დაძაბულობა გადაწყვეტილების მოლოდინში – რა მოთხოვნები შეიძლება წაუყენონ საქართველოს კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ

მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს? გადაწყვეეტილების მიღების მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა და მღელვარება სულ უფორ მატულობს. ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაც მძაფრდება. ამის პარალელურად კი ქვეყნის გარეთ ისმის როგორც საქართველოს მხარდამჭერი, ასევე კრიტიკული განცახდებებიც.   

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ხელისუფლების მღელვარება მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირმა მათ გარკვეული მოთხოვნები წაუყენა. ამიტომ მათ არ აქვთ პოზიტიური მოლოდინი და საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობენ. მათი აზრით, მიუხედავად ამ განწყობებისა, არსებობს შანსი, რომ საქართველომ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას მხარს უჭერენ 

ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებმა შეიმუშავეს ერთობლივი განცხადების პროექტი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს განაცხადებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რომელშიც ვკითხულობთ:

„პრეზიდენტთა კონფერენციის სახელით, ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები მიმართავენ წევრი ქვეყნების და მთავრობების ლიდერებს, რომლებიც ორ კვირაში ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა გადაწყვეტილება მიიღონ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სიმამაცე, გაბედულება და ხედვა გაუარესების პროცესში მყოფი საერთაშორისო გარემოს პირისპირ. გეოპოლიტიკური მოცემულობების ცვლილება ჩვენი მხრიდან მოქმედებას მოითხოვს. ამით ვუერთგულებთ ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს.

„უკრაინელები, რომელთა სამშობლოც სასტიკი თავდასხმის ქვეშაა – თუმცა მოლდაველები და ქართველებიც, რომლებიც უფრო ნათელი მომავლისკენ მიილტვიან – ელიან სიგნალს, რომ მათი ადგილი ევროპულ ოჯახშია. ამიტომაც, ეს პალატა მძლავრად მოგიწოდებთ მისცეთ უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკას და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის და (მათი) მიღწევების გათვალისწინებით“.

წარმოდგენილი ტექსტი არის ერთობლივი განცხადების პროექტი და ის კვლავ შეიძლება შეიცვალოს, თუმცა, „რადიო თავისუფლების“ ცნობით, მთავარი საკითხები, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა, ტექსტში უცვლელად დარჩება.

გასათვალისწინებელია, რომ პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების გაერთიანება არ მონაწილეობს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში და მათი მხარდაჭერა მხოლოდ მოწოდებაა ევროკომისიისადმი, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

რატომ ღელავს „ოცნება“ 

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი  ამბობს, რომ მსგავსი მხარდამჭერი განცხადებები ნამდვილად კარგია, მაგრამ ყველაფერი მაინც ევროკავშირის 27 ქვყანაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, ზუსტად არავინ იცის რა პროცესები მიდის და სავარაუდოდ, სიტუაცია საკმაოდ რთულია. თუმცა ის იმედს იტოვებს, რომ გადაწყვეტილება სამივე ქვეყანასთან მიმართებაში დადებითი იქნება და ამ ისტორიულ შანს ჩვენი ქვეყანა გამოიყენებს.

„ქართველები ცოტა ორთქმავლის წინ გავრბივართ და იმაზე ადრე გვინდა გავიგოთ რაღაც, რასაც ისედაც გავიგებთ. არდა იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ რასაც მივიღებთ პასუხს, იმის მერე რა ვქნათ.

„აშკარად ჩანს, რომ ევროკავშირი საქართველოსგან მეტს ელოდება. არ მიაჩნიათ, რომ საქართველო იდიალური კანდიდატია. როგორც კი ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს, მაშინვე  აღფრთოვანებულები შეხვდნენ. რატომ? იმიტომ, რომ ამ ქვეყნებმა  უკვე დიდი ხანია ყველა ის კრიტერიუმი და პირობები დააკმაყოფილეს, რომელიც ნატოში გასაწევრიანებლად არის საჭირო.

„ჩვენთან ასე არ არის,  ჯერ კიდე შორს ვართ კანდიდატის სტატუსისგან და თუ ჩვენ ამ სტატუს მოგვანიჭებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის აგრესია იმდენად თვალში საცემია, რომ შეიძლება რაღაცეებზე თვალი დახუჭო.

„არც ისეთი თავხედები არ უნდა ვიყოთ, რომ მოვითხოვოთ და გულზე მჯიღის ცემით ვიძახოთ – გვეკუთვნის და ჩქარა სტატუსი მოგვანიჭეთო. რთულია, მაგრამ მე მაინც ვვარაუდობ, რომ ისე არ დაგვტოვებენ. უკეთეს შემთხვევაში მოგვცემენ კანდიდატის სტატუს, ოღონდ გარკვეული პირობით. უარეს შემთხევავში იქნება პირობა სტატუსის გარეშე. გვეტყვიან – როცა ამ პირობებს შეასრულებთ, მერე მოგცემთო“, – ამბობს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, ხელისუფლების შეშფოთება და ფორიაქი იძლევა იმის ეჭვს, რომ შესაძლოა მათ ევროკავშირში გარკვეული პირობების შესრულება მოსთხოვეს. ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ მღელვარების მიზეზი შარლ მიშელის ხელშეკრულებაზე დაბრუნება იყოს, ასევე შესაძლო მოთხოვნა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

„ფაქტია, რომ ჩვენს ხელისუფლებას მღელვარება უფრო  და უფრო ეტყობა. კი, ბატონო, ისინიც ნერვიულობენ და ყველა ვნერვიულობთ, მაგრამ მათი ამ ფორიაქის მიზეზი უფრო ის მგონია, რომ  გარკვეული პირობების შესრულება მოსთხოვეს. ვეჭვობ ეს საუბარი მიშელის დოკუმენტს შეეხებოდა და ასევე მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. რა თქმა უნდა, იმას არავინ ეტყოდა, რომ ის გაათავისუფლონ, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობითვე მის მიმართ პატივისცემა იყოს. მოექცნენ როგორც პატიმარს და არა მტერს.

