სერგეი ლავროვის ქალიშვილს ბრიტანეთში ბინას ჩამოართმევენ და საბანკო ანგარიშს გაუყინავენ. აღნიშნულ ინფორმაციას UNIAN-ი ავრცელებს.
უკრაინული გამოცემის თანახმად, პოლინა პოლიაკოვა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო სანქცირებულ პირთა სიაში ბრიტანეთის ხელისუფლებამ შეიყვანა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ მას ასევე გაუუქმდება ბრიტანეთში ბინადრობის უფლება.
„ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ლონდონში მას 4.4 მილიონი ფუნტის ღირებულების ბინას ჩამოართმევენ და საბანკო ანგარიშს გაუყინავენ. მას ასევე გაუუქმდება ბრიტანეთში ბინადრობის უფლება. როგორც ამბობენ, სახალინის კუნძულზე ბევრი თავისუფალი უძრავი ქონებაა“, – დაწერა ერმაკმა.
შეგახსენებთ, აქამდე ბრიტანეთის მთავრობამ რუსი და ბელარუსი ბანკირებისა და კომპანიების წინააღმდეგ სანქციები უკვე შემოიღო. UNIAN-ის ინფორმაციით, სანქცირებულ პირთა შორის ასევე არიან „სბერბანკის“ ხელმძღვანელი, გერმან გრეფი, „ტინკოფ ბანკის“ დამაარსებელი, ოლეგ ტინკოვი, რუსეთის რეგიონების განვითარების ბანკის პრეზიდენტი, დინა მალიკოვა და სხვა.