„გვაქვს ინფორმაცია, რომ ფერმერების ნაწილი ფიქრობს, არ გაყიდოს თხილი და შეურიონ ახალ მოსავალს რეალიზაციისას, რის რეკომენდაციასაც კატეგორიულად არ ვაძლევთ“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა.
მიზეზად გიორგი თოდუა თხილის მცირე ფასს ასახელებს.
,,სამწუხაროდ, ფერმერების ნაწილს მოსავალი ისევ გაუყიდავი დარჩა, რისი რეალიზაციაც ვერ, ან არ მოახდინეს. ახლა კი, თხილის ფასი ძალიან არის დაცემული ბაზარზე. 1 კგ საშუალო ხარისხის თხილის ფასი 4 ლარს არ აღემატება. გვაქვს ინფორმაცია, რომ ფერმერების ნაწილი ფიქრობს, არ გაყიდოს თხილი და შეურიონ ახალ მოსავალს რეალიზაციისას, რის რეკომენდაციასაც კატეგორიულად არ ვაძლევთ. ეს დააზიანებს ახალ მოსავალსაც“, – აცხადებს თოდუა.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მოსალოდნელ მოსავალზეც ისაუბრა.
„არსებობს გარკვეული ფორმულა, რითაც შესაძლებელია გამოითვალოს როგორი იქნება მოსავალი, მაგრამ ეს ჯერ ცოტა ნაადრევია. თვის ბოლოს გვექნება მეტი ინფორმაცია. მოგეხსენებათ, მაისი კლიმატური თვალსაზრისით არ იყო ისეთი, რომ ახლა მეტი შეგვეძლოს ვთქვათ.
2019-2021 წელი გახლდათ თხილის გადარჩენის პროგრამაზე მუშაობა, რადგან იქამდე ფაროსანამ ფაქტობრივად, გაანადგურა დასავლეთ საქართველოში თხილი. ამიტომ ახლა, სულ სხვაგვარად ხდება წამლობაც და მოვლაც, რა სტანდარტის ზრდასაც მაქსიმალურად ვცდილობთ. არა მხოლოდ იმით, რომ სწორად მოხდეს ნაყოფამდე მიყვანა, შეწამვლა და მოვლა, არამედ აუცილებელია, მოსავლის დროულად დაბინავება და გაშრობის პროცედურების ზედმიწევნით დაცვა, რაც ქმნის ხარისხს. წელს, სწორედ ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, რომ თხილი იყოს მაღალი ხარისხის.
ახლა შენდება 3 საშრობი, 1 გურიაში ლანჩხუთის რაიონში, 2 კი, სამეგრელოში, რომლებიც 10 000 ტონა თხილის გაშრობას შეძლებს, ანუ დაახლოებით 5000 ფერმერს მოემსახურება“, – განაცხადა თოდუამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
ინფორმაციისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში თხილი 30-35%-ით იაფი ღირს.