“უფრო ქართულად გაშალე ბიჯო, უფრო ქართულად მუუსვი გოგო” – რას იხსენებს ზურა შევარდნაძე

”ნამეტარი ძნელი წარმოსადგენი და დასაჯერებელია მარა ბაღნობაში ვცეკობდი. ოზურგეთში, აბრეშუმის ფაბრიკის კულტურის სახლში დავყავდით დათიკო ბაბუას ჩემი ბიძაშვილი თიკო და მე ქორეოგრაფ ვაჟა ახვლედიანთან, სამშაბათობით და ხუთშაბათობით. მომცრო სცენაზე ვცეკვავდით, გურიის სხვადასხვა სოფლებიდან ბაღნები, თვითონ დარბაზის ბოლო რიგიდან გვაძლევდა შენიშვნებს. ყურებში მიდგას მისი ხმა: “უფრო ქართულად გაშალე ბიჯო, უფრო ქართულად მუუსვი გოგო, უფრო ქართული ბუქნი ქენი, ქართულად დუუარე ქართულად, მხრებში გეიშალე ბიჯო ქართულად, უფრო ქართულად, ქართულად….” გვიყვიროდა ბოლო ხმაზე, იჭაჭებოდა.
ვერაფერს რომ ვერ გახდებოდა გადელდებოდა, გაადენდა რენჩხას სცენაზე უშველებელი გასაღებების ასხმა და გაჩერდებოდა დოლი. ქვეყნის დაქცევას ნიშნავდა მაშინ ეს ჩვენთვის. გარეთ გავიდოდა და ცოტა ხანში ისევ თავის ადგილს დაიკავებდა, დაიწყებოდა დოლი და ისევ თავიდან: “უფრო ქართულად, უფრო ქართულად, ქართულად, ქართულად..” ვერცერთი ჩვენგანი მაშინ ვერ ვხვდებოდით რა უნდოდა.
თითქმის ორმოცი წელი გავიდა, მას მერე ხელიც კი არ გამიშლია, ჩემგან მოცეკვავე სულ არ გამოვიდა, მაგრამ ნელნელა მგონი ვხვდები რას გვთხოვდა. სადაც არ უნდა ვიყო დოლის ხმას რომ გავიგონებ იმწუთას მახსენდება ჩვენი კლუბი და მისი ხმა: “უფრო ქართულად, უფრო ქართულად, უფრო ქართულად, ქართულად, ქართულად..” და მითბება გული.” – წერს ზურა შევარდნაძე.
ფოტო #ზაქარიაჭელიძე
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, ყვავილი, ხე და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share