საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის მხარდამჭერთა დევნა სულ უფრო სისტემურ ხასიათს იძენს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია რეგიონები, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების გავლენა უფრო უშუალოა, ეკონომიკური ბერკეტები პოლიტიკური დაშინების იარაღად გამოიყენება, ხოლო სამართალდამცავი ორგანოები მოქალაქის დაცვის ნაცვლად ხშირად თავად ხდებიან ძალადობის წყარო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიან. პარტიასთან კავშირი ხშირ შემთხვევაში საკმარისი საფუძველი ხდება სამსახურებრივი შევიწროების, ფიზიკური თავდასხმების და ეკონომიკური ზეწოლისთვის. ამავდროულად, დაზარალებულთა საჩივრები უმეტესწილად უპასუხოდ რჩება — გამოძიება ან არ იწყება, ან ფორმალურ ხასიათს ატარებს, დამნაშავეები კი პასუხისგებაში არ მიეცემიან. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, პოლიტიკური მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე გამამტყუნებელი განაჩენების მაჩვენებელი კრიტიკულად დაბალია.
განსაკუთრებით საგანგაშოა სამართალდამცავი ორგანოების როლი ამ პროცესში. ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეთა კანონიერი უფლებები დაიცვან, პოლიციის თანამშრომლები ზოგჯერ თავად მონაწილეობენ პოლიტიკურ ზეწოლაში, კრიმინალურ ჯგუფებთან კოორდინირებულად მოქმედებენ, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში — უშუალოდ ახორციელებენ ფიზიკურ ძალადობას. ასეთ პირობებში მოქალაქე რჩება სრულიად დაუცველი: სახელმწიფო, რომელსაც ენდობა, მის მთავარ საფრთხედ იქცევა.
ალექსანდრე ხარატიშვილის ისტორია ამ პრობლემების კონცენტრირებული გამოხატულებაა. ქუთაისელი მეწარმე, სამი შვილის მამა, რომელმაც 2011 წელს საკუთარი სატრანსპორტო კომპანია დააარსა, 2016 წლიდან გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტიური წევრი. მას შემდეგ იგი სისტემატურად განიცდიდა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ზეწოლას, ფიზიკურ ძალადობასა და მუქარას.
ხარატიშვილმა guriismoambe.com-ს მისცა ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც დეტალურად აღწერა ბოლო წლების მოვლენები
„მე ვარ ალექსანდრე ხარატიშვილი, ქალაქ ქუთაისის მკვიდრი, სამი შვილის მამა. 2011 წელს საკუთარი სატრანსპორტო კომპანია დავაარსე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ბიზნესი კარგად მიდიოდა, ხელისუფლება მაქსიმალურად გვიწყობდა ხელს . ყველაფერი შეიცვალა 2012 წლის შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა.
2015-2016 წლებში ქუთაისში თურქულმა კომპანია „მეტრო+“-მა ბაზრის მონოპოლიზაცია მოახდინა და ადგილობრივი სატრანსპორტო ბიზნესი გაკოტრების პირას მივიდა. მძღოლებმა საპროტესტო აქციები დავიწყეთ. ამ აქციებზე პირველად შევხვდი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს და 2016 წლის 13 მაისს გავწევრიანდი პარტიაში, იმ რიგი უსამართლო სოციალური ფონის გათვალისწინებით რაც ქვეყანაში ხდებოდა .
პირველად ვიგრძენი, რომ რაღაცის შეცვლა შემეძლო. როცა მძღოლებმა საპროტესტო აქციები დავიწყეთ, მივხვდი — მარტო არ ვიყავი. არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენი პრობლემები აინტერესებდათ. 2016 წელს პარტიაში გაწევრიანება არა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო — ეს იყო იმედი, რომ უსამართლობასთან ბრძოლას აზრი ჰქონდა.
პირველი სერიოზული ზეწოლა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ განვიცადე. ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა, გიორგი გიგინეიშვილმა დამიბარა და პირდაპირ დამემუქრა — თუ ოპოზიციასთან კავშირს არ შევწყვეტდი, ბიზნესს დავკარგავდი. პირველად მაშინ შევიგრძენი, რა ფასი შეიძლებოდა ქონოდა ჩემს არჩევანს. მერიის ჩინოვნიკი პირდაპირ მეუბნებოდა — ან პოლიტიკა აირჩიე ან ბიზნესიო. თითქოს საქართველოში მოქალაქეობა და პოლიტიკური პოზიცია ურთიერთგამომრიცხავი რამეები იყო.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ,,ნაციონალური მოძრაობის’’ პარტიამ კომპანიასთან ოფიციალური თანამშრომლობა დაიწყო — სატრანსპორტო სერვისს ვუწევდი რაიონულ ოფისს. არჩევნების შემდეგ, 2020 წლის 8 ნოემბერს თბილისში, ცესკოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე წავიყვანე ქუთაისიდან აქტივისტები. მშვიდობიანი აქცია სასტიკად დაარბიეს. აგრესორმა პირის მიერ ნასროლი მოლოტოვის კოქტეილით მარცხენა ხელის დამწვრობა მივიღე, შემდეგ კი სპეცრაზმელები ხელკეტებით გამისწორდნენ. ჰოსპიტალში ოპერაცია დამჭირდა, ძვალი მქონდა დამტვრეული, რის გამოც მეტალი ჩამისვეს და ფაქტობრივად ხელის ფუნქციონირება დავკარგე. პალატაში გამომძიებელს ჩვენება მივეცი, მაგრამ გამოძიება რა თქმა უნდა არაობიექტურად წარიმართა !