„მართლმსაჯულების მიმართ  მკაფიო პასუხები იყოს  გაცემული. კითხვები იქნებოდა თუნდაც გვარამიას დაპატიმრებაზე, მაინც და მაინც ახლა რატომ გადაწყვიტეს მისი დაკავება.

„ბევრი რაღაც იქნება, რაც ამ პირობებში შევა. ამიტომაც შფოთავენ, რომ მათ უკან დახევა მოუწევთ.

„რაც შეეხება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ეს მოთხოვნა არ მგონია იყოს. ეს უკვე ქვეყნის შიდა საქმეში და  პოლიტიკაში ჩარევაა. ევროპაც ფრთხილობს. ამის გამო რომ რუსეთი მართლა გაღიზიანდეს და ჩვენს ქვეყანას რაღაცა საფრთხე დაემუქროს, ამაზე მერე ევროპამ პასუხი უნდა აგოს. ამიტომ ამხელა რისკზე არავინ წავა. ეს გამორიცხულია. დანარჩენი რაც ვთქვი, იმაზე შესაძლოა საუბარი მიდიოდეს. მოვლენებს უნდა დაველოდოთ. სხვა გზა უბრალოდ არ არის“, – აცხადებს ზაქარეიშვილი.

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი  კახა გოგოლაშვილი კი  ამბობს, რომ ეს არის ევროპარლამენტარი პოლიტიკური პარტიების  განცხადება და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხარს ევროპარლამენტი გვიჭერს. ეს არის რამოდენიმე პარტიის დამოკიდებულება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. უბრალოდ, არ უნდა გავიგოთ ისე, რომ მათ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ.

„პოლიტიკური ჯგუფის ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან საორგანიზაციო საკითხების გადასაწყვეტად. ე.წ. პრეზიდენტების კონფერენცია ჰქვია. ძირითადად აქ ტექნიკურ საკითხებს განიხილავენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უკრაინის, მოლდოვისა და ჩვენი ქვეყნის  მხარდამჭერი განცხადება გააკეთეს.

„ეს ძალიან მისასალმებელი ამბავია. თუმცა აქვე უნდა ავხსნათ, რომ მათ პროცესზე ან გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლიათ. გადაწყვეტილებას ქვეყნები იღებენ და არა ევროპარლამენტში პოლიტიკური პარტიების ლიდერები.

„აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ განცახდებაში არ არის ნათქვამი რამდენმა პარტიამ დაგვიჭირა მხარი. მაგალითად, გამოხატეს თუ არა იგივე მხარდაჭერა „სოციალ-დემოკრატებმა“, რომელიც სიდიდით ევროპარლამენტში მეორეა. ნებისმიერ შემთხვევაში მაინც კარგია, რომ ასეთი მხარდაჭერა გაჟღერდა. სამწუხაროდ, ლიეტუველი და ესტონელი დეპუტატები ჩვენი ქვეყნის მისამართით უფრო კრიტიკულები აღმოჩდნენ. მაინც და მაინც ჩვენ მიმართ როგორ მოხდება ამ პროცესის დასრულება, ოპტიმისტური განწყობა არ ჰქონდათ. თუმცა ესტონეთის ელჩის მხარდამჭერი განცხადება კარგია“, – ამბობს გოგოლაშვილი.

წაუყენეს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას პირობები

გოგოლაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ევროკავშირში რაღაც პირობები წაუყენეს. ხელისუფლების რეაქციებიდან ჩანს, რომ ისინი პესიმისტურად არიან განწყობილი. გოგოლაშვილი ამბობს, რომ „ოცნებას“ რაღაც დაპირება რომ  მიეღო კანდიდატის სტატუსი მინიჭებაზე, მაშინ მათი განწაყობა და ტონი სულ სხვანაირი  იქნებოდა.

„ხელისუფლების განწყობა და მოქმედება გვაჩვენებს, რომ მათ საკმაოდ ცუდი ინფორმაცია აქვთ. ამიტომაც ამ ინფორმაციისთვის რაღაც ბეგრაუნდის შექმნას ცდილობენ – ვიღაცაზე გადაბარლებას და სხვანაირი ფონის შექმნას, რომ ისრები გადაიტანონ და საზოგადოება სხვა მიმართულებაზე  გადართონ.

„ცალსახად ფაქტია, რომ ხელისუფლებას გარკვეული პირობები წაუყენეს. ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა მოთხოვნებზეა საუბარი, მაგრამ არაა გამორიცხული ეს მესამე პრეზიდენტს სააკაშვილსაც ეხებოდეს. ალბათ უთხრეს, რომ რაიმე მოიფიქრეთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი ასეთ მომაკვდავ მდგომარეობაში არ გყავდეთო.

„მთავრობისთვის  ამ ნაბიჯზე წასვლა გამორიცხულია, ამიტომაც მათი  მხრიდან პესიმისტური განწყობა შეიმჩნევა. მხოლოდ ეს პრობლემა არ არის. 2 წლის განმავლობაში ევროკავშირი არაერთ შენიშვნას გვაძლევს. ეს ეხება ასევე  სასამართლოს, რომლის ხელიდან გაშვება ჩვენს ხელისუფლებას არ უნდა. ამიტომ მათი გუნებაგანწყობის ასეთი ცვლილება გასაგებია“, – ამბობს გოგოლაშვილი.

rezonansi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share