“პოლონეთი გვთავაზობს პრეზიდენტის თვითმფრინავის გამოგზავნას და ჩემი შვილის წაყვანას იქ სამკურნალოდ”

მიხეილ სააკაშვილი “ვივამედში” რჩება. ექსპრეზიდენტი მესამე დღეა თერაპიულ განყოფილებაში იმყოფება. გუშინ საღამოს ის დედამ მოინახულა. გიული ალასანია კვლავ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საჭიროებაზე საუბრობს.

“ჯანმრთელობის მდგომარეობა არის იგივე, ვერ ჭამს, არის ძალიან სუსტად. პოლონეთი გვთავაზობს პრეზიდენტის თვითმფრინავის გამოგზავნას და წაყვანას იქ სამკურნალოდ, სადაც ყველანაირ პირობებს შეუქმნიან და გამოცდილებაც აქვთ ასეთი ავადმყოფების მკურნალობის და ეს შეთავაზება გვაქვს. მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მიიღებენ აქედან თანხმობას,” – ამბობს გიული ალასანია.

სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმიც. ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილის მკურნალ ექიმს შეხვდა. გაიარეს კონსულტაცია და დაგეგმეს მკურნალობის შემდეგი ეტაპები.

“მქონდა შეხვედრა მთავარ ექიმთან, ასევე მკურნალ ექიმებთან და რამდენიმე განყოფილების გამგესთან. გავიარეთ მკურნალობის კურსი, ასევე დავსახეთ გეგმა შემდეგი ტესტირების, როდის და რა უნდა გაკეთდეს. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ოპტიმალური მკურნალობა მიმდინარეობს. მთელი ბრიგადაა, სხვადასხვა პროფესიის ექიმები არიან, ნევროპათოლოგები, შინაგან სნეულებათა ექიმი, გასტროენტეროლოგი, ქირურგი და ა.შ,“ – ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share