მერები 5000-ლარიანი ხელფასით, მრჩევლებით, თანაშემწეებით, მძღოლებით და მდივნებით

2021 წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ გააორმაგებდა ქალაქის მერების ხელფასებს და გაზრდიდა ანაზღაურებას საჯარო სექტორში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გაცემული დაპირების შესრულების შემდეგ მერების ხელფასები თითქმის ყველა ქალაქში – 5000 ლარამდე გაიზარდა, მათი მოადგილეების ანაზღაურება კი 3000 ლარს აჭარბებს. მოადგილეების გარდა მერებს ჰყავთ თანაშემწეები, მრჩევლები, მძღოლები და მდივნები, დადიან სახელმწიფოს ავტომობილებით და, როგორც აუდიტის სამსახური პერიოდულად მიუთითებს ანგარიშებში, იმაზე მეტ საწვავსაც ასხამენ, ვიდრე ამის უფლება აქვთ.

„საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მართლაც ვეღარ ხედავენ მოტივაციას. ჩვენ ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან“, – ასე ახსნა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვეტილება, ხელფასი გაეზარდა მერებისთვის. არასამთავრობო სექტორმა ეს დაპირება საარჩევნო პროცესზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობად აღიქვა და განმარტა, რომ არსებული კანონმდებლობით მერებს ისედაც შეეძლოთ 6000 ლარამდე თანხის ოდენობით გაეზარდათ თავიანთი ანაზღაურება. ამ დროისთვის 3 მუნიციპალიტეტში მერების ხელფასი 4500 ლარი იყო. საქსტატის ბოლო მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასი 1463 ლარია.

პანდემიის შემდეგ საქართველოში გაიზარდა უმუშევართა რაოდენობა, ფასები სურსათზე და მერების ხელფასები.

რადიო თავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share