რუსეთმა ფინეთში ელექტროენერგიის ექსპორტი შეაჩერა, – ამის შესახებ ფინურმა ოპერატორმა Fingrid-მა CNN-ს განუცხადა.
Fingrid-ის ენერგეტიკული სისტემის ოპერაციების უფროსი ვიცე-პრეზიდენტის, რეიმა პეივინენის თქმით, ექსპორტის შეჩერებას არანაირი გავლენა არ მოუხდენია ბაზარზე და რომ ფინეთი „გაუმკლავდება“ შეწყვეტას, რადგან რუსული ელექტროენერგია ქვეყნის მთლიანი მოხმარების მცირე ნაწილს შეადგენს.
„ამასთან, ზაფხულში ნაკლები ელექტროენერგია დაგვჭირდება”, – განაცხადა პეივინიენმა და დასძინა, რომ დარწმუნებულია, ქვეყანას ზამთარში სერიოზული პრობლემა არ შეექმნება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფინეთის ლიდერებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებას გეგმავს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ფინეთის გადაწყვეტილება „ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში რადიკალურ ცვლილებად“ შეაფასეს და საპასუხო ზომების მიღებით დაიმუქრნენ.