უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის იზიუმის მიმართულებით კონტრშეტევა დაიწყეს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ხარკოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.
„ყველაზე ცხელი წერტილი არის იზიუმის მიმართულება. იქ ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა წამოიწყეს. მტერი ზოგიერთი მიმართულებით უკან იხევს და ეს ჩვენი შეიარაღებული ძალების ხასიათის შედეგია“, – აღნიშნა მან.
ამასთან, ოლქში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას გუბერნატორმა განაცხადა, რომ ჩუგუევი, დერგაჩი, ლოზოვაია და ოლქის სხვა დასახლებები მტრის სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვას განიცდიან.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსების მიერ დატოვებული ნაღმების გამო, ჯერჯერობით ძალიან საშიშია ოკუპანტებისგან ახლახან გათავისუფლებულ სოფლებსა და ქალაქებში დაბრუნება.
„მტერმა, უკან დახევისას, დანაღმა თითქმის ყველაფერი: ეზოები, საბავშვო ბაღები, საბავშვო საწოლებიც კი, ტყეები, გზისპირა ტერიტორიები. განაღმვითი სამუშაოები გრძელდება“, – განმარტა სინეგუბოვმა.
მისი თქმით, ახლად გათავისუფლებულ სოფლებში ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება.
„მტერი ჯერ კიდევ არტილერიით სწვდება გათავისუფლებულ დასახლებებს და მიზანში იღებს სამოქალაქო მანქანებსა და ავტობუსებს“, – აღნიშნა გუბერნატორმა