ნიკა მელია თუ ლევან ვარშალომიძე – “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ასარჩევად ხმის მიცემა დაიწყო. დღეიდან ხუთი დღის განმავლობაში მოქალაქეებს საშუალება აქვთ, ორი კანდიდატიდან ერთერთი შეარჩიონ და მხარდაჭერა ონალინ რეჟიმში დააფიქსირონ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთავარი ამოცანაა, რომ აბსოლუტურად ღია იყოს ყველა მხარდამჭერისთვის და პარტიის წევრისთვის. შეგახსენებთ, რომ ამ გაყალბებული არჩევნებითაც კი, “ნაციონალურ მოძრაობას” ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, რატომ არ უნდა იყოს ეს ნახევარი მილიონი ადამიანი ჩართული პარტიის თავმჯდომარის შერჩევაში?”, – ამბობს “ენმ”-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაალ უდუმაშვილი.
თუ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება გსურთ, როგორც “ენმ” Facebook-ზე წერს – უნდა გადახვიდეთ ამ ბმულზე.
ხმის მიცემა 25 დეკემბრამდე გაგრძელდება, თვის ბოლოს კი, ცნობილი გახდება, ვის აირჩევენ მხარდამჭერები პარტიის თავმჯდომარედ.
შეგახსენებთ, რომ “ენმ”-ის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გრიგოლ ვაშაძემ “ნაციონალური მოძრაობა” და მის მიერ დაკავებული ყველა პარტიული თანამდებობა 15 დეკემბერს დატოვა.