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი პირობა.
და თუ ამაზე მეტ-ნაკლებად მაინც არის თანხმობა, მაშინ ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ წმინდა თეორიულადაც კი არსებობს ხელისუფლების შეცვლის მხოლოდ სამი გზა.
1. პირველი გზა არის რევოლუციური, რაც გულისხმობს არა მარტო მასობრივ აქციებს, არამედ სახელისუფლო სტრუქტურების დემორალიზებას და ჩამოშლას, როგორც ეს მოხდა მაგალითად, ვარდების რევოლუციის დროს, როცა მთელი უშიშროება, ქალაქის პოლიციის სამმართველო და ელიტური სპეცრაზმიც კი ოპოზიციის მხარეს იყო. ამის გარეშე მხოლოდ ბევრი ხალხის გამოსვლა საქმეს არ შველის. ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთელი ქვეყანა ქუჩაში იყო, მაგრამ დარჩა ლუკაშენკო მაინც.
2. მეორე გზა არის არჩევნები, რაც 2024-მდე არ უწევს და თუ რევოლუციური სიტუაცია არ შეიქმნა (იხ. ზემოთ), ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების დამნიშნავი არაა. 2024-ში ვფიქრობ ხელისუფლების შანსი უკიდურესად დაბალი იქნება, მაგრამ მანამდე ორი წელი და ექვსი თვეა და ამასობაში შეიძლება თავზე დაგვემხოს ყველაფერი.
3. არის მესამე გზაც, რომელსაც პირობითად შეიძლება დავარქვათ საპარლამენტო გადატრიალება. კერძოდ, კონსტიტუციის მიხედვით ოპოზიციას შეუძლია წარმოადგინოს ალტერნატიული მთავრობა და თუ მოაგროვებს 76 ხმას, ძველი მთავრობა მიდის და ახალი მოდის. აქ პრობლემა ისაა, რომ ოპოზიციას საკუთარი ხმები არ ყოფნის და ამგვარი გადატრიალებისთვის ჭირდება ზუსტად არ მახსოვს და დაახლოებით 20-25 ქოცდეპუტატის გადმობირება.
ეს არის და ეს. სხვა ოპცია, როგორც ზემოთ ვთქვი, თეორიულადაც კი არ არსებობს. ამიტომ ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიებიც და სამოქალაქო საზოგადოებაც, მეტ-ნაკლებად მაინც უნდა ჩამოყალიბდნენ იდეაში რა გზით მიდიან და მერე ამ სტრატეგიის მიხედვით იმოქმედონ ყველა კონკრეტულ სიტუაციაში.
მე პირადად პირველი გზა მგონია მაცდური, მაგრამ განუხორციელებელი; მეორე რეალური, მაგრამ ხანგრძლივი; მესამე კი ობიექტურად შესაძლებელი, მაგრამ სუბიექტურად ურთულესი.
როგორც იტყოდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, აირჩიე ქართველო ერო!”
წერს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი Facebook-ზე.