„პატრიარქმა თუ მოინდომა და გადადგა“ – სინოდის წევრების პასუხი სოსო გოგაშვილს

სინოდის წევრები სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიერ საპატრიარქოში რუსული გავლენებისა და პატრიარქის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.

ახალციხის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე იაკობი ამბობს, რომ გოგაშვილის ბრალდებები სარწმუნო რომ ყოფილიყო, „აუცილებლად გაიგებდა“.

„მეჩვენება, რომ ეს არ არის სარწმუნო ინფორმაცია. არ ვიცი არაფერი, ახლა გავიგე პირველად. არ მიმაჩნია სარწმუნოდ, რომ ყოფილიყო ასეთი რამე, მე გავიგებდი აუცილებლად, იმიტომ რომ სინოდის წევრი ვარ“, – ამბობს მეუფე იაკობი.

თიანეთისა და ფშავ ხევსურეთის ეპისკოპოსი მეუფე მიქაელი ამბობს, რომ პატრიარქის გადაყენებაზე ინფორმაცია „მითქმა-მოთქმაა, ასეთი რაღაც არ არსებობს, ღმერთმა უნდა ინებოს ეს”.

„საიდან გაქვთ ეს ინფორმაციები? არ ვიცი, ვერ გეტყვით. პატრიარქმა თუ მოინდომა და გადადგა, ვინ გადააფიქრებინებს?! ასეთი რაღაც არ არსებობს, არც ყოფილა და არც იქნება, ღმერთმა უნდა ინებოს ეს. მე რომ მოვინდომო, შენ, იმან, ვიღაცებმა, გადავაყენებთ თუ რა? ესეიგი ღმერთზე ძლიერები ვყოფილვართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი არის მითქმა-მოთქმა“, – ამბობს მეუფე მიქაელი.

27 ივლისს სუსის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო გოგაშვილმა ციხიდან კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა.

განცხადებაში, რომელსაც გოგაშვილი ასათაურებს „რუსული ოცნება VS ქართული ეკლესია“, სხვა საკითხებთან ერთად საუბრობს პატრიარქზე და აცხადებს, რომ „ეფ ეს ბე“-ს გავლენის აგენტებს აქვთ დავალება საქართველოში მოახდინონ პატრიარქის სასურველი კანდიდატით ჩანაცვლება.

ამასთან, სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი წერილში აცხადებს, რომ 2020 წელს პირადად შეხვდა პატრიარქს და დეტალებში მოუყვა მასთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეების შესახებ და დაანახა მზაობა შეეჩერებინა ეს ყველაფერი, რაზეც პატრიარქმა მას უთხრა: ,,იოსებ, შვილო ნუ დაეჯახები მათ, დიდი შური იციან და ამისათვის არ მემეტები”.

ამასთან, გოგაშვილი ამბობს, რომ მეუფე იაკობმა ის გააფრთხილა ლიკვიდაციის თაობაზე, რომელსაც ხელისუფლება გეგმავდა, რაც დავალებული ჰქონდა ქისტ „ქილერს”, როგორც გოგაშვილი აცხადებს, მისი დასკვნით, შემდეგ ამას მაჩალიკაშვილს დააბრალებდნენ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share