საქართველოს ექსპრეზიდენტის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის უმცროსი ვაჟი, ნიკა სააკაშვილი მამის შესახებ საუბრობს.
როგორც ნიკა სააკაშვილი ამბობს, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა მანაც ფეისბუქიდან გაიგო, როგორც ყველამ. მამის დაკავება მოულოდნელი არ ყოფილა. თუმცა არ მოელოდა, რომ პროცესი ამდენ ხანს გაგრძელდებოდა.
„რომ ჩამოვიდა, ეს “ფეისბუქიდან” გავიგე. მაშინ ონლაინ სკოლა იყო კოვიდის გამო, მაგრამ საერთოდ ვერ ვსწავლობდი, რადგან ძალიან ემოციებში ვიყავი. ის, რაც მოხდა, დიდი ცვლილება იყო ჩემთვის ემოციურად.
ზოგადად მიშა ყოველთვის საზღვარგარეთ იყო ხოლმე და მე ვიყავი საქართველოში. ახლა აქ ვნახულობ, ეს კარგია ჩემთვის, მასთან საუბრის შემდეგ ვიზრდები ადამიანურად. ჩემი აზრით, მიშას ჰქონდა ძალიან წარმატებული პოლიტიკური კარიერა, მინუსებით და პლიუსებით.
დაკავება მოულოდნელი არ იყო, მაგრამ ამდენი ხანი რომ იქნებოდა ასეთ მდგომარეობაში, არ მეგონა. მეგონა, რომ საზღვარგარეთ მაინც გადაიყვანდნენ სამკურნალოდ. ჩაუქრა ეს პოლიტიკური ცეცხლი და სხვა რამეებით დაკავდა.
ციხეში ნახვა ძალიან რთული იყო. თვითონ ის ფაქტი იყო ძალიან რთული, რომ ციხეში მოხვდა. ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი ის იყო, როდესაც მივედი ციხეში და შუშის იქით დავინახე და ტელეფონით ვესაუბრებოდი. ძალიან რთული იყო. შემდეგ ძალიან ემოციური იყო როცა კლინიკაში მივედი და ჩავეხუტე.
მე ჩემს ცხოვრებაშიც მაქვს ჩემი სირთულეები, მაგრამ მაინც ოჯახი რომ არ არის კარგად ძალიან დამაზარალა ამან. რატომ არის ციხეში მიშა და ახლა კლინიკაში ეს პოლიტიკური მიზეზებია“, – ამბობს ნიკოლოზ სააკაშვილი “მთავარ არხთან” საუბარში.