საბჭოთა საკულტო ფილმ „ბრილიანტის ხელში“ არის ერთი პერსონაჟი, რომელსაც „მიხალივანიჩს“ უწოდებენ. ვითომ ტაქსის მძღოლი, რომელიც უშიშროების ორგანოებმა მიუჩინეს იური ნიკულინის გმირს მას შემდეგ, რაც ის კრუიზიდან დაბრუნდა. როგორც ცნობილია, პუტინის თანამშრომლები, რომლებსაც ის ჯერ კიდევ სანქტ-პეტერბურგიდან ახსოვთ, თვალების ფერის გამო მას „მიხალივანიჩს“ ეძახიან. მე კი მგონია, რომ პუტინმა თავად დაირქვა „მიხალივანიჩი“ მისთვის ჩვეული სპეციფიკური იუმორით, როცა ჯერ მიჩენილ მძღოლად მუშაობა მოუწია დისიდენტ და პოლიტიკოს გალინა სტაროვოიტოვასთან, შემდეგ კი პოპულარულ პოლიტიკოსთან და სანქტ-პეტერბურგის მერთან, ანატოლი სობჩაკთან.
ამბობენ, გამჭრიახმა გალინა სტაროვოიტოვამ საკმაოდ სწრაფად განჭვრიტა, ვინ იყო პუტინი. მას შემდეგ, რაც სტაროვოიტოვამ ის მოიშორა, პუტინი გადაამისამართეს საკუთარ თავში შეყვარებულ გულუბრყვილო სობჩაკთან. სწორედ გადაამისამართეს. უშიშროებაში პუტინის კოლეგამ, ვიქტორ ჩერკესოვმა, ინტერვიუში ერთხელ გაუფრთხილებლად ახსენა, რომ პუტინი სობჩაკთან „გაგზავნა“ კგბ-ს ლენინგრადის სამმართველომ. ეს იმას ნიშნავს, რომ სტაროვოიტოვასთანაც „გაგზავნეს“, მაგრამ ვერ მოიკიდა ფეხი.
თავიდან პუტინი სობჩაკთან საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობდა, მაგრამ საკმაოდ მალე გააფორმეს მრჩევლად, ხელფასიც დაუნიშნეს. კგბ-ში მუშაობის ფორმალურად შეწყვეტის შემდეგ (1991 წ. 20 აგვისტო) სულ რაღაც ნახევარ წელიწადში პუტინი სობჩაკის მეზობელ კაბინეტში იჯდა. ახალგაზრდა პუტინის კარიერა ელვის სისწრაფით ვითარდებოდა. 1993 წელს სობჩაკი, როცა მივლინებებში მიემგზავრებოდა, უკვე პუტინს ტოვებდა თავისი მოვალეობების შემსრულებლად. სობჩაკი პირველ რიგში პოლიტიკოსი იყო, მას არ აინტერესებდა და არ ესმოდა ქალაქის ეკონომიკა. სწორედ ეს საკითხები აიღო საკუთარ თავზე პუტინმა. თავით გადაეშვა საქმეში. თუ რაში მდგომარეობდა ეს საქმე, ამის შესახებ ხატოვნად საუბრობდა რადიო თავისუფლების რუსული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში ბიზნესმენი მაქსიმ ფრეიდზონი. ის აღწერდა, როგორ აძლევდნენ პუტინს ქრთამებს მისი თანაშემწის, ალექსეი მილერის მეშვეობით. თავად პუტინი კი შეხვედრებისას, სპეცსამსახურების თანამშრომლებისთვის ჩვეული მანერით წერდა ქაღალდზე თანხის რაოდენობას…
ფრეიდზონი დაწვრილებით ჰყვება პეტერბურგელი ჩინოვნიკების, მათ შორის პუტინის, და დანაშაულებრივი დაჯგუფებების ერთობლივ მონაწილეობაზე პეტერბურგის მრეწველობისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ყველაზე გემრიელი აჭრების პრივატიზაციის პროცესში. მოგვიანებით რუსეთის დატოვების შემდეგ სხვა პეტერბურგელი ბიზნესმენებიც ჰყვებოდნენ ჩინოვნიკ პუტინის სიხარბეზე.
ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ სობჩაკი 1996 წელს არჩევნებს წააგებდა. მისი საარჩევნო შტაბის უფროსი ვოლოდია პუტინის ნაცვლად ვინმე სხვა რომ ყოფილიყო, სობჩაკს შეიძლება გაემარჯვა კიდეც. ქალაქში სხვა ხალხი მოვიდა ხელისუფლებაში, პუტინი კი მოსკოვში წავიდა.
1998 წლის 25 ივლისს პუტინი მშობლიურ გარემოს დაუბრუნდა: ის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ფსბ) დირექტორი გახდა.
პეტერბურგში პირველადი გამდიდრების ბობოქარი წლების შემდეგ პუტინი მოსკოვში ხაზგასმით მოკრძალებულ ცხოვრებას ეწეოდა. იყო შემსრულებელი, ინიციატივიანი, აქტიურად ასრულებდა უფროსობის სურვილებს. ხელმძღვანელობამ კი 1991 წლის პუტჩის შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ კგბ კანონგარეშე გამოეცხადებინა, მისი თანამშრომლები კი ლუსტრაციას დაექვემდებარებინა, რატომღაც ირწმუნა ჩეკისტების „სუფთა ხელებისა და მხურვალე გულებისა“ და შიდა პოლიტიკის, განსაკუთრებით საკადრო პოლიტიკის გატარებაში აქტიურად ემყარებოდა ლუბიანკელებს. საჭირო გახდა გენერალური პროკურორი სკურატოვისთვის დარტყმის მიყენება? პუტინი იქვე იყო გამზადებული. საჭირო იყო სობჩაკის არალეგალურად გაყვანა უცხოეთში, როცა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა? ისევ დაუძახეს პუტინს, რომელმაც ყველაფერი უმაღლეს დონეზე მოაგვარა (თუმცა კანონი დაარღვია).
ლუსტრაცია არ არის საშინელი რეპრესია, როგორც ეს წარმოუდგენიათ ხოლმე. ეს მხოლოდ და მხოლოდ არის სპეცსამსახურების (ამ შემთხვევაში კგბ-ს) თანამშრომლებისთვის სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვა. ბორის ელცინს რომ ლუსტრაცია გაეტარებინა (როგორც მას ეხვეწებოდნენ მისი ამხანაგები დემოკრატიული ბანაკიდან, იგივე სტაროვოიტოვაც), პუტინს, ცხადია, არ ექნებოდა ხელისუფლების უმაღლეს მწვერვალებამდე მიღწევის შანსები. მაგრამ არავითარი ლუსტრაცია არ მომხდარა და 1999 წლის ივლისში, ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, ელცინმა გადაწყვიტა, პუტინი თავის მემკვიდრედ გამოეცხადებინა.
1999 წლის 9 აგვისტოს ბ. ელცინმა ქვეყნისადმი სატელევიზიო მიმართვაში გამოაცხადა, რომ ფსბ-ს დირექტორ ვლადიმირ პუტინს ნიშნავს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად. ამასთან, მიკიბ-მოკიბვის გარეშე თქვა, რომ სწორედ პუტინს ხედავს თავის მემკვიდრედ. გამოსვლაში ელცინმა ახსენა პუტინის „უზარმაზარი გამოცდილება სახელმწიფოებრივ საქმიანობაში“, რაც არ იყო სიმართლე. მაგრამ ელცინმა სწორი თქვა, როცა განაცხადა, რომ რუსეთი ახალ პოლიტიკურ ეტაპზე გადავიდა. თუმცა, ცხადია, მიახლოებითაც არ შეეძლო იმის წარმოდგენა, რა მოელოდა რუსეთს პუტინის მმართველობისას და რამდენად გაიჭიმებოდა ეს ეტაპი. პუტინის დასახელება მისი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ელცინი, რომელმაც ბოლო მოუღო საბჭოთა „ბოროტების იმპერიას“, დაიწყო რეფორმები ცხოვრების ყველა სფეროში და აჩვენა, რას ნიშნავს ნამდვილი თავისუფლება, ისტორიის სახელმძღვანელოებში შევა როგორც ადამიანი, რომელმაც პუტინი მოიყვანა ხელისუფლებაში. სამწუხაროდ!