სამწუხაროდ ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა, 2021 წლის 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე, პარტიამ ქუთაისის N34 საარჩევნო უბანზე მართლწესრიგის ოფიცრად დამნიშნა. შევამჩნიე პირები, რომლებიც ამომრჩევლებს ფულს სთავაზობდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის ხმის მისაცემად. როდესაც ტერიტორიის დატოვებისკენ მოვუწოდე, უცნობი პირები აგრესიულად დამესხნენ თავს და მცემეს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია გამოვიძახე და ადგილზე ჩვენებაც მივეცი, კანონდამღვევები მხოლოდ განარიდეს ტერიტორიას , რეალური გამოძიება კი ისე დასრულდა რომ არავინ დასჯილა, მსგავსი ფაქტები პოლიციის საჩუქარია რომლითაც ხელისუფლების დამხმარე კრიმინალებს აჯილდოებს !
წარმოგიდგენიათ? ადამიანებს ფულს აძლევდნენ „სწორი” არჩევნის გასაკეთებლად . როცა არაკანონიერ ქმედებაზე რეაგირება ვცადე, თავდამსხმელებმა ჩემზე იძიეს შური. პოლიციამ რა ქნა? კანონდამღვევები უბრალოდ გაიყვანეს ტერიტორიიდან. არც დაკავება, არც ოქმი, არც ობიექტური გამოძიება. იმ დღეს მივხვდი — არჩევნები ჩემს სამშობლოში უკვე ფორმალობა გამხდარიყო, ისე როგორც საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო. გინდოდა თუ არა სხვა გზა არ გქონდა, მმართველ პარტიას ირჩევდი, შენ რომ სულ სხვა პარტიისთვის მიგეცა ხმა ,,ქართული ოცნების’’ წარმომადგენლები შენს ხმებს გააყალბებდნენ და გააბათილებდნენ.
ყველაფრის მიხუედავად დანებება არ მინდოდა, ვიცოდი რომ ბოლომდე უნდა მებრძოლა და ჩემი მაინც მეცადა. ჩემი აქტივიზმი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ კიდევ უფრო გააორმაგა. მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ „თავისუფლება მიშას“ აქციების სერია დაიწყო და მეც ჩემი მხრიდან ვაქტიურობდი. ნოემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უწყება მივიღე — გამოკითხვაზე დამიბარეს. დაკითხვა ოფიცერმა ლაშა ჯანელიძემ წარმართა. პროვოკაციულ კითხვებს მისმევდა — ვეხმარებოდი თუ არა პარტიას „ქვეყანაში ქაოსის გამოწვევაში“. დამემუქრნენ, რომ თუ არ შევწყვეტდი აქტივიზმს, კომპანიის მანქანებში ნარკოტიკებს „აღმომიჩენდნენ“. ეს სიტყვები სახელმწიფო უსაფრთხოების ოფიცერმა მითხრა. არა კრიმინალმა, არა ქურდმა — სახელმწიფო მოხელემ. ეს სისტემა არ ერიდებოდა არაფერს. შეეძლოთ ჩემი ცხოვრების განადგურება ერთი ტყუილით და არც არავინ დამიცავდა.
ყველაზე სასტიკი რამ 2021 წლის 20 ნოემბერს მოხდა. სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს და იქ საპროტესტო აქცია დაიგეგმა. კომპანიის ავტომობილებით ვუზრუნველყავი ტრანსპორტირება. ადგილზე მისვლისას აგრესიული ჯგუფი შემოგვხვდა, გამოვიძახე პოლიცია. პოლიციელებმა მანქანაში ჩამსვეს და განყოფილების ნაცვლად გორის შემოგარენში უცნობ შენობაში მიმიყვანეს.
სკამზე ჯაჭვებით მიმაბა სამმა პოლიციელმა, რომლებსაც სამკერდე ნიშანი არ ეკეთათ. მეკითხებოდნენ პარტიასთან კავშირის შესახებ, მამცირებდნენ. როდესაც შეიტყეს, რომ სამი შვილის მამა ვიყავი, დამემუქრნენ — თუ პოლიტიკურ საქმიანობას არ შევწყვეტდი, შვილების მომავალსაც საფრთხეში ჩავაგდებდი. დაკითხვის პარალელურად სასტიკად მცემდნენ, მხოლოდ ორი საათის შემდეგ გამიშვეს.
