რა დახმარება სჭირდება ყველაზე მეტად უკრაინას – რა სიტუაციაა ფრონტის ხაზზე

რუსეთ-უკრაინის ომის 26-ე დღეს რუსეთმა დასახულ მიზნებს კვლავ ვერ მიაღწია. როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, ვლადიმერ პუტინის ყველა გეგმა ჩავარდნილია, ამიტომ, მის ირგვლივ თავად რუსულ პოლიტიკურ და სამხედრო ელიტაში კითხვის ნიშნები გაჩნდა. პუტინის მიზანი – აეღო კიევი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი თავის გუნდთან ერთად გადაეყენებინა, არ შესრულდა. 

რუსულ სამხედრო ძალებს სერიოზული დანაკარგი აქვთ და კიევისკენ მნიშვნელოვან წინსვლას ვერ ახერხებენ. ასევე, ვერ ხერხდება ალყაში მოქცეული მარიუპოლის აღება, სადაც აზოვის ბატალიონი ყველანაირი დახმარების გარეშე მედგარ წინააღმდეგობას უწევს. ვერ იღებს მიწასთან გასწორებულ ხარკოვს, რომელიც საარტილერიო დარტყმების  მიუხედავად კვლავ უკრაინელების კონტროლქვეშ არის.

აქამდე ვერ დაიკაავე ხერსონი, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით რუსებისთვის  მნიშვნელოვანი ქალაქია.

კიევში ბოლო ავიაიერიშის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა. ამ დროისთვის მაშველები რვა დაღუპულზე საუბრობენ. ადგილზე მუშაობდნენ გამნაღმველები, ასევე, მძიმე ტექნიკა, სამაშველო ეკიპაჟები.

პოდოლსკის რაიონში რაკეტა სავაჭრო ცენტრს დაეცა, არიან დაშავებულებიც. მთელი ღამის განმავლობაში მაშველები 1 500 კვადრატულ მეტრზე გავრცელებულ ხანძარს აქრობდნენ. ახლა ნანგრევებში მოქალაქეებს ეძებენ. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

გარდა ამისა, დღეს საღამოს 20:00 საათიდან ოთხშაბათის ჩათვლით მკაცრი კომენდანტის საათი გამოცხადდება, მათ შორის, მედიისთვის. ხვალ დილის 07:00 საათიდან მედიის წარმომადგენლებიც ვერ შეძლებენ ქალაქში გადაადგილებას.

უკრაინა მარიუპოლს არ თმობს, არ ნებდება ბლოკირებული საპორტო ქალაქიც. კიევმა რუსეთის ულტიმატუმი არ შეასრულა.

საოკუპაციო ძალები ცენტრალურ ხელისუფლებას ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას იმ დათქმით დაპირდა, თუ უკრაინელი სამხედროები ქალაქს დატოვებდნენ, დრო დილის ხუთამდე მისცეს. ამასთან, გრძელდება სასტიკი თავდასხმები- ოკუპანტების სამიზნეა სამოქალაქო ობიექტები, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა თავს აფარებს.

მარიუპოლში უმწვავესი ჰუმანიტარული კრიზისია, ქალაქი ბლოკადაშია, მოსახლეობას არ აქვს მედიკამენტები, საკვები და წყალი.

“დღეისთვის შეთანხმებულია ჰუმანიტარული დერეფნები 8 მიმართულებით. დონეცკის ოლქში, მარიუპოლიდან ქალაქ ზაპოროჟიეში ხალხის ევაკუაციისთვის რამდენიმე მარშრუტი იმოქმედებს. კიევის ოლქის ქალაქებიდან განხორციელდება რეისები ბროვარის, ბელოგოროდკასა და ვიჟგოროდის მიმართულებით.

“ლუგანსკის ოლქში ლისიჩანსკიდან, სევეროდონეცკიდან და გორნოედან შესრულდება რეისები ბახმუტის მიმართულებით. მოხდება კერძო მანქანების საწვავით უზრუნველყოფა,”- აცხადებს უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშუკი.