ფსბ-მ თანდათან ქვეყანაში ყველაფერი ჩაიგდო ხელში, ჩეკისტები აკონტროლებდნენ სახელმწიფო ცხოვრების ყველა სფეროს: ეკონომიკიდან კულტურამდე, სასამართლოებიდან ყველა დონის არჩევნებამდე. საბოლოოდ ფსბ გახდა მფლობელი ყველაზე კორუმპირებული ვერტიკალისა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურის ბირთვია. იმიტომაც იქცა ალექსეი ნავალნი პუტინის ნომერ პირველ მტრად, რომ მან ხელი აღმართა თავად ამ შემაკავშირებელ ელემენტზე, სახელმწიფოს მთავარ საყრდენზე. პუტინის იმის კი არ ეშინია, რომ ნავალნი პრეზიდენტი გახდება (არჩევნები დიდი ხანია იქცა ზემოდან მართულ პროცესად, ამჟამინდელი რეჟიმის პირობებში ნავალნის ხელისუფლებაში მოსვლის არავითარი შანსი არა აქვს და არც ჰქონია). მაგრამ ნავალნი და მისი მრავალრიცხოვანი თანამოაზრეები ებრძოდნენ საძირკველს, რომელზეც დგას რუსეთი – კორუფციას. ამ საძირკვლის დანგრევით სახელმწიფო დაიფშვნება.
მაგრამ კორუფცია იდეოლოგია არ არის, ის პრაქტიკაა. პუტინს იდეოლოგიაც აქვს. 22 წლის განმავლობაში პუტინმა რუსეთი სრულფასოვან ფაშისტურ სახელმწიფოდ აქცია. ფაშიზმის ყველა ნიშანი სახეზეა. უკიდურესი ხარისხის ავტორიტარიზმი, სახელმწიფოს როგორც კორპორაციის მოწყობა, სადაც ხელისუფლების ყველა შტო (მათ შორის საკანონმდებლო და სასამართლო) იმართება უზენაესი მმართველის მიერ, ერთი ერის სხვების მიმართ უპირატესობის იდეა, ახალი ტერიტორიების დაპყრობისკენ სწრაფვა, ტოტალური პროპაგანდა, რომელიც მოსახლეობას არწმუნებს, რომ ქვეყანა ალყაშია, ნებისმიერი ოპოზიციისა და სიტყვის თავისუფლების განადგურება, ტრადიციის კულტი, მაჩიზმი და არასტანდარტული სექსუალური ქცევის მიუღებლობა… უმბერტო ეკო ფაშიზმის ნიშნების თავის სიას უკანასკნელ პუნქტად კიდევ ამატებდა „ახალი ენის გამოყენებას“. პუტინისეული ახალი ენის შესახებ ცალკე სტატიის დაწერა შეიძლება. აი, უკანასკნელი კვირების მონაპოვარი: ზაპოროჟიეს აეს-ი კი არ დაიპყრეს, არამედ „დაქვემდებარებაში გადაიყვანეს“, უკრაინის ქალაქების ოკუპაცია კი არ მოახდინეს, არამედ „გაათავისუფლეს“ და, რაც განსაკუთრებით პიკანტურია, ანტიფაშისტებს ფაშისტები ეწოდებათ.