გამვლელმა მოქალაქემ შემამჩნია და სასწრაფო დახმარება გამოიძახა, მართალია პალატაში პოლიციის წარმომადგენელს ჩვენება მივეცი, მაგრამ კვლავ არავინ დაუსჯიათ.
დეკემბერში ფინანსურ პოლიციაში დამიბარეს რომელიც აშკარად დაშინების მცდელობა იყო. გაუთავებელი მუქარების შემდეგ რომ მივმართე იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის პოლიციის დეპარტამენტს, უარესად დამამცირეს, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელეს ჩემზე და “სიჩუმისკენ” მომიწოდეს ! გენერალურ ინსპექციაშიც, დავარეგისტრირე ამ ფაქტზე საჩივარი, თუმცა პასუხი არსაიდან არ მიმიღია
2022 წლის იანვრის დასაწყისში, რუსთაველზე დაანონსებული აქციის წინა დღეს, განმეორებითი ანონიმური მუქარა მივიღე — თუ აქციაზე მოქალაქეებს წავიყვანდი, სიცოცხლეს საფრთხეში ჩავიგდებდი. მაინც წავედი. აქციის შემდეგ, როდესაც სახლთან დავაპარკინგე მანქანა , ორი უცნობი დამხვდა. ერთი ბასრ საგანს მისვამდა სახეზე, მეორემ ავტომობილი დამიზიანა. „ნაძირალას“ და „ნაბიჭვარს“ მეძახდნენ. მეუბნებოდნენ — თუ ქვეყანას არ დავტოვებდი, ცოცხალს არ დამტოვებდნენ. სასტიკად მცემეს, ბოლო მომენტში თავში ჩარტყმა მახსოვს.
გონს როდესაც მოვედი, სახლში ვიყავი — მეზობელმა გონწასული მომიყვანა შინ. სახეზე მრავლობითი დაზიანებები მქონდა, ტვინის შერყევით გაუსაძლისი თავის ტკივილს განვიცდიდი და შიშის გამო სასწრაფო დახმარებაც ვერ გამოვიძახე.
წლების განმავლობაში ვცდილობდი ის გამეკეთებინა, რაც ნებისმიერ მოქალაქეს მოეთხოვება — ვმუშაობდი, გადასახადებს ვიხდიდი, ოჯახს ვრჩენდი, კანონებს ვიცავდი. კომპანია შევქმენი, სამუშაო ადგილები შევთავაზე ადამიანებს, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას ვიღებდი. თუმცა ამ ყველაფერს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა იმ მომენტში, როდესაც ჩემი პოლიტიკური არჩევანი ხელისუფლებისთვის მიუღებელი გახდა.
ყველაზე რთული იმის გააზრება იყო, რომ სახელმწიფო, რომელსაც ვენდობოდი და რომლის კანონებსაც ვემორჩილებოდი, ჩემს მთავარ საფრთხედ იქცა. არა კრიმინალები, არა კონკურენტები — არამედ ის სტრუქტურები, რომელთა ფუნქციაც ჩემი დაცვა უნდა ყოფილიყო. როდესაც პოლიციელები გაწამებენ, სუს-ის ოფიცრები ნარკოტიკების „აღმოჩენით” გემუქრებიან, ხოლო საჩივრებზე პასუხს არავინ გაძლევს — მაშინ ხვდები, რომ პრობლემა არა ცალკეულ პირებში, არამედ თავად სისტემაშია“.
ალექსანდრე ხარატიშვილის ისტორია ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რომელიც საქართველოში პოლიტიკური დევნის სისტემურ ხასიათზე მიუთითებს. მისი შემთხვევა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმით, რომ ძალადობაში უშუალოდ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი — ის პირები, რომლებმაც მოქალაქეთა უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროვოკაციული დაკითხვა, პოლიციის მიერ წამება, გამოძიების არდაწყება მრავალჯერადი საჩივრის მიუხედავად, ანონიმური მუქარა და ოჯახის წევრებით მანიპულირება — ეს ის მეთოდებია, რომლებიც ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების განეიტრალებას ემსახურება. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ არცერთმა კომპეტენტურმა ორგანომ არ შეისწავლა ხარატიშვილის საჩივრები და დამნაშავეები პასუხისგებაში არ მიცემულან.
რედაქცია შეეცადა დაკავშირებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და გენერალურ ინსპექციას კომენტარის მისაღებად აღწერილ ინციდენტებთან დაკავშირებით. არცერთმა უწყებამ პუბლიკაციის მომენტისთვის პასუხი არ გასცა ჩვენს შეკითხვებს.







