თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, დელავერის რეზიდენციიდან აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას „სიენენი“ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს თქმით, ჯო და ჯილ ბაიდენები დელავერის შტატში, დასახლება რეჰიბოთ ბიჩში მდებარე სახლში ისვენებდნენ, როდესაც აკრძალულ საჰაერო სივრცეში მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი შეამჩნიეს. ინციდენტის გამო, აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ევაკუაცია განხორციელდა.
„მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი აკრძალულ საჰაერო სივრცეში შევიდა. მიღებულ იქნა სიფრთხილის ზომები. პრეზიდენტსა და მის ოჯახს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
მოგვიანებით, მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი უკვე დაბრუნდნენ თავიანთ რეზიდენციაში.
მედიის ცნობით, მომხდარის შესახებ თეთრმა სახლმა პრესას ინციდენტიდან თითქმის ერთი საათის შემდეგ აცნობა.
ამასთან, ოფიციალური პირის ცნობით, აკრძალულ ზონაში თვითმფრინავი შეცდომით მოხვდა და პილოტთან კომუნიკაციის შემდეგ, ის აღნიშნული ზონიდან გაიყვანეს.