რუსეთის გენ შტაბში კი იუწყებიან, რომ გარკვეული პოზიციების ცვლილება აქვთ და წინ მიწევენ, თუმცა, ამას არ ადასტურებს უკრაინის გენშტაბი.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მნიშვნელოვან დარტყმებს აყენებენ მტერს, ანადგურებენ ჯავშანტექნიკის კოლონებს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული ღამის განმავლობაში ჩამოაგდეს რამდენიმე საფრენი აპარატი, რომელიც მიემართებოდა კიევის მიმართულებით.

“უკრაინის შეიარაღებული ძალები და თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფები აგრძელებენ დარტყმას მტრის ჯარის ჯგუფებზე, რომლებიც ცდილობენ ოკუპირებულ საზღვრებზე პოზიციების შეკავებას. სარაკეტო დარტყმების შედეგების ეფექტურობის შესაფასებლად მტერმა გამოიყენა ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატები.

“წინა დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ნაწილებმა მოწინააღმდეგის 7 საჰაერო სამიზნეს დაარტყეს. გარდა ამისა, ბომბდამშენებმა და თავდასხმითმა თვითმფრინავებმა დამანგრეველი დარტყმა მიაყენეს მტრის აღჭურვილობასა და ცოცხალ ძალას.

ოკუპანტები აგრძელებენ ადგილობრივი მოსახლეობის ტერორსა და ძარცვას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე,”- აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენ შტაბის პრესცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე სტუპუნი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ თუ მის ქვეყანას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში მიიღებდნენ, მაშინ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა.

„ნატოს წევრი რომ ვყოფილიყავით, ომი არ დაიწყებოდა. მსურს უსაფრთხოების გარანტიები მივიღო ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ხალხისთვის“, – განუცხადა ზელენსკიმ CNN-ს და დასძინა, რომ იგი მადლიერია იმ დახმარებისთვის, რომელსაც ნატო, რუსეთის შეჭრის შემდეგ, უწევს მის ქვეყანას.

„მე მათ პირადად ვთხოვე, რომ პირდაპირ ეთქვათ, რომ ჩვენ ვაპირებთ თქვენს მიღებას ნატოში ერთ ან ორ ან ხუთ წელიწადში, უბრალოდ თქვით ეს პირდაპირ და მკაფიოდ, ან უბრალოდ თქვით: არა! პასუხი იყო ძალიან მკაფიო, თქვენ არ იქნებით ნატოს წევრი, მაგრამ საჯაროდ, ნატოს კარი ღია დარჩება”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტი უკრაინის ცის ჩაკეტვას კვლავ ითხოვს და ამბობს, რომ ეს თუ არ გადაწყდა, მაშინ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება. ზელენსკიმ ასევე გერმანელებს მიმართა და მათ პირდაპირ ეთერში განგაშის სირენის ხმა ჩაურთოთ. რის შემდეგაც განაცხადა, რომ მათი დახმარები უკრაინას შეუძლია, რომ ეს სირენა გააქროს. შეწყვიტონ რუსეთთან ვაჭრობა და მათთვის ომის დაფინანსება.

საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი თიქმის ერთი თვის თავზე, პუტინმა დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია. ის სტრატეგიული ქალაქები, მარიოპული, ხერსონი, ხარკოვი და კიევის აღება დღემდე ვერ მოახერხა. ანალიტიკოსი „რეზონანსთან“ ფიქრობს, რომ პუტინს იმედი ჰქონდა,  ამ ქალაქების დაცემა 3 დღეში მოხდებოდა და ამის შედეგად დასავლეთს და უკრაინას  მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამდა, სადაც ისეთ  ხელშეკრულებას გააფორმებდნენ, რომელიც მათი გამარჯვების დამაგვირგვინებელი იქნებოდა.

„ეს ყველაფერი პუტინს არ გამოუვიდა, ამიტომაც ახლა ქვეყნის შიგნით სერიოზული პორბლემების წინაშეა. პუტინის მმართველობასთან დაკავშირებით უკვე რუსულ ელიტაში კითხვის ნიშნები გაჩნდა და გარკვეული მოძრაობებიც შეიმჩნევა. პუტინ ამ ყველაფრის გადასაფარად რაღაცა ზომებს მიმართავს, რაც იმის ნიშანია, რომ მისი საქმე ქვეყნის შიგნით არც თუ  კარგად არის.