საბედნიეროდ, რუსეთის ისტორიაში პუტინის პერიოდი სრულდება. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, ამას ამჩნევს გარეშე დამკვირვებელიც, ამას აცნობიერებენ პუტინის უახლოესი თანამებრძოლებიც. საკმარისია შეხედო იმ ჩინოვნიკების სახეებს, რომლებიც პუტინის გამოსვლებს უსმენენ სხვადასხვა, დიდ და პატარა დარბაზში (პუბლიკა განსაკუთრებით მოწყენილი იყო „ახალი ოლქების მიერთების“ სიურრეალისტური ცერემონიისას).
დადგა შეჯამების დრო. და იმიტომ არა, რომ იუბილარი დღეს მრგვალ თარიღს აღნიშნავს. არამედ იმიტომ, რომ იუბილარმა თავი მთლიანად ამოწურა. ის აშკარად იმყოფება თავისი გზის ბოლოში. ის ყრუდ არის ჩაკეტილი თავის საინფორმაციო ბუშტში, საკუთარ, რეალობისგან დაშორებულ სამყაროში ცხოვრობს და ვერაფერს სთავაზობს ვერც საზოგადოებას, ვერც სახელმწიფოს და იმ ხუნტასაც კი ვერა, რომელიც გარშემო შემოეზარდა.
ამჟამინდელი იუბილარის მიერ ასე დაფასებულმა სკკპ ცკ-ს გენერალურმა მდივანმა იური ანდროპოვმა 70-ს ვერ მიაღწია. ნიკიტა ხრუშჩოვი მას შემდეგ გადააყენეს, რაც პომპეზურად იზეიმა 70 წელი. „დავიღალე, მივდივარ“, თქვა ელცინმა, როცა ის 68 წლის იყო. მან გადაწყვიტა, გზა დაეთმო ახალგაზრდებისთვის (პუტინისთვის). მიბაძავს თუ არა პუტინი საკუთარი წინამორბედის მაგალითს? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ მას მოცელავს ომი, რომელიც მან, სამყაროზე თავისი მცდარი შეხედულებების ტყვეობაში მყოფმა, ყველა ჩვენგანისთვის საუბედუროდ გააჩაღა. პირდაპირ ვთქვათ, რუსეთის დიქტატორის ბედი ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელშია. და, როგორც ჩანს, ის ამას ხვდება.
პუტინი, რა თქმა უნდა, ემპათიას მოკლებული ბოროტმოქმედია, მაგრამ მაგრამ მას სურდა ხანმოკლე და არა სისხლიანი ომი, სისხლის მდინარეები დანამდვილებით არ შედიოდა მის გეგმებში. მაგრამ როცა აღმოჩნდა, რომ ომი ხანგრძლივი იქნება, მან, როგორც ჩანს, გადაწყვიტა ეს ომი იმდენად სისხლიანად ექცია, რომ ადრე თუ გვიან ყველას დაეყვირა: გვეყო სისხლი და ჯოჯოხეთი, მშვიდობა გვინდა ნებისმიერ ფასად! ფასს კი პუტინი დაადგენდა.
ახლა სიტყვებში ის მშვიდობისთვის მთავარი მებრძოლია, სამშვიდობო მოლაპარაკებებს ითხოვს. სურს სიკვდილი შეაჩეროს. ჩივის, რომ მასთან არავის სურს მოლაპარაკებები. მაგრამ ეს მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ მისმა უბადრუკმა მხედრობამ უმტყუნა. „მსოფლიოს მეორე არმია“ მუყაოს დეკორაცია აღმოჩნდა, როგორც ყველაფერი, რაც აღმართა პუტინმა რუსეთში თავისი მმართველობის თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში. რაღაცაში მართალია: ომის შეწყვეტა სწორედ მასზეა დამოკიდებული. ის არის ერთადერთი, ვისაც შეუძლია ყველაფრის შეჩერება, სულ რამდენიმე დღეში. მაგრამ, აი, საფასურთან დაკავშირებით ცოტა სხვანაირად გამოვიდა. ამ საფასურს ახლა ვეღარ გაქაჩავს.
ომი მის საბოლოო დამხობასთან ერთად დასრულდება.
რადიო თავისუფლება