ბრიტანულმა გამოცემამ “The Sun” გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელშიც მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოს უფროსი – ლუდმილა მიხილენკო ომის ფონზე კლინიკაში მიმდინარე რთულ ვითარებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიის ყველაზე პატარა მსხვერპლი 23 დღის ჩვილი იყო. 50 წლის ლუდმილამ ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა და ცრემლმორეულმა მსოფლიოს გააგებინა, რომ მის თვალწინ 15 ქალბატონი და 3 მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა.
ბოროტი პუტინის რაკეტები საავადმყოფოს 10-ჯერ დაუმიზნეს.
მთავარი ექიმი სამწუხარო და ემოციურ ამბავს იხსენებს: დედამ შვილი შესამოწმებლად მოიყვანა, რის შემდეგაც ჭურვები აფეთქდაო…
სასწაულია, რომ ვიღაცები გადარჩნენ. ნანგრევების შემყურე, გაოგნებული ვიყავი.
განადგურებული ვარ, უიმედობის განცდა მაქვს, ეს გენოციდია”.
ლუდმილამ გვიამბო, როგორ გარდაიცვალა ორსული ქალბატონი, რომელიც საკაცეზე იწვა და რომლის სულისშემძვრელი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. მას მენჯი ჩაემსხვრა და ფეხი თეძოს არეში მოსწყდა. როდესაც გააანალიზა, რომ ბავშვი დაკარგა, მაშინვე განწირული ხმით დაიყვირა, – ახლავე მომკალითო!”
“34 კვირის ორივე ფეხმოტეხილ ორსულზე საკეისრო კვეთის გაკეთებამ მოგვიწია, რადგან ბავშვებისთვის ასე იყო საჭირო. ამ შემთხვევაში, საბედნიეროდ, ორივე გადავარჩინეთ“, – განაცხადა 50 წლის კარდიო-რევმატოლოგმა.
გადარჩენილების ძებნა
დაბომბვის დასრულების შემდეგ გადარჩენილების ძებნა გაგრძელდა, საავადმყოფო კი კვლავ ცდილობდა ფუნქციონირებას.
„ოპერაციების ჩატარება კოცონის მეშვეობით, სარდაფში გავაგრძელეთ, ქალაქში ერთადერთი მოქმედი სამშობიარო ვიყავით, უამრავი ქალბატონი მშობიარობდა… მტკივნეულია, როდესაც დაშავებულ ბავშვებს ხედავ – 6 წლის ბავშვს მუცლის არეში ჰქონდა დაზიანებები, 13 წლის ბიჭუნას ხელის ამპუტაცია დასჭირდა, საკმაოდ ბევრმა ბავშვმა დაკარგა კიდურები“.
დრონის კადრებით ჩანს, რომ ქალაქი მიწასთანაა გასწორებული, გადარჩენილები ისე დახეტიალობენ, როგორც „ჯოჯოხეთში მოჩვენებები“. რუსეთის ჯარებმა ნანგრევებში ჩაყოლილ 160 000 მაცხოვრებელს ჰუმანიტარული დერეფნის გავლით ევაკუაციაზე უარი განუცხადა და რაკეტების სროლა გააგრძელა.
მარიუპოლი ვლადიმირ პუტინისთვის საკვანძო რეგიონია, რადგან საპორტო ქალაქის აღებით, ანექსირებულ ყირიმსა და პრორუსული სეპარატისტების კონტროლირებად დონბასს შორის, სახმელეთო დერეფნის შექმნას შეძლებს.
„დაშავებულებსა და ავადმყოფებს პირველადი გადაუდებელი დახმარება ჩაუტარდათ, შემდეგ კი სახლში გავგზავნეთ, თან მედიკამენტები გავატანეთ. სასწრაფო დახმარების მანქანები ქუჩაში უსაფრთხოდ არ არიან, ქალაქი იმდენად დაიბომბა, რომ ცენტრში ერთი დიდი კრატერი გაკეთდა“, – განაცხადა ლუდმილამ.
რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 3 დღეზე ნაკლები დასჭირდა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გასანადგურებლად.
„როდესაც პირველი ჭურვები ჩამოცვივდა, მე და ჩემი მეუღლე ქალაქის ცენტრში, ნათესავებთან წავედით, რადგან დიდი სარდაფი აქვთ და მათთან განთავსება მარტივი იქნებოდა. ჩემი დილის მგზავრობა სახიფათო გამოდგა, რადგან საავადმყოფოსკენ მძიმე დაბომბვის თანხლებით გადავადგილდებოდი.
ფეხით ვიყავით, ახლომდებარე შენობებს თავს ვაფარებდით, ომამდე საავადმყოფოში მისვლას 10 წუთი სჭირდებოდა, იმ დღეს კი – 90. რა თქმა უნდა, მეშინოდა, მაგრამ ვიღაცას საავადმყოფო უნდა ემართა“.