“გარდამტეხი 14 დღე იყო და ამიტომ ორი კვირაა მაქსიმუმი იმისთვის, რომ რუსეთს ამ ომში რაღაცა მიზნისთვის მიეღწია. ვხედავთ, რომ ეს მიზნები მიღწეული არ არის. მას სამხედრო ლოჯისტიკური თვალსაზრისით ყველა რესურსი ეწურება, ამიტომაც ახლა პუტინს სხვა გეგმა სჭირდება. ეს გეგმა კი ის არის, რაც სირიაში გააკეთა, გამწარებული ქალაქებს მიწასთან ასწორებს.

“ეს პროცესი რუსებმა უკრაინაში უკვე დაიწყეს. ეს ყველაფერი მიუთითებს იმ პრობლემებზე, რომელიც რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო მეთაურებს  შორის არსებობს. საერთო ჯამში კი ეს ყველაფერი რით მთავრდება?

“სამწუხაროდ დასავლეთს ისევ ჰგონია, რომ ეს რაღაცა კომპიუტერული თამაშია. მაგალითად გერმანიის კანცლერი შოლცი ისევ ამბობს, რომ ეს არის პუტინის ომი და ხალხი არაფერ შუაშია. საფრანგეთმა აღმოაჩინა, რომ რუსეთმა ომი რომ დაუწყოს, მხოლოდ  4 დღის მარაგი აქვს. ეს ხალხი ძალიან კომფორტულ ზონაში სხედან. ამიტომ თუ უკრაინას „მიგ-29“ სჭირდება, მიეცი. რა მნიშვნელობა აქვს რუსეთს რა გაანაწყენებს? მისი მძევლები ვართ ყველა. სამხედრო შეჩერების  გარეშე რუსეთი არ გაჩერდება“,-ამბობს მაჭავარიანი.

უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი ვალერ ჩეჩელაშვილი კი აცხადებს, რომ ბოლო დროს ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ გაკეთებული განცხადებები ნატოსთან დაკავშირებით ლოგიკურია, რადგანაც ომში მყოფი პრეზიდენტი სხვა ვერაფერს იტყვის. ის მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი ქვეყანა და ხალხი ამ საშინელი ომისგან იხსნას. ამიტომაც დიპლომატი „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ  ჩაკეტილი ცა ამ დიდი სურათის  მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუმცა ის სკეპტიკურად არის განწყობილი და ერთ კვირაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ფიქრობს, რომ ცის ჩაკეტვის გადაწყვეეტილება მიღებული არ იქნება.

„ის თუ რას უწოდებენ ამერიკელები უკვე პუტინს, თავისთავად საკმაოდ სერიოზული ნიშანია და ვფიქრობ ამერიკის პოზიციაში დიდი ცვლილებებია. ამასთან ერთად სერიოზული საუბარია იმაზე, რომ „ს-300“ და „ს-400“ უკრაინას გადაეცეს, რაც მთლიანად ცის ჩაკეტვას არ ნიშნავს, მაგრამ მნიშვნელოვნად  შეძლებენ, რომ გარკვეულ წილად ციდან თავდასხმა შეამაცირონ. თუ თურქეთის შემთხვევაში უფრო რთულია, რადგანაც ის ისე პოზიციონირებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის არხები მაინც დატოვოს. თუმცა, თუ თურქეთმა პოზიცია შეიცვალა, მაშინ „ეფ-400“ უკრაინას მიაწვდის, რაც უკრაინის ცას კიდევ უფრო დაცულს გახდის.

“ზელენსკი სხვადასხვა პარლამენტის მიმართ გზავნილებს ძალიან კარგად აყალიბებს. რომ დავაკვირდეთ, მისი ყველა გამოსვლა ძალიან ზუსტი და სწორი მესიჯებით არის  გაჯერებული. რაც შეეხება ისრაელს, არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ უკრაინისთვის მათი რკინის გუმბათი ძალიან სერიოზული ფაქტორი იქნებოდა. დარწმუნებული ვარ ეკონომიკური და საფინანსო დახმარების კუთხით უკრაინას დაეხმარებიან“, – ამბობს ყოფილი ელჩი.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share