ივანიშვილის საიდუმლო ბუნკერი და დღის წესრიგი – რა წერია სუს-ის ფაილებში

შაბათის ფორმულამ მოიპოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო ფაილები, რომლითაც დგინდება რომ ქართული ოცნების დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს უსმენენ და უთვალთვალებენ. სუს-ის დოკუმენტებში დეტალურადაა აღწერილი, ოლიგარქის დღის რეჟიმი, გაშიფრულია მისი შიშები და ფობიები, ასევე შესწავლილია მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი.

ფაილებიდან ირკვევა, რომ ივანიშვილი იღვიძებს 9-დან 10 საათამდე. საუზმეზე იღებს მხოლოდ ხილს; შემდგომ სამუშაოდ მიდის კაბინეტში. მუშაობის მერე დაახლოებით 2-საათამდე სეირნობს რეზიდენციის ეზოში, ვარჯიშობს ერთი საათი. სადილის შემდეგ სძინავს ორი საათი. შემდგომ მუშაობს ისევ კაბინეტში. ვახშმის შემდეგ იმყოფება კვლავ კაბინეტში. იძინებს დაახლოებით 12 საათისთვის – დღის რეჟიმი უცვლელია.

სუს-ის არქივიდან გამოტანილ დოკუმენტებში იპოვით ყველაფერს – მისი დღის განრიგიდან დაწყებული – განხორციელებული სატელეფონო ზარებით დამთავრებული. ცნობილია, რომ კვების რაციონიდან ოლიგარქს უამრავი საკვები აქვს ამოღებული. წყალი და ზოგიერთი პროდუქტი კი პირდაპირ საფრანგეთიდან ჩამოსდის. შაბათის ფორმულამ სუს-ის მასალებში არსებული ინფორმაციის სიზუსტე, ივანიშვილის ყოფილ თანამებრძოლებთან გადაამოწმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოტანილი დოკუმენტი ივანიშვილის პიროვნების აღწერით იწყება. მას ახასიათებენ კარჩაკეტილ პიროვნებად, რომლისთვისაც ყოველდღიური რეალური ყოფა-ცხოვრება უცხოა და რომელსაც კონკრეტული მოვლენებისადმი არაადეკვატური დამოკიდებულება გააჩნია. მასალებში ხაზგასმით წერია, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი აფასებს დამსმენ და ჭორიკანა ადამიანებს.

“ივანიშვილი არის ძალზე ეჭვიანი პიროვნება. ეჭვის თვალით უყურებს მის გარშემო მყოფ პირებს. დაძაბული ურთიერთობა გააჩნია საკუთარ და-ძმებთან. მათ როგორც მდაბიოებს ისე უყურებს. ხშირად უცენზურო გამონათქვამებსაც არ იშურებს მათ მიმართ. წარსულში ახლო ურთიერთობები გააჩნდა საკუთარ სანათესავოსთან, რომელთანაც მხოლოდ ანგარიშვალდებულებით შემოიფარგლება. აღნიშნულ კატეგორიას ივანიშვილი, როგორც საკუთარ მოახლეებს ისე უყურებს, რომელთა ყიდვაც შეუძლია ნებისმიერ დროს”, – წერია დოკუმენტებში.

4-გვერდიან დოკუმენტში ერთი თავი მთლიანად ივანიშვილის უსაფრთხოებას ეთმობა. ირკვევა, რომ იმ დროს, როცა მის შესახებ სუს-ში ცნობები გროვდებოდა, ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახური ზუსტად იმავე პრინციპებით იყო აწყობილი, როგორც პრეზიდენტის. პირადი დაცვის შემადგენლობაში კი შედიოდნენ სპეციალური ქვედანაყოფების გამოცდილი მებრძოლები, რომელთაც სპეციალური დანიშნულების რაზმებში მუშაობის სერიოზული გამოცდილება გააჩნდათ. სავარაუდოდ, პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩენის შემდეგ, მისი პირადი უსაფრთხოების მექანიზმები კიდევ უფრო აქტიურად ამუშავდა, მათ შორის მის რეზიდენციებში.

სუს-ის არქივიდან გამოჟონილ ამ დოკუმენტში წერია, რომ ჭორვილაში მდებარე რეზიდენცია, უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. ამ მასალების მიხედვით, აქ მიწისქვეშ განთავსებულია ბეტონის ბუნკერი, მეტალის კარითა და საიდუმლო გვირაბით. საიდუმლო გვირაბი დაახლოებით 300 მეტრისაა და მისი მეშვეობით რეზიდენციის შეუმჩნევლად დატოვებაც არის შესაძლებელი. მასალების მიხედვით, მიწისქვეშა ბუნკერში, რომელსაც ავტონომიური ელექტროენერგია და ჟანგბადის მიწოდების დანადგარები გააჩნია, 90 დღის სამყოფი საკვებია განთავსებული.

ფორმულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share