ლუდმილას ბავშვთა კლინიკას ქირურგიული, გადაუდებელი, ტრავმატოლოგიური, სამშობიარო და სხვა განყოფილებები ჰქონდა. რამდენიმე თვის წინ გარემონტდა და ახალი ტექნიკითაც აღიჭურვა, რითაც პერსონალი ამაყობდა.
„როდესაც ელექტროენერგია გაითიშა, ზოგიერთ საავადმყოფოს გენერატორებისთვის საწვავი დააკლდა, მაგალითად, ერთ-ერთმა კლინიკამ 1.8 კილოგრამამდე წონის მქონე ჩვილები ჩვენ გადმოგვცა. ახლომდებარე ქარხნებს ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ყინულის მაცივრებიც გაეთიშათ და მათი უფროსები დიდი რაოდენობით პელმენსა და სხვა მალფუჭად პროდუქტს ჩვენ გვირიგებდნენ, რამაც გაგვაძლებინა.
ომის დაწყებისთანავე, დაჭრილებით სავსე მანქანა მოვიდა, რომლებიც სამ სხვადასხვა საავადმყოფოს უნდა გადაგვენაწილებინა, თუმცა იმ ორ კლინიკამდე მისასვლელი გზა ომის გამო გადაკეტილი იყო, ამიტომ ყველასთვის ჩვენ უნდა მიგვეხედა. სხვათა შორის, იმის შესაძლებლობა გვქონდა, რომ ადგილობრივი მიტოვებული აფთიაქებიდან მედიკამენტების მარაგი უნებართვოდ წამოგვეღო“.
დამღუპველი არჩევანი
ლუდმილას თქმით, ორი არჩევანი ჰქონდა – წასვლის მცდელობის ან ადგილზე სიკვდილის.
„ეს იყო სიკვდილი ან გადარჩენის მცდელობა. ღამით წავედით, 40 კილომეტრი ვიარეთ, რუსულ საგუშაგოებს ჩავუარეთ. მანქანაში მოხუცი დედა, მისი კატა და ჩემი მეუღლე – სერგეი ვისხედით, ცხადი იყო, რომ ჩვენგან ვერაფერს მოითხოვდნენ (ვერაფერს მოიპოვებდნენ)“.
ექიმმა საბოლოოდ ზაპოროჟიეს მიაღწია, სადაც მისმა მეგობარმა შეიფარა, საბედნიეროდ, მისი ვაჟი, 26 წლის ივანი საფრანგეთშია და არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
16 მარტს, ლუდმილას წასვლის დღეს, რუსმა ბარბაროსებმა საავადმყოფოს კიდევ ერთხელ დაარტყეს, ასევე – სკოლას, თეატრსა და თავშესაფრებს. ხელმძღვანელის წასვლის შემდეგ, როგორც კოლეგამ უამბო, საავადმყოფო კიდევ 8-ჯერ დაიბომბა…
„რამდენიმე ახალგაზრდა ნეონატოლოგი რუსეთში წავიდა, ვფიქრობ, მათ ეს თავიანთი სურვილის საწინააღმდეგოდ გააკეთეს. აპლიკაცია Whatsapp-ში ჯგუფი გვქონდა, სადაც საავადმყოფოს 243 თანამშრომელი ვიყავით გაერთიანებული, მათგან 70% კონტაქტზე გამოდის, დარჩენილზე რა გითხრათ… არ ვიცი“.
კლინიკის ერთ-ერთი ექიმი, 52 წლის ქირურგი გულის შეტევით გარდაიცვალა. არის ცნობები, რომ ექიმები თავიანთ ასპარეზზე ჯერ კიდევ გმირულად იბრძვიან და სარდაფებში არა ერთ ოპერაციას ატარებენ.
ლუდმილა შეძრწუნებულია რუსეთის მცდელობით, რომ ბრალდებას თავი აარიდოს. მოგეხსენებათ, სერგეი ლავროვმა (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა) საავადმყოფოების მიწასთან გასწორება იმით გაამართლა, თითქოსდა, ინფორმაცია ჰქონდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა თავი იქაურობას შეაფარეს…
„არც ერთი ჯარისკაცი საავადმყოფოს ტერიტორიაზე არ შემოსულა, არსად. კლინიკაში იყვნენ დედები ახალდაბადებულ შვილებთან ერთად, გინეკოლოგები და ექთნები. იქ, სადაც ჭურვები აფეთქდა, არც ერთი სამხედრო არ იმყოფებოდა. გვქონდა სახლები, სამსახურები, ნორმალურად ვცხოვრობდით, დღეს? დღეს უსახლკაროები ვართ. მთელი ცხოვრება ბავშვების მკურნალობას მივუძღვენი, საავადმყოფოს ვმართავდი. პუტინმა გადაწყვიტა, რომ თვითმფრინავიდან ბომბი ჩამოგვიგდოს და ბავშვთა კლინიკა გაანადგუროს, რატომ? ამის გაგება შეუძლებელია“ – განაცხადა ლუდმილამ.
კვირის პალიტრა